ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის გავრცელების პირობებში სამხედრო აღლუმი გამართეს
7 მაისს ე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია. დადასტურებული პირველი შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საზღვარი მსოფლიოს 62 ქვეყანას დიდი ხანია ჩაუკეტა. ყველაზე მეტად, დე-ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსს საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან შესული მოქალაქეებისგან ელოდებოდა.

ამ ფონზე, ანატოლი ბიბილოვი ამაყობდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთადერთი რესპუბლიკაა კავკასიაში, სადაც კორონავირუსი არ გავრცელებულა. ის პარალელს საქართველოში ეპიდემიის მასშტაბთან ავლებდა და ამ მოტივით საგუშაგოების ჩაკეტვას სრულად ამართლებდა..

საქართველოს ხელისუფლება კი, დე-ფაქტო რესპუბლიკას კვლავაც სთავაზობს დახმარებას.

დაბრუნება რუსეთიდან

ადგილობრივი მედიასაშუალება "რესი" დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებას აქვეყნებს.

"დაავადებულთა შორის არის პირი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდა, ასევე არიან სტუდენტები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან დაბრუნდნენ." - განაცხადა გაგლოევამ

როგორც ,,რესი" იუწყება, რუსეთიდან ცხინვალში 160 სტუდენტი დაბრუნდა. ყველა მათგანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება.

ანატოლი ბიბილოვმა, ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, რუსეთთან საზღვარი ერთი კვირით, სრულად ჩაკეტა.

ე.წ. საზღვარზე დაკავებები გრძელდება

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა, მარტის თვესთან შედარებით შემცირებულია.

აპრილში 30 ადამიანი დააკავეს, ხოლო მარტში დაკავებული იყო - 41.

30-დან 22 მოქალაქე დააჯარიმეს, 7 გააფრთხილეს, ხოლო 1 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
კომიტეტმა ასევე აღნიშნა, ე.წ.საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკონტროლო გადარეკვის ფაქტებიც, რაც იწვევს ე.წ. რეჟიმის დარღვევას.

აღლუმი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც უკანონო ძალის დემონსტრირებაა და ქმნის ინფექციის გავრცელების საფრთხეს.
ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებში მისვლისაგან.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ოკუპირებულ ახალგორსა და ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.

"ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდ ინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდ ინფიცირებულებს. ადგილზე იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია.

არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს ინფექციის გავრცელების. მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ აი ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს,"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები