ახალი ამბები
მეჯვრისხეველ პენსიონერებს სასიხარულო ამბავი აცნობეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 53 პენსიონერს სასიხარულო ამბავი აცნობეს.

ლიბერთი ბანკი, საკუთარი თანამშრომლის ქმედებით დაზარალებულ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა თუ დაუსაქმებელი ოჯახების წევრებს, სასამართლოში აღარ უჩივის.

ამის შესახებ პენსიონერებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აცნობეს.

ლიბერთი ბანკის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ყველა მათგანს ბანკის სათაო ოფისის ხელმძღვანელობამ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა.

საქმე იმაშია, რომ მეჯვრისხევში 53 პენსიონერის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვრცელი მასალა მოამზადა.

რეპორტაჟის მიხედვით, ამავე სოფელში მცხოვრებმა, ბანკის თანამშრომელმა ირაკლი იარდალაშვილმა პენსიონერების სახელით 10-12-28-25 თვიანი სესხები გამოიტანა.

ბანკის შიდა აუდიტის მოკვლევის საფუძველზე, ბანკის თანამშრომელი სამსახურიდან მოხსნეს, პენსიონერებს ახსნა-განმარტებები დაწერეს და გამოსაძიებლად პოლიციას გადასცეს.

გამოძიების პროცესში ბრალდებულის მხარემ პენსიონერების სხვა ხელწერილები მიიტანა. ამ ხელწერილების მიხედვით, პენსიონერებს ირაკლი იარდალაშვილთან პრეტენზიები არ გააჩნიათ.

გორის შს სამმართველოს თანამშრომელმა მიხეილ მთვარელიძემ  ყველა პენსიონერი მეჯვრისხევის შს განყოფილებაში ბრალდებულის ახლობლების დახმარებით მიიყვანა. პენსიონერების თქმით, სწორედ გამომძიებელმა დააწერინა მათ ახალი ჩვენებები, რომლის მიხედვით ირაკლი იარდალაშვილის მიმართ პრეტენზიები კვლავ არ გააჩნიათ.

ასეთი ჩვენება მხოლოდ 2-მა პენსიონერმა არ დაწერა. დანარჩენი 51 პენსიონერი, გამოძიების ვერსიით, დაზარალებულად არ ჩაითვალა, შესაბამისად, არც ლიბერთი ბანკი ჩაითვალა დაზარალებულად.

ამის შემდეგ ლიბერთი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, უშუალოდ, პენსიონერთა საპენსიო თანხიდან ჩამოჭრით გადაწყვიტა და 51-ვე პენსიონერს სასამართლოში ინდივიდუალურად უჩივლა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული მასალის შემდეგ, 20 დეკემბერს, ლიბერთი ბანკის იურისტმა სარჩელები სასამართლოდან უკან გაიხმო.

ამის თაობაზე, ბანკის წარმომადგენლებმა განცხადება წერილობითი სახით მოგვაწოდეს;

,,მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ ლიბერთი ბანკის მიერ გამოვლინდა პენსიონერთა სახელზე გაფორმებული ყალბი საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მითვისების ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალდა ბანკის 51 კლიენტი. პენსიონერთა ინტერესების დაცვის მიზნით, ფაქტის გამოვლენისთანავე ბანკმა მათ მიუღებელი პენსია ჩაურიცხა ყველა სათანადაო ბენეფიციარს, რომ მათ არ მოკლებოდათ თავიანთი საარსებო წყარო. ბანკის მიერ გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა - 27 974 ლარი.

ფაქტზე დაუყოვნებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ვერ გადამოწმდა ზოგიერთი პენსიონერის მიერ გაცხადებული ჩვენებების შინაარსის მართებულობა და 27 974 ათასი ლარის ნაწილში ბანკის დაზარალებულად ცნობა ვერ მოხერხდა, რაც თავის მხრივ მისცემდა ბანკს სამართლებრივი უფლებას მითვისებული თანხა მოეთხოვა უშუალოდ სამართალდამრღვევისგან; შედეგად მივიღეთ ფაქტი თითქოს პენსიონერებმა ორმაგად მიიღეს კუთვნილი პენსია.

შეგახსენებთ, რომ ბანკზე ვრცელდება სახელშეკრულებო და საკანონმდებლო ვალდებულება რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სარგო დაარიგოს თითოეულ ბენეფიციარზე უშეცდომოდ და სპეციალური წესების დაცვით, ხოლო არასწორად გაცემული თანხები დააბრუნოს ბიუჯეტში. გამომდინარე, იქიდან, რომ ბანკი ვერ იქნა ცნობილი დაზარალებულად მითვისებული თანხის სრულ ოდენობაზე, საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად ბანკი იძულებული გახდა შეეტანა სარჩელები კონკრეტული პენსიონერების მიმართ ორმაგად მიღებული სარგოს უკან დასაბრუნებლად.

ამის მიუხედავად, საქმის მიმდინარეობისას აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ რა აღნიშნული პრობლემის გამომწვევი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები და პენსიოერთა უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობა, ბანკის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება გამოითხოვოს ყველა სარჩელი რომელიც იძულებითი ფაქტორების გათვალისწინებით იქნა მიცემული სამართალწარმოებაში. შედეგად ბანკი თავად აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს იმის იმედად, რომ შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები ეფექტურად აწარმოებენ სამომავლო საგამოძიებო მოქმედებებს და ბანკს მისცემენ საშუალებას მიყენებული ზიანი დაიბრუნონ უშუალო სამართალდამრღვევისგან.

იხ. ამავე თემაზე:

მეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა

Print

სტატიის გამოყენების პირობები