ახალი ამბები
გორში ,,გეორგია XXI" სავარაუდოდ 5 მაისს გაიხსნება
გორში ,,გეორგია XXI", სავარაუდოდ, 5 მაისს გაიხსნება, ამის შესახებ Qartli.ge-ს ბაზრის დირექტორმა ნუგზარ აწკარუნაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამშაბათამდე სპეციალური კომისია ეწვევა, რომლის წევრები ბაზრის მდგომარეობას შეისწავლიან. სამშაბათამდე კი ადმინისტრაცია ყველა იმ სამუშაოს ატარებს, რაც ნებართვის მისაღებადაა საჭირო. თუ კომისიის წევრებს ბაზრის მდგომარეობა მოეწონათ, მაშინ გახსნის უფლებას მისცემენ.

"კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩვენი ბაზარი თვეზე მეტია, რაც დაიხურა. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. მივიღეთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო წერილი და, აქედან გამომდინარე, ჩვენც შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. პირველად ვართ ამ მდგომარეობაში და ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. მოდის ხელმძღვანელობა გუბერნიიდან, მერიიდან, სურსათის უვნებლობის სამსახური და გვაძლევენ რეკომენდაციებს. " - აცხადებს ნუგზარ აწკარუნაშვილი.

ბაზრის დირექტორი ასევე თვლის რომ მათ მიერ გატარებული ზომები საკმარისი უნდა აღმოჩნდეს სპეციალური კომისიისათვის:

"შემოსასვლელ კარზე გვითხრეს, რომ პატარაა და უნდა გავაფართოვოთ. ხვალ ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ, რათა დაცული იყოს შემომსვლელებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია. გვაქვს თერმომეტრები, აქ მოვაჭრეებს გავუზომავთ ტემპერატურას. დაზუსტებით არ ვიცი მოგვცემენ თუ არა მუშაობის ნებართვას, მაგრამ ვფიქრობ სამშაბათს გავიხსნებით. გვირეკავენ და გვეკითხებიან, როდის გაიხსნება ბაზარი, იმიტომ რომ სახლში ჯდომა ფინანსურ კრიზის იწვევს, ამ ხალხს გაუჭირდა ეკონომიურად, არსებული სიტუაციის გამო. ჩვენ მზად ვართ და როგორც ზედა ბაზარი გაიხსნა ალბათ ჩვენც გავიხსნებით. მოგვცა გუბერნატორმა შენიშვნები და უნდა გავითვალისწინოთ" - ამბობს აწკარუნაშვილი.

ნუგზარ აწკარუნაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საბითუმო ბაზარი, სადაც სოფლიდან ჩამოსული გლეხები ვაჭრობენ, ცალკე გამოიყოფა.

"აქ არის კიდევ საბითუმო ბაზარი, რომელსაც ცალკე შესასვლელი აქვს. აქედან შემოსული მყიდველი, როგორც ადრე ხდებოდა, პირდაპირ საბითუმო ბაზარზე ვერ გადავა. უნდა შემოუაროს უკანა მხრიდან. რაც შეეხება ოცდამეერთეს მაღაზიას, აქ 2 ან 3 ადამიანზე მეტს არ უშვებენ. პერიოდიც ისეთია, რომ ბევრი ხალხი არ დადის ბაზარში, რადგან ჯერ არ არის ხილი მასიურად შემოსული, ისე რომ კონტიგენტი არ იქნება დიდი და დისტანციის დაცვაც არ გაგვიჭირდება." - განმარტავს ბაზრის დირექტორი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები