ახალი ამბები
ეპიდემიების ისტორია შიდა ქართლში
გორის უნივერსიტეტის რექტორი ახალ წიგნზე მუშაობს. 200-გვერდიან მონოგრაფიაზე, მარტსა და აპრილში, კარანტინის პერიოდში იმუშავა. გიორგი სოსიაშვილი, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მშობლიურ სოფელ დიცში იმყოფებოდა.

ამ პერიოდში დაინტერესდა, სწორედ, ეპიდემიების ისტორიით. შიდა ქართლთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო დოკუმენტს მიაგნო, მასალებს თავი მოუყარა, რომელიც შუა საუკუნეებიდან დაწყებული მე-19 საუკუნემდე არსებულ ცნობებს მოიცავს.

1680-იან წლებში გორში ეპიდემია გაჩნდა. შავი ჭირის გამო, მოსახლეობა მთებში გახიზნულა. ქალაქი კათოლიკე კაპუცინელ მისიონერს, კარლო პეშელს არ დაუტოვებია. შავი ჭირი მსახურისგან, ფრანჩესკოსგან გადაედო. ფრანჩესკო გაკათოლიკებული ქართველი იყო. ფრანჩესკო დაიღუპა, ხოლო კარლო პეშელი თავდაპირველად გამოჯანმრთელდა. შემდეგ კი, მეორედ შეხვდა შავი ჭირი და დაიღუპა. ამის შემდეგ, გორის კათოლიკური სამყარო წინამძღვრის გარეშე დარჩა და ქონება სომხურ თემს დარჩა.

მომდევნო ფაქტი 1770 წელს დაფიქსირდა. ერეკლე მეორე სოფელ ბელოთში (პატარა ლიახვის ხეობა, ამჟამად ოკუპირებული) გაიხიზნა. ბელოთის ციხე ქსნის ერისთავების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ერეკლე მეორემ საერისთავო გააუქმა და ბელოთი იულონ ბატონიშვილს მისცა.

შავ ჭირი ქართლში 1796 წელსაც გაჩნდა. ამ პერიოდში ერეკლე მეჯვრისხევში, შემდეგ გორში იმყოფება. გორი შედარებით უსაფრთხო დასახლება აღმოჩნდა. თბილისი კი, იზოლირებული იყო. თუმცა, 1798 წელს შავი ჭირი გორშიც გავრცელდა.

შემდეგი პერიოდებია 1803-1804: 1807; 1815;. მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, თუ როგორი საკარანტინე წესები არსებობდა იმ პერიოდში. მაგალითად, 1807 წელს, მთიან დასახლებაში, ეთნიკურ ოსებში გაჩნდა შავი ჭირი. მათ გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს და საკვებს ბარიდან აწვდიდნენ.


საკარანტინე სივრცე მოეწყო სოფელ თამარაშენში. გაწერილი იყო წესები იმის შესახებ, თუ როგორ ჩაეტარებინათ დეზინფექცია, მათ შორის, საქონლის.

ერთ-ერთი საკარანტინე ღონისძიების დროს, მეჯვრისხეველები კარანტინის წესებს არ დაემორჩილნენ. ხელისუფლებას გარკვეული ზომების გატარება დასჭირდა. ასევე, საინტერესო აღმოჩდა ერგნეთის შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი წარჩინებული გვარის ადამიანის გარდაცვალებამ დაძაბულობა გამოიწვია. სოფელ ნიქოზიდან ერედვში გადასულმა ქალმა შავი ჭირი სოფლის მოსახლეობას გადასდო. იძულებულნი გახდნენ არა მარტო მიცვალებულები, არამედ საცხოვრებელი სახლებიც დაეწვათ.


იხ. უფრო ვრცლად ვიდეოში


Print

სტატიის გამოყენების პირობები