ახალი ამბები
ავღანეთიდან დაბრუნებულ სამხედროებს კარანტინში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს
ავღანეთიდან დაბრუნებულ სამხედროებს კარანტინის ვადა გაუხანგრძლივეს. ამის მიზეზი სამხედროებს შორის კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევა გახდა.

ერთ-ერთი სამხედროს ახლობლის ცნობით, მის ნათესავს კარანტინის ვადა წინა შაბათ-კვირას გაუვიდა, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ, განუცხადეს, რომ კიდევ ორი კვირა მოუწევთ კარანტინში ყოფნა:

,,ჩემი ახლობელი კარანტინს ბათუმში გადის. უნდა გამოსულიყო უკვე კარანტინიდან, მაგრამ უთხრეს, რომ ახალი შემთხვევაა და არ შეეძლო კარანტინის დატოვება. ასე უთხრეს, გვერდით ხარ ჩავლილი იმ პიროვნებასთანო და კიდევ ორი კვირა უნდა იყო კარანტინშიო. და საერთოდ, რა ხდება, იქნებ გაგვარკვიონ ჩვენც" - გვითხრა სამხედროს ახლობელმა.

ავღანეთში დაინფიცირებული სამხედროების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება ჯერ კიდევ 2020 წლის 10 ივლისს გაკეთა. იმ დღეს 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფიდან.

დღეს თავდაცვის სამინისტროს პიარ-სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აპირებს. რამდენით გაიზარდა სამხედროებს შორის კორონავირუსის შემთხვევები, ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეცება სამედიცინო პერსონალს, 7 აგვისტოდან დღემდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო პერსონალის 3 წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი. კოვიდინფიცირებული სამხედროები სწორედ სამხედრო ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებულნი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები