ახალი ამბები
15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესები საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში დაიწყება
ფოტოზე: საღოლაშენის საჯარო სკოლის შესასვლელი (ქარელი)

2020 წლის 15 სექტემბრიდან სკოლებში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, სასწავლო წელი უნივერსიტეტებში ასევე აუდიტორიებში დაიწყება. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სასწავლო პროცესები 2020 წლის მარტიდან შეწყდა.

ჩხენკელმა საგანგებო ბრიფინგზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიც შეაფასა.

"მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ წარმატებით დასრულდა ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები. ეს გამოცდები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. ჩვენმა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარებულიყო სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში." - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გამოცდების დროს მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი.

,,ეროვნული გამოცდების დროს მოხდა უპრეცენდენტო რამ: ჩვენ ჩავატარეთ გამოცდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა კოვიდ-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი და ეს გამოცდაც წარმატებით დასრულდა. ზოგადად პროცესმა წარმატებით ჩაიარა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა უწყებას, რომელიც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზებაში. როგორც იცით, შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო." - განაცხადა მინისტრმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები