ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან მე-6 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვალებამდე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ,,სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო გუშინ მძიმე მდგომაროებაში დღეს გარდაიცვალა. ის 83 წლის, იყო, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი. ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 485-ს შეადგენს.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 31 მარტიდან კი, კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები