ახალი ამბები
გორის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი 3 პედაგოგს დაუდასტურდა
გორის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუს 3 პედაგოგს დაუდასტურდა. ამის გამო, სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სწავლების პროცესი 2 მარტიდან შეიცვალა.

პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ, გორის სკოლებში პირისპირ სწავლება 1-ელი თებერვლიდან დაიწყო. თებერვლიდან კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა გორის სკოლებში ასეთია:

10 თებერვალს ზეღდულეთის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პედაგოგს და 3 მოსწავლეს. 1-დან 10 თებერვლამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე 28 კლასი იყო გადასული.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, 22 თებერვალმდე, დისტანციურ რეჟიმზე სწავლობდნენ ფლავის, კარალეთისა და ქვახვრელის სკოლების კონკრეტული კლასის მოსწავლეები.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე პედაგოგს ქვახვრელის საჯარო სკოლაში, ხოლო, მოსწავლეებს შორის, თითო-თითო შემთხვევა გორის მე-9, მე-7, მე-3 სკოლებში იყო გამოვლენილი.

1 მარტს კი კორონავირუსი მეათე საჯარო სკოლის დირექტორს გამოუვლინდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები