ახალი ამბები
გორელ მეყვავილეს თვითდასაქმებულის ცნობა ჭირდება
ლენა შოშიაშვილს იმედი არა აქვს, რომ მას იმ დახმარებას მისცემენ, რომელსაც მაისიდან მთავრობა თვითდასაქმებულებისთვის გასცემს. ამის შესახებ Qარტლი.გე-ს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გარემოვაჭრეების დიდი ნაწილი, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული არაა.

ამ ინფორმაციას აგრესიით ხვდება ავტოსადგურის დირექტორი ალექსანდრე სამხარაძე. იგი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ მის კერძო ბიზნესში სხვები ჩაახედოს.

იხდის თუ არა გადასახადს ავტოსადგურის დირექტორი, ეს მაისში გაირკვევა, როდესაც მეყვავილე ლენა შოშიაშვილის დახმარების დრო დადგება. მანამდე, ლენა შოშიაშვილი და სხვა მოვაჭრეები ცნობის აღებას ელოდებიან:

" მე არ მინახავს პირადად, მაგრამ როგორც სხვა გარემოვაჭრეებმა მითხრეს. ავტოსადგურის დირექტორს უარი უთქვამს. ცნობას ვერ მოგცემთო, რადგან ხელშეკრულებები არ გაქვთო.

ყოველდღიურ გადასახადს, 21 ლარს ვიხდით მეყვავილეები. ხან ორი ვმდგარვართ და 11 ლარი გადაგვიხდია. თუ მეტნი ვართ მეტს ვიხდით. ამ თანხას ავტოსადგურის დირექციას ვუხდით. დახლები ისე აგვიშალეს არც გაგვაფრთხილეს. ისიც არ ვიცი სად წაიღეს ძველი კონსტრუქცია. ბევრი ყვავილი გადავყარე, გამიფუჭდა. ჯერჯერობით ასე ვდგავარ ქუჩაში, მინდოდა მოვგროვილიყავით ყველა მეყვავილე, რომ მოგვეთხოვა აქ დადგომა." - ამბობს ლენა შოშიაშვილი.

ავტოსადგურის დირექტორის შვილი, სოსო სამხარაძე ამბობს, რომ დაინტერესებულმა პირებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ:

"არ ვიცით, რა სახის ცნობები უნდა გავცეთ. ან იმ ცნობაში რა უნდა დავწეროთ. როგორც ვიცი მათ ჩვენს მიერ გაცემული ცნობა არ სჭირდებათ. შეუძლიათ თვითონ მიმართონ შემოსავლების სამსახურს. ჯერ ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ზუსტი მითითებები ჩვენ არ გვაქვს. გარკვევის პროცესში ვართ. 18 მარტის შემდეგ ავტოსადგური დაკეტილია. ჩვენი თანამშრომლები იქ არ იმყოფებიან" - განაცხადა სოსო სამხარაძემ.

რას ითვალისწინებს თვითდასაქმებულის დახმარება

თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

კორონავირუსის ეპიდემიის დროს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის დროს ბევრი თვითდასაქმებული სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. ამის გამო, მთავრობამ თვითდასაქმებულისათვის კონპენსაცია 300 ლარის ოდენობით განსაზღვრა.

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალსი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი.

თვითდასაქმებული პირები იყოფა 2 კატეგორიად:

• ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში.

• ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდათ
შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა და არ იხდიდნენ კუთვნილ გადასახადებს.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კონპენსაციის მიღება უფრო გამარტივებული იქნება და მათ არ დაჭირდებათ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა.

შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:

•მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს;
•მეწარმე ფიზიკურ პირებს;
•პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (თონეები,სალონები, ავტო-ტექ მომსახურებები)
•მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები
• ინდივიდუალური მეწარმეები

ამ კატეგორიის პირებისათვის არაუგვიანეს 2020 წლის 21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე გაიხსნება განაცხადის ფორმა, სადაც კონპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები.
განაცხადის შევსებიდან არაუგვიანეს 10 დღისა საკომპენსაციო თანხა ირიცხება მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები