ახალი ამბები
ზარალი პირდაპირი წესით მიწების და შენობების განკარგვიდან გორში


ვიდრე პირდაპირი განკარგვის წესით მიწების და შენობა-ნაგებობების განკარგვის შესახებ მონაცემებს შეაგროვებდა, აუდიტის სამსახურმა საიჯარო ქირებიდან გადაუხდელ თანხებს მიაქცია ყურადღება. 



საიჯარო ქირიდან თანხებს არ იხიდან

 

2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გაცემული ობიექტებიდან (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, შენობა-ნაგებობები და სხვ) ქირის გადახდის ვალდებულება 120 ხელშემკვრელ სუბიექტს ჰქონდა. აუდიტმა გაარკვია, რომ მუნიციპალიტეტი გადაუხდელ თანხაზე საურავის დარიცხვის მეთოდს არ იყენებდა და არ აღრიცხავდა. პირველი იანვრის მდგომარეობით გადაუხდელი 83 100 ლარი იყო. სექტემბრის თვეში კი გადაუხდელი თანხა 200 000 ლარამდე ავიდა.

 

უფრო კონკრეტულად, 2012 წელს გაფორმებული 29 მოქმედი ხელშეკრულებიდან 18 მოსარგებლეს 2012 წლის ქირა არ გადაუხდია, აქედან 9 მოსარგებლისგან თანხის ჩარიცხვა 2014 წლის ჩათვლით საერთოდ არ ფიქსირდება.

 

2013 წელს 67 მოქმედი ხელშეკრულებიდან ქირა საერთოდ არ გადაუხდია 24 მოსარგებლეს, აქედან 19 მოსარგებლე ქირას დღემდე არ იხდის.

 

2012-2013 წლებში შეწყვეტილია სულ 23 ხელშეკრულება.  მუნიციპალიტეტის წინაშე მათი დავალიანების თანხა 10 400 ლარს შეადგენს.

 

,,არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულება გაფორმებულია ისეთ მოიჯარესთან, რომელსაც იმავე და სხვა მიმდებარე მიწაზე გადაუხდელი ჰქონდა არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული იჯარის ქირა. მაგალითად, 2014 წლის 3 ივნისის ხელშეკრულება.

 

მუნიციპალიტეტმა აუდიტს, საიჯარო ქირის დაზუსტების, არგადამხდელ მოიჯარეთა მიმართ რეაგირებისა და საიჯარო დავალიანების ამოღების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ, მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.

 

შენობა-ნაგებობები

 

პასუხისმგებელი პირების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ძირითადი და დამატებითი ქონების სახით, 243 ერთეული შენობა-ნაგებობა გადაეცა. აქედან განკარგულია 231.

 

ზოგიერთ შემთხვევაში, მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაციაში გატარებულია ისეთი ობიექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტს არ შეუქმნია და არ შეუძენია. ხოლო გადმოცემის შესახებ სამინისტროს ანუ ქონების მმართველის ბრძანებები ან წერილობითი თანხმობები არ არსებობს. კერძოდ, საუბარა 5 ობიექტზე - 2 087 კვ.მ დაშენების საერთო ფართობით, რომელიც განთავსებულია 4 4074 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.

 

აღნიშნული ობიექტები მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებულია გამგეობის მიმართვების საფუძველზე, რაც აუდიტისთვის  საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები

 

ამჟამად მუნიციპალურ საკუთრებაში რეგისტრირებული 176 მიწის ნაკვეთიდან განკარგულია 134. დანარჩენი 42 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ძირითადად, ქალაქ გორის ცენტრში მდებარეობს.

 

ნაწილი დაკავებული აქვთ არაუფლებამოსილ პირებს, იყენებენ კომერციული საქმიანობისთვის, ხოლო მიწით სარგებლობისთვის შესაბამის საფასურს ბიუჯეტში არ იხდიან.

 

მაგალითად:

 

- ქალაქის 3 სხვადასხვა უბანში 3 მიწის ნაკვეთზე არაუფლებამოსილი პირების მიერ მოწყობილია ფასიანი ავტოსადგომები.

 

- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 21 მიწის ნაკვეთზე აშენებულია კერძო ავტოფარეხები

 

- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტროტუარებზე განთავსებულია აგრარული ბაზრის სავაჭრო დახლები.

 

პასუხისმგებელმა პირებმა მიწების უკანონო მოსარგებლეთა მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ აუდიტს მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს. გორის მერიამ შეტყობინებები, მხოლოდ, 2015 წლის იანვარში დაგზავნა.

 

ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა

 

2011 წლიდან 2014 წლის ივნისამდე ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის სუბიექტებზე პირდაპირი განკარგვის ფორმით გაცემულია 112 ობიექტი, აქედან 27 ხელშეკრულება უკვე გაუქმებულია. ამავე პერიოდში, იურიდიულ პირებზე უსასყიდლო, უზურფუქტის წესით, 58 ობიექტია გაცემული (2 გაუქმებულია); ფიზიკურ პირებზე სარგებლობის უფლებით, ოღონდ აუქციონის ფორმით, მხოლოდ, 2 ობიექტია გაცემული, აქედან 1-ზე შეწყვეტილია მოქმედება.

 

რაც შეეხება პრივატიზაციას, 2014 წლის ივნისამდე აუქციონის ფორმით 28 ობიექტია პრივატიზებული, რომლის ჯამური საწყისი ღირებულება 158 600 ლარიდან 434 500 ლარამდე გაიზარდა.

 

,,საპრივატიზებო თანხების ასეთი ზრდა რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის მაღალ პოტენციალზე მიუთითებს, რაც არ არის გამოყენებული ქონების სარგებლობის ფორმით განკარგვის შემთხვევებში" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი.

 

აუდიტს მიაჩნია, რომ ქონების პირდაპირი განკარგვის წესის გამოყენებით, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მუნიციპალიტეტი  სავარაუდოდ მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამიტომ, მისი აზრით, უმჯობესია მიწისა და შენობა-ნაგებობების აუქციონით განკარგვის ფორმები გამოიყენონ.

 

აუდიტის ჯგუფი თვლის, რომ ადგილობრივი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულია სისტემური ხარვეზით, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შეუსაბამოდ.

 

იხ. ამავე თემაზე 2014 წლის ივნისში Qartli.gE-ს მიერ მომზადებული სტატია:

 

მიწები იაფად – დოკუმენტები ნათესავებზე, მეგობრებზე, სიმამრებზე, ახლობლებზე

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები