ახალი ამბები
,,მე ვიტანჯები ჩემი სოფლის საბჭოს წევრის წყალობით" - გორელ გლეხთა წერილები 1930 წელს
,,მე ვიტანჯები ჩვენი სოფლის საბჭოს წევრის ამხ. . . . წყალობით, რომლის ,,საქმენი საგმირონი", საკმაოდ დახასიათებულია გაზეთში. ტერორის ქვეშ ჰყავს ჩვენი სოფლის მშრომელი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ მე შავსიელი არა ვარ, ინდივიდუალურად დაბეგრილი არ ვყოფილვარ და ვარ საშუალო შეძლების გლეხი, მაინც ვარ სოფლიდან გამოდევნილი.''

რაც შეეხება ჩემს მეურნეობას, ამაზედ ლაპარაკი ზედმეტია. მაქვს სახნავი (6 დღ), ვენახი (150 კ. საჟ.) და ბაღი (1 დღ.). მყავს 2 კამეჩი, 2 ხარი, 2 მოზვერი და 2 ძროხა. ამისათვის მოგმართეთ და გთხოვთ გამოარკვიოთ საქმის ვითარება და როგორც გაუგებრობით გამოდევნილი, დაგვაბრუნოთ სოფელში.
" - ასე
მიმართავს განცხადებით გორის რაიონის აღმასკომს, სოფელ საქაშეთში მცხ. მოქ. გიორგი ალექსის ძე მოგელაშვილი 1930 წ.

წერილები, რომელიც გორის არქივში მოიძებნება, სწორედ, იმ პერიოდს ასახავს, რაც ქართველმა გლეხმა (შეძლებულმა) კოლექტივიზაციის პერიოდში გადაიტანა. კოლექტივიზაციის პერიოდში შეძლებულ გლეხებს ჩამოართვეს საქონელი და ქონება.

გლეხთა წერილებს გორის არქივში მწერალმა ვაჟა შაქარაშვილმა მიაგნო. იგი ამისთვის მადლობას უხდის არქივის თანამშრომელს ქეთევან მაჭარაშვილს. როგორც ნაშრომ ,,ვერდიქტის" მასალებიდან ირკვევა, გლეხებმა ქონების დაბრუნების მოთხოვნით რაიაღმასკომს 1930 წელს მიმართეს. ეს ამბავი ოლქის აღმასკომს არ მოწონებია და რაიაღმასკომს მკაცრი გაფრთხილება მისცა - არ დააბრუნოთ კულაკები სოფლებშიო.

საავტორო უფლებით და მწერლის ნებართვით qartli.ge აქვეყნებს გაკულაკებულ გლეხთა წერილებს. მწერალი არ ახმაურებს იმ პირთა გვარსა და სახელებს, ვის მიმართაც გაკულაკებული გლეხები საჩივრებს წერდნენ.


გორის ოლქის აღმასკომის თავმჯდომარეს, სოფელ შინდისის მცხ. გიორგი არჩილის ძე კვალიაშვილის განცხადება 1930 წ. 28.I

,,გამასახლეს, როგორც კულაკი, როდესაც ვარ საშუალო გლეხი. ხმის უფლებას ვარ მოკლებული. სამეურნეო გადასახადი მქონდა 5 მანეთი. გამოსაკვები მყავს ოთხი სული, მათ შორის სამი უსუსური ბავშვი, რომლებიც სრულიად უბინაოდ და ულუკმაპუროდ დარჩნენ. გთხოვთ განიხილოთ საქმე და დამაბრუნოთ სახლში".

გორის რაიაღმასკომს სოფელ შინდისის მცხ. იასონ შოთას ძე მადუაშვილის განცხადება:

,, ჩემი შვილებით დათხოვილი ვართ სოფლიდან, დაგვიკეტეს კარები და არარა გამოუტანებიათ რა. ჩემს მცირე წლოვან შვილებთან, არსაით ბინა არ მაქვს და არც სარჩო. დავიარებით ცივ ზამთარში უბინაოდ. მე თვითონ, არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, არცა ვყოფილვარ ინდივიდუალურად დაბეგრილი. გთხოვთ გამოარკვიოთ ჩემი საქმე ადგილობრივ და დაგვაბრუნოთ უკანვე, თუ მთავრობისათვის საწინაამდეგო არ იქნება, ანდა მოგვცეთ ბინა და ცხოვრების წყარო რჩენისა."

გორის რაიაღმასკომის თავმჯდომარეს, სოფელ შინდისში მცხოვრები ვასო ზაქროს ძე გეორქოვის განცხადება:
,, გადმომასახლეს ბრიგადის დადგენილებით სოფელ შინდისიდან, მაგრამ ჩემი გადმოსახლება, სრულებით არ შეეფერება სიმართლეს, ვინაიდან მე ვიყავი უღარიბესი კაციშვილი, როგორც გლეხი, ცხოვრებით დატანჯული. არ მყავს მოჯამაგირე, არ ვარ ვაჭარი, არ მაქვს წისქვილი, მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი მიმიძღვის. ვარ მიწის მუშა. წვრილშვილები დამრჩა ობლათ, სულ პატარები, ერთი 7 წლის, მეორე ექვსის. საქონელი მყამდა 2 კამეჩი, 1 ცხენი. ამისათვის გთხომთ გამირკვიოთ საქმე და დამაბრუნოთ ჩემ მეზობელ გლეხებთან სოფელ შინდისში."

გორის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფელ ორმოცში, ბობნევის თემ საბჭოს მცხ. ილიკო გიორგის ძე ქოქაშვილის განცხადება:

,,მე ჩამომართვეს (დაბეზღებით) 80 თხა და ცხვარი, ერთი კვიციანი ცხენი, ორი ძროხა და სამი დეკეული. ამის გარდა წისქვილი ერთი თვალი, რომელიც ღირს არანაკლებ 1000 მანეთის... საქონლის საკვები და ერთი ურემი ბზე. თანახმად თქვენის განკარგულებისა ყველა, გარდა წისქვილისა და საკვებისა, უნდა დამბრუნებოდა, მაგრამ კიდევ არ დაუბრუნებიათ. ცხვარი იღუპება, საქონელი მოუვლელი აბარიათ ისეთ პირებს, რომლებიც ხოცავენ და სჭამენ ცხვარს. გთხოვთ გასცეთ განკარგულება ჩამორთმეული ცხვარი, ცხენი და საქონელი დამიბრუნდეს დაჩქარებით, სანამ სულ დაუხოცნიათ ვითომდა მწყემსებს."

განმეორებითი წერილი გორის ოლქის მუშათა და გლეხთა ინსპექტორს, სოფელ ორმოცის, ბობნევის თემის, გორის რაიონის მცხ. ილიკო ქოქაშვილის განცხადება:

,,დამკვრელმა ბრიგადამ იანვარში, სხვათა ჭორებით ჩამომართვა 5 სული სხვილ ფეხი საქონელი, ერთი ცხენი კვიცით, 80 თხა და ცხვარი და წისქვილი ერთი თვალი. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა მთავრობამ არაერთხელ გასცა განკარგულება დაებრუნებინათ ყველა, ადგილობრივი მთავრობა ამას არ ასრულებს. შეჭამეს 10-15 თხა და ცხვარი, ზოგი დაიხოცა მოუვლელობით, კვიციც მოკლეს, წისქვილი სხვას მისცეს იჯარით, მე შიგ არ მიშვებენ. ჩემი ძროხები ჰყავთ და ვერ უვლიან. გთხოვთ, რათა გლეხის ინტერესები იყოს დაცული, დაჩქარებით გადმოგზავნოთ თქვენი რწმუნებული საქმის განსახილველად, დამიბრუნდეს ჩემი საქონელი, ამინაზღაურდეს ზარალი და დამნაშავენი მიეცნენ პასუხისგებაში."


გორის რაიონის აღმასკომს სოფელ ახალდაბაში მცხ. მოქ. ვასო დიმიტრის ძე წოწოლაშვილის განცხადება

,,ჩემი სოფლიდან გამოდევნის საკითხი მოითხოვს გადასინჯვას და შემოწმებას იმ მხრივ, თუ რამდენად სამართლიანია დადგენილება, რომლის მიხედვითაც მე ვარ გამოდევნილი სოფლიდან. არსებითად მე ვარ საშუალო შეძლებული გლეხი. ვეწევი სოფლის მეურნეობას საკუთარ ჩემი შრომით და ოჯახის წევრების დახმარებით. გადაჭარბებით დაქირავებული შრომის გამომყენებელი, არ ვყოფილვარ. მაქვს სახნავი (7 დღ.), 1/4 დღ. ხილის ბაღი, მყავს 4 ხარი, ერთი ძროხა, 1 დეკეულა, 1 ხბო და სახლი ერთი ოთახი, თავისი ბოსლით.

ვაჭარი არასოდეს არ ვყოფილვარ და არ ვიცი, რამ გამოიწვია ყოველივე ეს, რათა ვარ გარიყული და რა დანაშაული მიმიძღვის ისეთი. როგორც ხედავთ ჩემს მეურნეობას, არავითარი კულაკური მეურნეობის ნიშნები არ ახასიათებს. ამისათვის მოგმართავთ და გთხოვთ, დაწვრილებით შეამოწმოთ ჩემი გამოდევნის მიზეზები და უკეთუ მისაღები ვიქნები, კეთილი ინებოთ და დაგვაბრუნოთ ჩემს ოჯახში. მთხ. +++ (წერა არ იცის) "

გორის რაიონის აღმასკომს სოფელ ქვეშის მცხ. ლადო თედოს ძე ელიზბარაშვილის განცხადება.1.02.30 წ.

,,მე ვარ გამოდევნილი სოფლიდან, როგორც შავ-სიელი (ყოფილი ვაჭარი). უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს მე, როგორც მიწის მუშა, მშრომელი გლეხი, შავსიაში არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ყოველივე ეს, მოხდა ჩემი გაუგებრობით და უვიცობით, როგორც სწავლაგანათლებას მოკლებული მშრომელი გლეხი. მართალია, ამ სამი წლის წინათ მე ვაწარმოებდი სეზონურ ვაჭრობას ხილით, მაგრამ ასეთს, მე სავსებით თავი დავანებე და სრული სამი წელიწადია მას აქეთ, არავითარი ვაჭრობა არ მიწარმოებია, რასაც დაადასტურებენ ჩემი სოფლის მშრომელი მოსახლეობა. სავაჭრო პატენტი, არასოდეს არ მქონია.

რაც შეეხება ჩემს მეურნეობას, ამაზედ ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი შედგება 7 სულისგან. მუშახელი ვართ 2. სახნავი მაქვს (2 1/2დღ.) ბაღი (1/2დღ.), ვენახი (1/4დღ.), საქონელი მყავს: ხარი-2, ძროხა-1, ზაქი-1 და 1 ხბო.
გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება და დაგვაბრუნოთ ჩემს ოჯახში. მთხ. +++ (წერა არ იცის)."

გორის რაიონის აღმასკომს სოფელ ახალდაბის მცხ. მოქ. გიორგი სოლომონის ძე პაპუაშვილის განცხადება

მე ვარ 58 წლის. ჩემი ოჯახი შესდგება 6 სულისგან, მყავს 100 წლის მოხუცებული, უსინათლო დედა, მეუღლე, ორი შვილი და რძალი. სასოფლო-სამეურნეო გადასახადით წელს ვიყავი დაბეგრილი 8 მან. და 89 კაპ. რაოდენობით. მაშასადამე აქედან, ასეთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ მე, თუ უღარიბესს არა, საშუალო გლეხთა კატეგორიას უნდა ვეკუთვნოდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არა კულაკების ფენას.

მე ვარ მიწის მუშა, მშრომელი გლეხი, მაქვს ორი ოთახი და ერთი ბოსელი. ამ ორ ოთახიდან სოფელს დაუთმე ერთი ოთახი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უსასყიდლოდ, ხოლო მე ვცხოვრობ ბოსელში. მყავს ორი ხარი, 2 მოზვერი, 2 კამეჩი, 1 ძროხა, ერთი ფურზაქი და ერთი ბებერი, დავარდნილი კამეჩი. რაც შეეხება ნორმას, სახნავი მაქვს 7 დღ. და 1 დღ. ვენახი. სოფლის მეურნეობას ვეწევი საკუთარი ჩემი შრომით და ოჯახის წევრების დახმარებით. დაქირავებული შრომის გამომყენებელი არ ვყოფილვარ, ვაჭარი არ ვყოფილვარ, მევახშეობა არ გამიწევია, წისქვილი და სხვა სამრეწველო საწარმო არ მქონია, უშრომოდ მიღებული შემოსავლით არ მიცხოვრია. მიუხედავად ყოველივე ამისა, მე ვარ ცნობილი კულაკად და გამოდევნილი სოფლიდან.

გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება, ადგილობრივ შეამოწმოთ დაწვრილებით ჩემი სოფლიდან გამოდევნის მიზეზები და უკეთუ მისაღები ვიქნები და ჩემი სოფლის მშრომელი მოსახლეობა გამოსთქვამენ თავიანთ მტკიცე აზრს ჩემი დატოვების შესახებ და მათ ჩემს მიმართ საწინააღმდეგო არა ექნებათ რა, გთხოვთ დაგვაბრუნოთ ჩემს სოფელში.

მთხ. ვასო პაპუაშვილი".

გორის რაიონის აღმასკომს. სოფელ არაშენდაში მცხ. მოქ. სანდრო მიხას ძე კოპაძის განცხადება

,,როგორც შრომის ინვალიდი და 40% შრომის უნარს მოკლებული მიწის მუშა მშრომელი გლეხი, მოგმართავთ და გთხოვთ ჩემი სოფლიდან გამოდევნის საკითხი გადასინჯოთ, თუ რამდენად ღირსი ვარ მე ასეთი სასჯელის. ჩემი ოჯახი შესდგება 15 სულისაგან, მუშა _ 5. სოფლის მეურნეობას ვეწევი შეძლების დაგვარად პირადი შრომით და ოჯახის წევრების დახმარებით, დაქირავებული მუშა-ძალის გამოუყენებლად. მაქვს სახნავი 15 დღისა, ვენახი 1 1/2დღისა, ბაღი 1 დღისა, სამოსახლო 1/8 დღის. საქონელი ორი ზაქი, ორი ძროხა და ერთი კვებულა. მაქვს აგრეთვე 1 1/2თვალი წისქვილი, რომელიც სეზონურად მუშაობს და მეტად უმნიშვნელო შემოსავალს იძლევა, სამინდე გადასახადსაც ვერ ისტუმრებს.

სოფლიდან ჩემი გამოდევნა ჩემი შეხედულებით, აგებულია რაღაც გაუგებრობაზე, ანუ პირად ინტერესებზე, რადგანაც ჩემს მეურნეობას კულაკური მეურნეობის ნიშნები ეგრე რიგად, მაინც და მაინც არ ახასიათებს. ინდივიდუალურ დაბეგრასთან დაკავშირებული გადასახადები, რომლის რაოდენობა უდრის 650 მან. მთლიანად შეტანილია ყოველივე იძულებითი ზომების გარეშე. ამისთვის მოგმართავთ და გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება, დაწვრილებით შეამოწმოთ ჩემი გამოდევნის მიზეზები და უკეთუ მისაღები ვიქნები, გთხოვთ დამაბრუნოთ. +++ (წერა არ იცის)"

გორის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის მასალებიდან 1930 წ. 9.IV.

საიდუმლოდ ყველა რაიაღმასკომებს და გორის ქალაქის საბჭოს:

,,მიღებული ცნობებიდან ირკვევა, რომ რაიაღმასკომები ანთავისუფლებენ და აბრუნებენ სოფლად საცხოვრებლად კულაკებს ოლქაღმასკომის ნებადაურთველად, რაც ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. გაცნობებთ, რომ ამას გავალებთ, არავითარ შემთხვევაში არ დააბრუნოთ სოფლად კულაკებიდან არავინ და საერთოდ, არავითარი თქვენი დადგენილება კულაკების შესახებ, არ გაატაროთ ცხოვრებაში ოლქაღმასკომის სანქციის გარეშე.

ოლქაღმასკომის თავმჯდომარე . . .
ოლქაღმასკომის მდივანი . . . "


ს.ს.ს.რ. გორის რაიონი.

,,შინდისის სასოფლო საბჭო საიდუმლო გორის რაიშტაბს მოგახსენებთ ლევან თავყელიშვილის შესახებ, რომ მართალია იგი არ ხასიათდება კულაკური ნიშნებით, მაგრამ იგი არის არა საიმედო პიროვნება, პოლიტიკურად მავნე და ხელის შემშლელი ყოველგვარ საზოგადოებრივი საქმიანობის, ნამეტურ კოლექტივიზაციისა. ამიტომ იგი გასახლებულ იქნა, როგორც საბჭოს პრეზიდიუმის და აქტივის თათბირის მიერ, სადაც დაესწრო ოლქის შტაბის წევრი ამხ. . . .

ხელს აწერს შინდისის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე "

საქ. ცაკის სამდივნოს
,,გაცნობებთ, რომ სოფ. შინდისში მცხ. ილია ქაიხოსროს ძე დავითაშვილი გასახლებულ იქმნა სოფლიდან, როგორც კულაკი, მემამულე, აზნაური, ვაჭარი (მიკიტანი) და გლეხობის ექსპლოატატორი. მისი ამ ჟამად სოფელში დაბრუნება, გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას გლეხობაში, რადგანაც გლეხობასთან ცუდი განწყობილება ჰქონია, როგორც წარსულში, აგრეთვე მომავალში.

თავმჯდომარე . . . მდივანი . . . 7.XII. 30 წ"

ს.ს.ს.რ. გორის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტი
1930 წ. აპრილი
საიდუმლო გორის რაიაღმასკომს:

,,როგორც შემჩნეულია, ადგილებიდან გამოსახლებულ კულაკების სახლში, ზოგ ადგილას ჩაუსახლებიათ მოჯამაგირეები; მხოლოდ შემდეგ კულაკის სოფელში დაბრუნების დროს, ისევ გამოუსახლებიათ. ასეთი მოვლენა, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ამისთვის ოლქაღმასკომი გავალებთ გამოსახლებულ კულაკის სახლში ჩასახლებული მოჯამაგირე, ან სხვა უსახლკარო გლეხი, არავითარ შემთხვევაში არ გამოასახლოთ, ხოლო დაბრუნებულ კულაკს აღმოუჩინოთ სხვა ბინა, უკეთუ მისი თავის სახლში ჩასახლება შეუძლებელია.
ასე, რომ არ იქნეს გამოსახლებული მოჯამაგირე.

ოლქაღმასკომის თავმჯდომარე სწორია:
ოლქაღმასკომის მდივანი


ნაშრომის ,,ვერდიქტის" შესახებ

ვაჟა შაქარაშვილი: ,,ისტორიას თვალს ვერვინ დაუხუჭავს! წინამდებარე წიგნში შევეცადე აღმედგინა გორის ისტორიული წარსულის ის ტკივილიანი, სასტიკი პერიოდი, რაც ადამიანთა დახვრეტებს, განკულაკება-რეკვიზიციას, ე.წ. "შავ სიელთა" დევნა-შევიწროებას, ღვთისმსახურთა ტერორს, ეკლესიათა ნგრევა-დახურვას უკავშირდება. წიგნში შინაგანი რწმენით, მრწამსის კარნახით საჭიროდ არ ვცანი იმ ადამიანთა ვინაობის გამხელა, რომელთა ზოოლოგიურ ვნებებს, უკანონო, ამორალურ ქმედებებს ადამიანთა ცხოვრება, სიცოცხლე ეწირებოდა! დაე, კვლავაც საუკუნო დუმილით შემოინახოს მათი შავი დოსიე ისტორიამ, მათი განსჯა-განკითხვა არ წარმოადგენს ჩემეულ მიზანს, დედამიწაზე და ზეცაში მთავარი მოსამართლე, მსაჯული ღმერთია მხოლოდ.

განსაკუთრებული აღფრთოვანება, ზეაღტაცება, მად ლიერება მსურს გამოვხატო არქივის უფროსი სპეციალისტის, ქალბატონ ქეთევან მაჭარაშვილის მიმართ! მისი დამაჯერებელი, გულდინჯი, მაღალინტელექტუალური საუბარი, ძალუმად იპყრობს ნაცნობ-უცნობთა, მათ შორის მკვლევართა ყურადღებას. მისთვის თავისუფალი დრო, არ არსებობს, ამის დასტური, თავადაც გახლავართ. სწორედ ამითაა განპირობებული მისი პიროვნული წონადობა, თავად არქივის ავტორიტეტი. არქივში ჩამოღამებული ყოველი დღე, შინაარსით დატ ვირთული, საქმით დამძიმებული ცხოვრებაა მისი. თითოეული ახალი სირთულე, ძალუმად ავლენს მის პიროვნულ თვისებებს _ ნებისყოფის სიმტკიცეს, სწრაფსაზრიანობას, სიდინჯეს, ნებისმიერი საკითხის დროულ, გონივრულად მოგვარების უნარს. საარქივო საქმისადმი მისი დამოკიდებულება, სიყვარულის საზომი, ეროვნული კულტურის, ქვეყნის ისტორიის უზომო სიყვარულია. მისი სწამთ, უსმენენ, ენდობიან... მისი ქალბატონ ქეთევანის ძალისხმევით ისტორიის სქელი მტვერი გადაეცალა არაერთ ფაქტს, მოვლენას, აქამომდე უცნობ, ან ნაკლებად ცნობილ ამბავს, ისტორიას. "



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები