ახალი ამბები
,,რატომ არ დააგეთ ასფალტი" - სახელმწიფო აუდიტი სადგურის დასახლების საკანალიზაციო სამუშაოებზე

 

2013 წლის 22 ოქტომბერს, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ახალი საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაობისთვის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა - სავარაუდო ღირებულებით 1 მლნ 250 300 ლარი. ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო და 950 000 ლარით გამარჯვებულად შპს ,,ნოვა" გამოცხადდა.

 

,,სატენდერო სამუშაოების მიწოდებისას მაღალი რისკის შემცველი შემდეგი გარემოებები გამოვლინდა" - წერს სახელმწიფო აუდიტი. კერძოდ:

 

შპს ,,ნოვას" სატენდერო წინადადებების ფასი თავდაპირველად 1 მლნ 217 900 ლარს შეადგენდა, რომელიც ვაჭრობის შედეგად 950 000 ლარამდ შემცირდა. სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, პრეტენდეტმა ფასების ცხრილი დააზუსტა და ძირითადად ასფალტის მოწყობის სამუშაოების ღირებულების კლებით შეამცირა. ვაჭრობის შედეგად ასფალტის მოწყობის სამუშაოების ფასი - 575 600 ლარი შემცირებულია 279 800 ლარამდე.

 

პირველად ხარჯთაღრიცხვაში 1კვ.მ 8 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის ღირებულება, დარიცხვების გარეშე, იყო 35 ლარი, რომელიც დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში შემცირდა 51,4%-ით და შეადგინა 17 ლარი, ხოლო ზედნადები ხარჯები და გეგმიური მოგების მოცულობა გაზრდილია 5%-დან 8%-მდე.

 

ხელშეკრულების მიხედვით, სულ შესასრულებელი იყო 295 800 ლარის ასფალტის მოწყობის სამუშაოები, რაშიც მიმწოდებელს სავარაუდოდ დემპინგური ფასი ჰქონდა მითითებული. აღნიშნული პერიოდასთვის მუნიციპალიტეტი 1კვ.მ 8-სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაში საშუალოდ 26 ლარს იხდიდა. შეთანხმების საფუძველზე ხარჯთაღრიცხვაში ცვლილება შევიდა და ასფალტირების სამუშაოები 251 300 ლარით შემცირდა.

 

მიღებული ეკონომიით, ინერტული მასალის რაოდენობის გაზრდასთან ერთად, დამატებით 300 გრძ.მ პოლიეთილენის მილის მონტაჟი განხორციელდა.

 

სამუშაობის შესრულების პროცესში შპს ,,ნოვას" მიმართვით მოთხოვნილია გასაჭრელი ტრანშეის სიგანის გაზრდა 0,7 მ-დან 1,3 მ-მდე, იმ მოტივით, რომ ასფალტის დასაფრეზი დანადგარი გზის საფარს ასეთი სიგანით ჭრიდა. მუნიციპალიტეტი დაეთანხმა მიმწოდებლის შეთავაზებას და ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა, რამაც მოსაჭრელი და გასატანი გრუნტის, ასევე, ტრანშეის შესავსებად ქვიშის, ბალასტისა და ღორღის მოცულობების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია და სამუშაოების ღირებულება 130 000 ლარით გაზარდა.

 

ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტაციას თან არ ერთვის დასაბუთება, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით დაეთანხმა მუნიციპალიტეტი, მხოლოდ, კონკრეტული სიგანის საფრეზი დანადგარის გამოყენებას, როცა იმავე თუ სხვა მახასიათებლების დანადგარის შერჩევა ტექნიკურად შესაძლებელი იყო. ხელშეკრულების ცვლილებით მუნიციპალიტეტის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

 

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ხელშეკრულების ცვლილებისას მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 0,7 მ სიგანის ტრანშეაში მუშაობა იყო საშიში და იყო მიწის ჩამოშლის საფრთხე, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულების მასალებს თან არ ერთვის დოკუმენტაცია დამატებითი საფრთხის არსებობის შესახებ. პროექტის ავტორმა უსაფრთხოების ნორმები საპროექტო-სხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გაითვალისწინა, რომლის მიხედვით შემსრულებელს ტრანშეა ხის ფიცრებით უნდა გაემაგრებინა.

 

შესრულებული სამუშაოების აქტების მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ფასმა 848 700 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების ეკონომიით მიღებული თანხა 101 300 ლარი მიწის სამუშაოებით დაზიანებული გზების ასფალტირებისთვის. დაკვეთის შემთხვევაში, შპს ,,ნოვა" ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, სამუშაოები შეესრულებინა საბაზროსთან შედარებით გაცილებით დაბალი ფასით.

 

ხელშეკრულების შესრულების პროცესში სამუშაოების მიწოდების ვადა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლის სასარგებლოდ 3-ჯერ შეცვალა.

 

2014 წლის 28 თებერვალს და 22 აპრილს შეთანხმებები გაფორმებულია სამუშაოების მიწოდების ვადის ამოწურვის შემდეგ, ხოლო 18 ივნისის შეთანხმებით, შემსყიდველს სამშენებლო წუნის აღმოსაფხვრელად დამატებით 4 თვე მიეცა. არც ერთ შემთხვევაში შემსყიდველს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები არ გამოუყენებია.

 

ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით, სახელშეკრულებო ფასის შემცირებითა და მიწოდების ვადების გადაწევით, ხელშეკრულების პირობები შემსყიდველის (მუნიციპალიტეტის) მიმართ მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ,,მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა შესაფერისი დასაბუთება, თუ რა გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მიღებული ზარალის საპირწონედ და რით აიხსნება მიმწოდებლის მიმართ, სავარაუდოდ სუბიექტური დამოკიდებულება" - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში.

 

qartli.ge სადგურის დასახლებაში დაზიანებული და შეუკეთებელი საავტომობილო გზის შესახებ 2014 წლის ზაფხულში წერდა. იხ აქ:


იხ. ამავე თემაზე

 

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო ,,გადაუდებელი" და ,,გამარტივებული" ტენდერები


რას ეძებს პროკურატურა გორის მუნიციპალიტეტში

Print

სტატიის გამოყენების პირობები