ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 37-მდე გაიზარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ოსური მედია იტყობინება.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის, მარინა კოჩიევის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. ამათგან, ერთი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, მეორე კი, ქალი, რომელიც რუსეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და უკან დაბრუნდა.

კარანტინის რეჟიმში 149 ადამიანი იმყოფება, კერძოდ, ცხინვალის რაიონში (116), ხოლო დანარჩენი 33 მოქალაქე - ზნაურის რაიონში.

"ყველა პაციენტი დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს", - თქვა კოჩიევამ.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა 6 მაისს, მთელი პერიოდის განმავლობაში დადასტურდა 37 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი 30 ივნისამდე დაიხურა.

,,მიღებული ზომები არ ეხება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ბრუნდებიან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების საშუალებით, რესპუბლიკაში. ასევე დახურულია საგუშაგოები საქართველოსთან." - აღნიშნავს კოჩიევი.

25 მაისს გაიხსნება კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპორტული ობიექტები, ბიბლიოთეკა, სასტუმროები და საოჯახო ტიპის სასტუმროები დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები