ახალი ამბები
საბავშვო ბაღები ხორცისა და რძის ნაწარმის გარეშე
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების რაციონში ცვლილებების შეტანა იგეგმება და რძის ნაწარმის რაოდენობა გაიზრდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ბაღების გაერთიანების" კვების სპეციალისტი მიხეილ დალაქიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი მაწვნის მიწოდების ვადებს მიექცევა.

როგორც გაირკვა, ერთიანი მომარაგების სისტემის გამო, საბავშვო ბაღების სამზარეულოს მაცივრებში, მაგალითად, მაწვნის მარაგს ერთი კვირის განმავლობაში ინახავდნენ.

,,მაწვნის შენახვის ვადები პრობლემური იყო" - ამბობს კვების სპეციალისტი. - ,,ამიტომ, გვინდა, რომ რძის ნაწარმი ყოველდღიური გავხადოთ"


გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსი ლელა მაისურაძე აცხადებს, რომ მენიუში ცვლილებები უკვე შევიდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხორცის რაოდენობა გაიზარდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კარალეთის საბავშვო ბაღის მაგალითზე გაარკვია, რომ ხორცისა და რძის ნაწარმი იმ დღის მენიუში არ იყო.

კედელზე გაკრული ჩამონათვლის მიხედვით ბავშვებს დილით ჩაი ყიყლიყოთი, სადილზე მაკარონის სუპი და თევზი, ხოლო საღამოს კომპოტი ბულკით მიართვეს.

,,ხვალ რა იქნება?" - ვკითხეთ მზარეულს.

,,ხვალისთვის რა გვექნება, ვერ გეტყვით. საერთოდ, მენიუ ჩვენთან ერთიანი სისტემის მეშვეობით ბაღების გაერთიანება გვიდგენს. ჩვენი ძალებით მისი შეცვლა ან დადგენა არ შეგვიძლია" - აცხადებს მზარეული ინგა იაკობაშვილი.

,,ბაღების გაერთიანების" ზედამხედველი მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლელა მაისურაძეა. მას ინფორმაცია არა აქვს იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის ნაწარმის დეფიციტია.

იმ ხელშეკრულებებში კი, რომლებიც ,,ბაღების გაერთიანებამ" მიმწოდებელ კომპანიებთან დადო, ყოველდღიური მენიუს ნაცვლად, საკვები მასალების ჯამური მონაცემები და თანხებია წარმოდგენილი.

მაგალითად, ესა თუ ის კომპანია ვალდებულია საბავშვო ბაღებს მიაწოდოს გარკვეული რაოდენობის პროდუქტი, მაგრამ, ამ პროდუქტს როდის და რა სახით გაამზადებს საბავშვო ბაღის მზარეული, ეს უკვე ბაღების გაერთიანებიდან მიღებული დირექტივების შედეგად წყდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები