ახალი ამბები
რას ყვებიან ქიწნისელები პოლიტიკურ დაპირისპირების ფაქტზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში ადასტურებენ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ,,სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატის შვილს ავთანდილ ჩხეიძეს სცემეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივები ესაუბრნენ.

ერთერთი მოქალაქის თქმით, თავდაპირველად ავთანდილ ჩხეიძეს სპორტსმენმა და ტიტულოვანმა ჩემპიონმა კოლია გორგიშელმა დაარტყა.

ცემის მიზეზად პარტია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ხუბულურის მისამართით შეგინებას ასახელებენ.

,,კოლია გორგიშელმა უთხრა, რატომ შეაგინე თემურ ხუბულურსო, თუ მაგარი ხარ, ეხლა შეაგინეო. არ შემიგინებიაო, უპასუხა ბურჭულაძის კანდიდატის შვილმა. რა არ შეგიგინებიაო და შემოსცხო, ისე შემოსცხო, რომ გაისროლა" - გვიყვება ნათელა გულიაშვილი.

ავთანდილ ჩხეიძე პაატა ბურჭულაძის კანდიდატის მედეა აბაშიძის შვილია. როგორც მედეა აბაშიძე ამბობს, მისი შვილი სამმა პიროვნებამ ცემა.

,,მე როდესაც მოვიხედე, დავინახე, რომ ჩემი შვილი ძირს ეგდო და სამი ადამიანი სცემდა. " - ამბობს მედეა აბაშიძე.

ინციდენტი გუშინ შუადღეს მოხდა.  

ორივე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდამჭერები იკრიბებოდნენ. ,,ქართული ოცნებისა" და პაატა ბურჭულაძის კანდიდატების შეხვედრები ერთსაათიანი ინტერვალის ფარგლებში დაემთხვა.

გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჟურნალისტებს ქიწნისიდან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუკავშირდნენ. ისინი ამბობენ, რომ თუკი ადამიანი ვინმეს შეაგინებს, ის აუცილებლად უნდა იცემოს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები