ახალი ამბები
გორის ბაზარი ,,გეორგია XXI" გაიხსნა
9 მაისიდან გორში ბაზარი - ,,გეორგია 21-ე" გაიხსნა. ქალაქში ეს უკვე მეორე აგრარული სავაჭრო ცენტრია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ფუნქციონირება განაახლა.

ბაზარს მუშაობა 5 მაისს უნდა განეახლებინა, თუმცა შემოწმების დროს, დაიწუნეს, კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს სველი წერტილების მდგომარეობა არ მოეწონათ და 5 მაისს გახსნის უფლება არ მისცეს.

ბაზრის დირექციამ სველი წერტილების მოსაწესრიგებლად ვადა ითხოვა.

კორონავირუსის გამო, გორისა და რეგიონის სხვა ბაზრები 4 აპრილიდან დაიკეტა. აგრარული ბაზრები, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ეტაპობრივად იხსნება, მათ შორის, გაიხსნა გორში წმინდაწყლისა და ხაშურის ბაზრები.

ბაზრის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რათა დაცული იყოს ყველა ის მოთხოვნა, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები