ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მარინა კოჩიევას განცხადებით, 4 ახალი შემთხვევა 7 მაისს გამოვლინდა:

"ხუთშაბათს, 7 მაისს, გამოკვლეული 64 ადამიანიდან 4-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად, რესპუბლიკაში 15 პაციენტი გვყავს" - თქვა სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ 37 ადამიანიდან აღებული ნიმუშიდან ელოდებიან ტესტის პასუხებს.

"კარანტინში 244 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, რუსეთიდან დაბრუნებული 160 სტუდენტია. 6 მძღოლი და 78 მოქალაქე, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდნენ" - აღნიშნა კოჩიევამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა ახალგორსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

"ხაზგასმით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის ოსურ მედიასაშუალებებში გავრცელდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვა, სადაც "რესპუბლიკის" მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ ქართული მხარის შეთავაზება, სამედიცინო გამოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან დაინფიცირების საფრთხე საქართველოსგან მოდიოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები