ახალი ამბები
ქარზმანის მოსახლეობა დე-ფაქტო ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქარზმანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, განსაკუთრებით, ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც პროდუქტების საყიდლად ქალაქ ჯავაში წასვლას ვერ ახერხებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის ონლაინ გამოცემის ცნობით, სოფელში სტუმრად რაიონის ხელმძღვანელი, ასევე, შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდა.

გამოცემა წერს, რომ ქარზმანის მოსახლეობის დიდი ნაწილი სპეციალური საშვების წყალობით საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე წავიდა. სოფელში კი, ძირითადად ასაკიანი ადამიანები დარჩნენ:

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საჩხერის რაიონის სოფელ პერევთან არსებული გამშვები პუნქტი თებერვალში ჩაიკეტა. პერევის მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა საჩხერის რაიონში გადასვლას ვეღარ ახერხებს.

,,უმრავლესობა განსაკუთრებულ სირთულეებს არ განიცდის, მაგრამ სოფლის მოსახლეობას შორის არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ქალაქში გამგზავრებას ვერ ახერხებენ, ამ პრობლემით მათ რაიონის ხელმძღვანელობას მიმართეს "- აცხადებს ჯავის რაიონის გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ,,რესსთან" საუბარში.

პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიოევი მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

"რაიონის ხელმძღვანელმა ასევე გადაამოწმა ამბულატორიული კლინიკის მდგომარეობა. მოიკითხა მედიკამენტების საჭიროება. სინაგურის ამბულატორიული კლინიკის ექიმმა თამარა გაბარაევამ თქვა, რომ ამ მომენტში მათ მედიკამენტები არ აკლიათ. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული პაციენტები არ ყავთ" - ხაზს უსვამს პრესსამსახური.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები