ახალი ამბები
მთავრობა გლეხსა და ფერმერს დიზელს შეღავათიან ფასად სთავაზობს
0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელები დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

მიწის ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსს უნდა ატარებდეს.

პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

,,პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება." - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები