რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
ფრაუ ნინო და გერმანელი ტყვე გორში
კიოლნი, 1995 წელ

1995 წლის 26 იანვარს, გერმანიაში, მიუნჰენის კლინიკაში, გულის წარმატებული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ქართველი მეცნიერის, პროფესორ მიხეილ ახობაძის შვილიშვილს. კიოლნის ტელევიზიით გამოსვლისას, თარჯიმნის მეშვეობით, პაციენტის მამამ, გია ახობაძემ მადლიერება გამოხატა გერმანელ მედიკოსთა მიმართ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

..და ამ დროს, ტელეეთერის მსვლელობის დროს, ეზოდან სახლში შემოსულ ბატონ ფრანც ლოიოს, ჩაესმის სიტყვა ახობაძე, მისთვის ესოდენ ძვირფასი და მახლობელი ქართული გვარი.

ბატონი ფრანცი, ტელეგადაცემის დასრულებისთანავე მიუჯდა საწერ მაგიდას და წერილს უგზავნის კიოლნის ტელევიზიის ხელმძღვანელს.

,,ძალზე დავალებული და მადლობელი ვიქნები, თუ თქვენ მომაწვდით ახობაძის მისამართს და თუ, რატომ, ამას სულ რამდენიმე სტრიქონით მოგიყვებით:

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მე, როგორც სამხედრო ტყვე, რამოდენიმე ხანი გორში, სტალინის დაბადების ქალაქში ვიყოფებოდი, სადაც ერთ-ერთ სამხედრო ბრიგადაში ვმუშაობდი. ბრიგადის ტექნიკური ხელმძღვანელი კი, ვინმე ინჟინერი ახობაძე გახლდათ, რომელიც ძალზედ მეგობრულად იყო ჩვენდამი განწყობილი. მე, მაშინ, 25 წლის ყმაწვილმა, განვიცადე უდიდესი სიკეთე ახობაძის ოჯახისა და მათთან დამეგობრებული ექიმ ქალბატონისგან, ამავდროულად მისი პატარა გოგონა - ნუნუსაგან. წლების განმავლობაში ვცდილობ ახობაძის ოჯახთან კავშირის დამყარებას. წერილებმა გორის მმართველობისადმი და მცდელობებმა საარლანდში მოღვაწე ერთი ქართველი აკადემიკოსისა, შედეგი არ გამოიღო.

იქნებ შესაძლებელი იყოს თქვენი მეშვეობით ახობაძეებისა და მეორე ოჯახთან დაკავშირება, მათ შესახებ რაიმეს გაგება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ განვლილ თითქმის 50 წელს, შესაძლოა ბევრი რამ შეეცვალა. ჩემი გულის მოთხოვნილებაა, რომ თუნდაც ამდენი ხნის შემდეგ, შევძლო რამენაირად იმ მძიმე წლებში ჩემთვის გაწეული სიკეთისათვის, მადლობის თქმა.“ - ციტატის დასასრული.

ფრანც ლოიომ ოფიციალური წერილით, ორჯერ მიმართა კიოლნის ტელევიზიას, სადაც გია ახობაძის მისამართის განდობას თხოვდა, თუმცა ორჯერვე უარით უპასუხეს. ტელევიზია, ბოლოსდაბოლოს, მაინც დაინტერესდა და საბოლოოდ კონტაქტი შედგა. 90-იანი წლების პერიოდში მოშლილი საფოსტო ურთიერთობების არარსებობის გამო, წერილების გაგზავნა და გამოგზავნა, მხოლოდ, გერმანიაში მყოფი ქართველების მეშვეობით მოხერხდა.

ფრანც ლოიომ 2007 წლამდე იცოცხლა. ის გორიდან გერმანიაში დაბრუნების შემდეგ წარმატებულ სამხედრო კარიერას მიაღწია. იყო სამხედრო ატაშე ჩილეში.

ფრანც ლოიო ნუნუ (ნინო) ახობაძე-ოქროპირიძეს:

,,ძვირფასო ნუნუ, გთხოვთ, შემდგომ წერილში, დაწვრილებით მომწერეთ 1948 წლის მოყოლებული თქვენი ცხოვრების შესახებ: გააგრძელეთ თუ არა სწავლა, დარჩით თუ არა გორში, გაქვთ თუ არა ოჯახი, ვინ არის თქვენი მეუღლე, რამდენი წლის ხართ ახლა, თუმც უკეთესი იქნება, თუ გამომიგზავნით თქვენს ფოტოს და არა მხოლოდ ერთს. მომწერეთ დედათქვენის, ცოლ-ქმარ ახობააძების ოჯახისა და მარიამ (მარეხ) ხუციშვილის შესახებ.

ძალიან ხშირად მიფიქრია გორზე, იმიტომ, რომ შეუძლებელია კეთილი ადამიანების დავიწყება, რომლებსაც მცდელობა არ დაუკლიათ, მცირედით მაინც შეემსუბუქებინათ ჩვენი მდგომარეობა. ტყვეობაში მყოფ ჩემს თანაბრიგადელებთან, გარდა ერთისა, კავშირი აღარ მაქვს. ეს გახლავთ დოქტორი იუკენაკი, რომელიც გორის საავადმყოფოში იწვა და რომელსაც დედათქვენმა შეუნარჩუნა სიცოცხლე. დოქტორი იუკენაკი, შესაძლოა, იმ კვირასაც მოვინახულო, თუ გამოჯანმრთელდა, რადგან იგი უკვე 81 წლისაა.

1949 წელს, საშობაოდ პოლონეთის საზღვრის გავლით, აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარზე გადავედით, სადაც უკანასკნელად გაგვჩხრიკეს და საოჯახო სურათებიც კი ჩამოგვართვეს, მაგრამ მე, მაინც მოვახერხე ერთი ფოტოს დამალვა ქუდში. ეს ის პატარა საპასპორტო სურათია, სახსოვრად რომ მებოძა. და როცა გორსა და დვირის შესახებ ვყვები, ეს სურათი მუდამ ჩემთანაა. 

როდესაც გორზე ვფიქრობ, ფოტოგრაფიული სიზუსტით ვხედავ იმ ადგილებს, სადაც ჩვენ გვიმუშავია. გხედავთ თქვენ თქვენი საჩუქრებითა და ჩემთვის კაპიკ-კაპიკ მოგროვილი ფულით ხელში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ, არდადაგებზე მიემგზავრებოდით. თუ ძნელი არ იქნება, იქნებ გამომიგზავნოთ გორის ხედები სტალინის მუზეუმიდან, სადგურის მიმართულებით. საინტერესოა, როგორია დღეს თქვენი ქალაქი.

წლების მანძილზე ვცდილობდი საარლანდში მყოფი ქართველების მეშვეობით თქვენთან კავშირის დამყარებას. არც ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ჩემს მიერ გაგზავნილმა მეგობრულმა წერილებმა გამოიღო შედეგი."


უკან - 1944-48 წლებში

სტალინგრადიდან სტალინის ქალაქში



ფოტოზე: საბჭოთა ჯარისკაცების მიერ გერმანელი ტყვეების აყვანა

სტალინგრადის ბრძოლა — ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ.

ბრძოლა 1942 წლის 17 ივლისიდან დაიწყო 1943 წლის 2 თებერვლამდე გაგრძელდა. ტყვედ ჩავარდა ფედ-მარშალი პაულიუსი მთელი თავისი შტაბით. 90 000 ჯარისკაცი და 24 გენერალი. სწორედ, ამ ტყვეთაგანი მოხვდნენ გორში.


ნინო(ნუნუ) ახობაძე-ოქროპირიძე: პროფესორი - ,,გორში, როცა გერმანელი ტყვეები ჩამოიყვანეს, ნაწნავბაფთიანი, ახალგაზრდა გოგონა ვიყავი, ჩვენი სახლი, გორის ცენტრალურ ნაწილში აღმართული ნ. ბარათიშვილის ადგილას იდგა.
..ყველაფერი კი ასე დაიწყო..

ერთ მშვენიერ დღეს აივნიდან გადავიხედე და ჩვენი სახლის სიახლოვეს მომუშავე, უცხო გარეგნობის ადამიანები შევამჩნიე. როგორც შევიტყვე, ისინი გერმანელი ტყვეები ყოფილან. ერთ მათგანს, რომელიც გულმოდგინედ თხრიდა იქვე რაღაცას, ბავშვური სიალალით, რამდენიმე ვაშლი ჩავაწოდე.

ფოტოზე: რაფიელ ახობაძე მეუღლესთან ერთად
რაფიელ ახობაძე მეუღლესთან ერთად

საშინელ პირობებში უხდებოდათ გერმანელ ტყვეებს ცხოვრება. მათთვის გათვალისწინებული ულუფა შეუსაბამო იყო იმ შრომისა, რასაც ეწეოდნენ. ტყვეთა მძიმე საშინელმა ყოფამ, პირველყოვლისა ძია რაფო დააფიქრა, რამეთუ მას უხდებოდა უშუალოდ მათთან შეხება.

ერთხელ, თვითონ გახლდით მომსწრე, რა გულმოდგინეთ მოუყარეს თავი მცირეოდენ საკვებს შიმშილით ღონემიხდილ ტყვეებისთვის ძია რაფომ და მისმა შესანიშნავმა მეუღლემ, ქალბატონმა ბაბულია ფხალაძე-ახობაძისამ.

სამუშაო უბნისკენ მიმავალ რაფო ძიას გერმანელებს, სისხამ დილით, ჩვენი სახლის წინ უნდა ჩამოევლოთ. დავინტერესდი, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი და უეცრად ის ახალგაზრდა ამოვიცანი, ხილით რომ გავუმასპინძლდი. იგი 25 წლის საარლანდელი, ფრანც ლოიო აღმოჩნდა, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა, სტალინგრადთან განცდილი მარცხის შედეგად ჩავარდნილიყო ტყვედ.

სამუშაო პოლიგონზე მომუშავე ფრანცსა და ჩემს შორის მიმოწერა კარგა ხანს გრძელდებოდა. როცა რაიმეს მივაწვდიდით, ბიძაჩემი, გიორგი ოქროპირიძე, ჩემს წერილსაც გადასცემდა ხოლმე. ამ მიმოწერაში კიდევ ერთი გორელი ქალბატონი მარეხი ხუციშვილი იყო ჩართული. ასევე ჩემი დეიდაშვილი - ლეონიდე აბულაძე.

ახლოვდებოდა 25 დეკემბერი, კათოლიკური შობა, ყველამ ერთად დავიწყეთ ფიქრი, როგორ მიგველოცა ეს დღე-სასწაული. ამასთან ისე, რომ თითოეულ მათგანს, თავადაც განეცადა ჩვენგან მინიჭებული სიხარული. ერთად შევაგროვეთ რაც კი რამ გვებადა და ამასობაში, ყველაფერმა ამან, ორი დიდი ტომარა შეადგინა. თითოეულ გერმანელს ცალკე განესაზღვრა საჩუქარი. გარდა ამისა, შევეცადე გამეხალისებინა მათი გულები და ჩემი სახლის აივანზე მათთვის, საშობაო ნაძვის ხე აღვმართე.

საშინლად ყინავდა იმ ღამით. საშობაო ტვირთი ძია რაფომ, ჩვენთან ერთად, საკუთარი ზურგით ატარა და დიდი სიფრთხილით ბერიას ქუჩაზე (ამჟამინდელი გურამიშვილის), ისიც კომენდანტის საათის პირობებში, იმ სათავსოში განათავსა, სადაც ტყვეთა შრომის იარაღები ინახებოდა.

თენდება შობა დღე და ვხედავთ ჩვენს სახლებთან მოახლოებულ სამხედრო მწყობრით, მარშით მომავალ ტყვე-ოფიცერთა კოლონას. ჩვენდამი მადლიერების ნიშნად მწყობრი უეცრად შედგა, თითოეულმა მათგანმა ქუდი მოიხადა, სამკლაურზე დაიდო და ოფიცერთათვის ჩვეული მანერით მოგვესალმა - თავი წუთიერად დაგვიხარა. ბადრაგ-ზედამხედველი ვერაფერს მიხვდა, გაოგნებული აქეთ-იქით იხედებოდა.

ერთ დღეს, სამუშაოს დაწყების წინ, გერმანელმა ტყვეებმა რაფო ძიას შესჩივლეს, ერთი მათგანი ავად გამხდარიყო და, რომ მომაკვდავს, სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებოდა. დედამ დაუყოვნებლივ მოინახულა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ტყვე. მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა და ზოგიერთი მოჭარბებულად პოლიტიკურად მოაზროვნე ექიმი, მკაცრად შეაფუცხუნა. მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა სიკვდილის პირას მისული გერმანელი პაციენტის გადარჩენა.

და როგორც შემდგომში გაირკვა იგი, ფრანც ლოიოს მეგობარი და თავადაც პროფესიით ექიმი, დოქტორი იუკენაკი ყოფილა.

მახსოვს, 1948 წლის შემოდგომა იდგა, როცა გორის მე-3 საშუალო სკოლის მოსწავლემ, ფრანცს, ყურძენი რომ მივუტანე. სულ მალე კი, შეგვატყობინეს, რომ გორს სტოვებდნენ და სამუშაოდ ჩითახევში გადაჰყავდათ. დამშვიდობებისას გამოსათხოვარი წერილი გადმომცა და ირწმუნებოდა, რომ არასოდეს დავავიწყდებოდით.

გამგზავრებისას ჩემი ფოტოსურათი მთხოვა, თუმც თხოვნას ცივი უარით ვუპასუხე. ერთ დღეს კი, ჩითახევიდან თბილისისკენ გამწესებულებს, გორზე გამოუვლიათ. ფრანცს, როგორღაც მოუხერხებია წუთით ჩემს სახლში შემორბენა და დედასთვის ჩემი სურათის გამორთმევა. დაბნეულს პატარა სურათიღა მოუძიებია. ამ დროს მე უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდით და თბილისში ვიმყოფებოდი. აი, ამ დღიდან იკარგება ფრანც ლოიოს კვალი და ისე ჩამოითვალა ათეულობით წლები, მის შესახებ არარა გვესმოდა,“


გერმანელი ტყვეები გორში



ფოტოზე: ,,ბრანდერბურგის ჭიშკარი" გორში, გაკეთებულია გერმანელი ტყვეების მიერ

მაკინე ქარუმიძე-გოგიძე: ,,ახლაც მახსოვს ჩვენი სახლის სიახლოვეს, აბანოსკენ მიმავალი ტყვე-გერმანელები. როგორღაც ვახერხებდით და მალულად, შიგადაშიგ, ლუკმას ვუყოფდით საცოდავებს. მასოვს, რა ენით აუწერელი სიხარული - ზეაღტაცება დაეუფლათ, როცა რეპატრიაციის ჟამმა უწია გერმანელს ტყვეებს. როდესაც შინ დაბრუნდნენ, მათი მონათხრობი ადგილობრივებმა არარეალობად აღიქვეს.

ერთმა ტყვეთაგანმა თავდავიწყებით შეიყვარა ჩემი უფროსი და - მარიმი, რომელსაც ძოწის ოქროს ჯვარი და ვერცხლის სადილის კოვზი მიუძღვნა, გულთან ერთად. თუმცა ჩემმა დამ ხელის თხოვნაზე უარი განუცხადა.“

ქეთევან ბერიძე: ,,ბავშვობისას, პედსასწავლებელში ვსწავლობდი. ერთ საღამოს, ჩვენს სასწავლებელში, რომლის მიმდებარე ქუჩაზე გორში მყოფი გერმანელი ტყვეები ქვაფენილს აგებდნენ, კონცერტი უნდა გამართულიყო. კონცერტზე სავიოლინო ნაწარმოებით - ,,მზე შინა და მზე გარეთა“, - უნდა გამოვსულიყავი, მთლად გადაივსო ფოიე დამსწრე საზოგადოებით, ცოტა არ იყოს, ვღელავდი კიდეც.

..და აი, ჩემი გამოსვლის დროც დადგა, თრთოლვით ავიღე ხელში ვიოლინო და აღნიშნული ნაწარმოების შესრულებას შევუდექი. დღესაც ვერ მივმხდარვარ, საიდან, ან როგორ აღმოჩნდა ჩემს გვერდით, ღამის ცასავით მშვიდი სახის, ძვალტყავად ქცეული, საკმაოდ ასაკოვანი, ტყვე - ჯარისკაცის უნიფორმაში გამოწყობილი გერმანელი, რომელმაც ფრთხილი მოძრაობით მეორე ვიოლონო გულში ჩაიკრა და ჩემთან უნისონში ქართული მელოდია ისე აამეტყველა, იფიქრებდით, ბულბული ჰყავდა ვიოლინოზე დასმული. ერთი ხანობა შევცბი, შევშინდი, თითქოს კანკალმაც ამიტანა... და ასე, შეხმატკბილებულად ამოვწურეთ ნაწარმოები... თითქოს ამით უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, თუმცა ტყვემ, გულში ბავშვივით ჩაკონებული, მონატრებული ვიოლინო, რომელიც საკუთარი ცრემლებით მთლად დაესველებინა, ვერ დათმო, ასე იოლად მას და ,,მზე შინა და მზე გარეთა“-ს შესრულებას ახლა თავად, ჩემს გარეშე შეუდგა“

ვაჟა კვალიაშვილი: ,,ყოფილი ორჯონიკიძის (დღევანდელი გორიჯვრის ქუჩა), სადაც მე ვცხოვრობდი, ტყვე-გერმანელების მოკირწყლულია. შემდგომში ქვაფენილი ასფალტმა შთანთქა. ხშირად, ჩვენს ეზოში შემოდიოდნენ დასაწყურებლად. მინდა გითხრათ, რომ ძალზე ყურადღებიანი, ამასთან ხელმარჯვე ოსტატები იყვნენ. მახსოვს მათ მიერ დამზადებული პროპელებიანი თვითმფრინავები და სათამაშო თოჯინები, ბავშვებს რომ გვჩუქნიდნენ.

ასლან ილარიშვილი (ლოტბარი) - ,,დაბეჟითებით შემიძლია ვთქვა, რომ გერმანელი ტყვეები არასდროს ქურდობდნენ. უბრალოდ, ეს მათთის წარმოუდგენელი იყო.“

ნანა თავზარაშვილი: ,,თავად გერმანელ ტყვეებთანაც მქონდა შეხება, მახსოვს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომუშავე ერთმა გერმანელმა ტყვეთაგანმა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ მისთვის გამოყოფილ თავისუფალ დროს, საათების შეკეთებას მიჰყო ხელი. სახელიც მალე გაითქვა. დეიდაჩემებმა - ნინა და ქეთევან თაქთაქიშვილებმა ტყვე - მესაათეს შესაკეთებლად უძვირფასესი, ოქროს უნიკალური საათები მიუტანეს, თუმცა, რეპატრიაციის გამო, მესაათეს ქალაქი დაატოვებინეს და მოულოდნელად გერმანიაში გააგზავნეს. გადის რამოდენიმე თვე და ომიდან დემობილიზებულმა გორელმა, გვარად ნადიბაიძემ, შინ მოაკითხა ჩემს დეიდებს და ის უძვირფასესი საათები გადასცა.“

ნაწყვეტი ვაჟა შაქარაშვილის წიგნიდან
,,მესამე რაიხის ტყვე ჯარისკაცები გორში“, 2016 წელი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.