ახალი ამბები
ლიახველი ოსტატ-რესტავრატორები ბერბუკში
თვითნასწავლი დავით ჟუჟნიაშვილი ლიახველ ოსტატებთან ერთად ხეზე კვეთის ხელოვნებას ეუფლება.

თუკი ადრე ეს საქმე კარგად არ გამოსდიოდა, ახლა უკვე, ბერბუკში ბადრი გასპაროვის მიერ გახსნილ სახელოსნოში პროფესიულ დონეზე ასრულებს.

მისი ნამუშავერი, მამა გაბრიელის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი გამოსახულება სახელოსნოს ხელმძღვანელმა  გვაჩვენა.

,,ლიახველი ოსტატები" - ასე ჰქვია სახელოსნოს, რომელიც სოციალური საწარმოს სახით დევნილებმა საერთაშორისო დონორების დახმარებით მოაწყეს.

საწარმოში, ძირითადად, დევნილები მუშაობენ. ბადრი გასპაროვიც ლიახვის ხეობიდანაა. ის 15 წლის განმავლობაში, ტაძრების რესტავრაციითაა დაკავებული. ამჟამად, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორია.

გუნდში პროფესიონალი ოსტატები ჰყავს. აქ შეგირდები სწავლას ელემენტარული უნარ-ჩვევების განვითარებით იწყებენ. მაგალითად, ხაზვით და ხატვით.

ქვაზე კვეთას სახელოსნოში ორი მოსწავლე მისდევს.  სფეროებით მიხედვით გადანაწილება მას შემდეგ ხდება, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათი შესაძლებლობები გამოვლინდება.

,,ეს არის საგანმანათებლო დაწესებულება, სადაც ოსტატ-რესტავრატორებს გამოვზრდით. ვასწავლით დეფიციტურ პროფესიებს. მაგალითად, კირით მუშაობა ძალიან დეფიციტურია დღეს საქართველოში. ვასწავლით კრამიტზე მუშაობას, ქვაზე კვეთას. შეიძლება გარკვეულ მიმართულებას ჩვენვე ვასწავლიდეთ, მაგრამ მოგვყვავს სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებთან ლექციებს ატარებენ." - ამბობს ბადრი გასპაროვი.

შეგირდები, მათ შორის, გოგონები ორნამენტებსაც აკეთებენ. მოკლე პერიოდისთვის სახელოსნოს გარკვეული შედეგები უკვე აქვს.

კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ. 

მოძრავი საწარმო ,,ლიახველი ოსტატები" დაარსდა საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის" მიერ. დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები