ახალი ამბები
შიდა ქართლიდან გაგზავნილ 92 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 92 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, რომელიც რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგი დღეს 4 საათზე გამართა და კომენტარი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქალის გარდაცვალების ფაქტზეც, გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 45-წლის ქალი გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, ის რეგიონის მკვიდრს არ წარმოადგენდა.

პაციენტი, ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. ჰოსპიტლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის თავდაცვის სამინისტროს დამლაგებლის კლასტერს წარმოადგენდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე.

რაც შეეხება 92 ნიმუშს, დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ისინი იმ ადამიანებისგან აიღეს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თერგვისსა და ფლავში დაინფიცირებულ 5 ადამიანის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

შიდა ქართლში კორონავირუსის 8 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 გორის მუნიციპალიტეტში, 2 - ხაშურის სოფელ ხიდისყურში, ხოლო 1 - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები