რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აზალაძის ,,გუნდი" და დოლების წრე ხიდისთავში

 

2013 წელს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ლია გოგაძისგან კულტურის სახლი იძულებით (კარების შემტვრევით) ისე ,,ჩაიბარა",  რომ 1995 წლის მიღება-ჩაბარების აქტი არ უნახავთ. კლუბის დირექტორად გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, არსენ აზალაძის ნათესავი მაია ლაღიაშვილი დანიშნეს.

 

20 წლის შემდეგ, მაია ლაღიაშვილის კურატორობის ქვეშ მყოფ კულტურის სახლს ამჟამად ჭერიც აქვს; კარებებიც დამონტაჟებული აქვს; სკამებიც გააჩნია, თუმცა უკვე მტვრიანი. სცენა მოწყობილია ფარდებით, ელგაყვანილობა გამართული, იატაკში ფეხი არავის ჩაუვარდება. ერთადერთი, რაც ამ კლუბს ამჟამად აკლია, ყოფილი მმართველი ლია გოგაძეა.

 

ლია გოგაძემ კლუბი 1995 წლის 21 მარტს ჩაიბარა. იმ პერიოდის მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ:

 

,,აღნიშნული შენობის სახურავზე ნაწილობრივ ახდილია შიფერი. ჭერი ჩამომპალია; ელგაყვანილობა მწყობრიდანაა გამოსული და გაძარცვულია; შენობაში ინვენტარი არ არის; კედლების ნალესი ნაწილობრივ ჩამონგრეულია" - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

,,წლების განმავლობაში ამ კლუბს შვილივით ვუვლიდი. შვილები არა ჰყავთ? არ მოუვლიათ შვილებისთვის?" - ამბობს ლია გოგაძე, რომელსაც, სხვათა შორის, საკუთარი შვილები არ ჰყავს და ამ დარბაზში სხვადასხვა ღონისძიებებს სხვისი შვილებისთვის აწყობდა. 

 

,,ჩემი ძალისხმევით ეწყობოდა აქ ღონისძიებები, დედის დღეები, მასწავლებლის დღეები, სილამაზის კონკურსები, კონცერტები, დისკოტეკები. ბუზის გაფრენის ხმა არ ისმოდა ხოლმე დარბაზში. მქონდა მკაცრი დისციპლინა და აქ ზედმეტს ვერავინ იკადრება. ეს ყველაფერი მომისპეს და უკვე 2 წელია აქ დაბრუნებისთვის ვიბრძვი" - გვითხრა ლია გოგაძემ.

 

ბოლო წერილი შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს მისწერა. მანამდე 2013 წელს გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს პაპუნა კობერიძეს შეატყობინა.

 

პაპუნა კობერიძემ უპასუხა, რომ შრომითი ხელშეკრულება ამოეწურა და პრეტენზიების შემთხვევაში მის გამათავისუფლებელს ააიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" ხელმძღვანელისთვის, ლექსო ვალიაურისთვის  მიემართა. ლია გოგაძე, სწორედ, ლექსო ვალიაურმა გაათავისუფლა.

 

ლექსო ვალიაური თვლის, რომ ხიდისთავის კლუბში და, საერთოდ, მსგავს დაწესებულებებში ახალი მიდგომებისა და მოთხოვნების დრო დადგა. ,,მე ამის შესახებ ვესაუბრა მაშინ ამ ქალბატონს, ვესაუბრე ჩვენი მიზნების შესახებ, თუმცა როგორც შემდგომმა პროცესებმა გვიჩვენა, ხიდისთავის კულტურის დაწესებულებაში საკადრო ცვლილებებს ჰქონდა ადგილი" - აცხადებს ლექსო ვალიაური.

 

ის ასევე იხსენებს, რომ მისი ინიციატივით 2013 წელს შექმნილმა კომისიამ ხიდისთავის კლუბთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა დადო და ამის გამო მოხდა ცვლილება.

 

მართლაც, ახალი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვის შემდეგ, 2013 წელს, ხიდისთავის კლუბის დირექტორად დაინიშნა გორში მცხოვრები პიროვნება, რომელიც, ლია გოგაძის თქმით, ლექსო ვალიაურის მამის ძმაკაცის მეუღლეა.

 

2014 წელს კი, როდესაც გორის მუნიციპალიტეტი ორად - ქალაქის მერიად და თემად გაიყო - ხოლო ლექსი ვალიაური რაიონის კულტურის სფეროს ჩამოცილდა, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, არსენ აზალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, მაია ლაღიაშვილი დაინიშნა.

 

არსენ აზალაძე ამბობს, რომ მაია ლაღიაშვილი მართლაც ნათესავია, ოღონდ მის დაუკითხავად ააიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" ხელმძღვანელმა გულიკო ბზიშვილმა სოფლის დეპუტატის რეკომენდაციით დანიშნა.

 

,,როგორც ვიცი, ჩემ ნათესავს რეკომენდაცია სოფელ ხიდისთავის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა საკრებულოში ლიანა კოვზიაშვილმა გაუწია, იმის რეკომენდაციით დაინიშნა" - გვითხრა არსენ აზალაძემ.

 

ლიანა კოვზიაშვილი მსგავს ფაქტს უარყოფს: ,,მე უბრალოდ არსენ აზალაძემ მკითხა, როგორი პიროვნებაა მაია ლაღიაშვილიო და ვუთხარი, რომ დადებითი პიროვნებაა" - აცხადებს ლიანა კოვზიაშვილი.

 

,,აიპის" ხელმძღვანელი გულიკო ბზიშვილი თვლის, რომ მაია ლაღიაშვილი, თავისი განათლებით, როგორც პედაგოგი, კულტურის სახლის ხელმძღვანელობას შეეფერება. თუმცა, როგორც ხიდისთავის სკოლაში გავარკვიეთ, მაია ლაღიაშვილი აღნიშნულ სკოლაში, მხოლოდ, კომპიუტერების მასწავლებლად, ,,ირმის ნახტომის" პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნით, დროებით მუშაობდა.

 

,,იმ პერიოდში დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი. მაია ლაღიაშვილს ხელშეკრულება დროებით გავუფორმე. ლოტოტრონით დანიშნულმა ახალმა დირექტორმა ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით კონკურსი გამოაცხადა და ამ კონკურსში მაშინ მაია ლაღიაშვილმა ვერ გაიმარჯვა." - აღნიშნავს მერი კაკაშვილი, რომელიც ამჟამად ხიდისთავის სკოლაში პედაგოგად მუშაობს.

 

ხიდისთავის მაჟორიტარი წარმომადგენელი ლიანა კოვზიაშვილი მაია ლაღიაშვილის მუშაობით კმაყოფილია: ,,იქ მუშაობს დოლების წრე, ჭადრაკის წრე, კიდევ იგეგმება ღონისძიებები, ალბათ, წლის ბოლოს შევაფასებთ მის მუშაობს" - გვითხრა ლიანა კოვზიაშვილმა მაშინ, როდესაც მის კაბინეტში სოფელ ხიდისთავის მკვიდრი ქევსერ სამადალაშვილი იმყოფებოდა და საუბარში ჩაერია:

 

,,მაგ ყველაფერს ხომ ლია გოგაძეც აკეთდება. თქვენ ხიდისთავში არ ცხოვრობთ და არ იცით, ვინ როგორ მუშაობს ხიდისთავში? როგორ შეიძლებოდა ლია გოგაძის გათავისუფლება?" - უთხრა ქევსერ სამადალაშვილმა სოფლის წარმომადგენელს. 

 

არსენ აზალაძე კი ამბობს, რომ თუკი მისი ნათესავის მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, საკუთარ ნათესავს ხელს არ დააფარებს.  ხიდისთავის კლუბში ჭადრაკის წრე ბავშვებს იმ დროს გაუცდათ, როდესაც ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები მუშაობდნენ. კლუბის დარბაზში კი სკამებს მტვერი ედო. 

 

გორის რაიონის 100-ზე მეტ სოფელში გადარჩენილია, მხოლოდ, 9 კლუბი. ამ 9 კლუბს შორის ერთ-ერთი ხიდისთავშია. კითხვაზე, უნდა დაფასდნენ თუ არა ის ადამიანები, ვინც კლუბები შემოინახეს, კულტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს სოფელს უნდა შევეკითხოთ. ლია გოგაძემ კი 200-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და გუბერნატორს გაუგზავნა. გუბერნატორმა კი გოგაძის წერილი მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს, ონიაშვილმა - არსენ აზალაძეს, არსენ აზალაძემ კი გულიკო ბზიშვილს გადაუგზავნა.  

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.