რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
პოლიგონის გვერდით აშენებული საბავშვო ბაღი

 

,,ფაქტობრივად, ბავშვები განწირული ჰყავდათ" - გვეუბნება გორის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დოკუმენტების ოფიციალურად გაცნობისას. ,,მშენებლობა ისე დაიწყო, არც ნებართვა გასცეს და ექსპერტიზა საერთოდ არაფერს ჩაუტარეს, არც მიწას და არც შემდეგ შენობას. აქ ხომ ბავშვები უნდა შეეყვანათ?" - გვეუბნებიან მერიაში. იმ დოკუმენტებს გვაჩვენებენ, რომლის მიხედვით, სამხედრო პოლიგონის სიახლოვეს მდებარე მიწაზე საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობით ყოფილი გუბერნატორები, მისი მოადგილეები და ქურთას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არც კი დაინტერესებულან. 

 

შენობის ბზარების შესწავლას კი ორი ექსპერტიზის, ლევან სამხარაულის ბიუროსა და კირიაკ ზარიევის საინჟინრო ცენტრის შეწუხება დაჭირდა.

 

მოკლედ, საბავშვო ბაღის აშენების ისტორია ასეთია. 

 

2012 წლის 12 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, გამგებელი დავით ხმიადაშვილი) ვერხვების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი 99 წლიანი აღნაგობის იჯარით ქურთას მუნიციპალიტეტს (საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე, გამგებელი დავით დათაშვილი) გადასცა. 

 

ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის  გაფორმებული პროგრამის ,,SAPPORT TO GEORGIA IDP’s ACTION PLAN 2009 PART  III”  საფუძველზე მე-3 ტრანშის თანხები სახელმწიფომ მიიღო. ამ პროგრამით დევნილებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ იმ პროექტების სია დაამტკიცა, სადაც ქ. გორის ვერხვების დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის თანხმობაც მოხვდა. საორიენტაციო ღირებულებით 500 000 ლარი.

  

იმისათვის, რომ ევროკავშირის მიერ ფულადი სახით გაწეული დახმარება  დევნილთა დასახლებას მოხმარებოდა,  ადგილობრივ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა ქურთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მიწის ფართობის გადაცემა ამჯობინეს. ქურთას მუნიციპალიტეტი დევნილ თვითმმართველობას წარმოადგენს და პროგრამის მიზნობრიობა ამით გამართლებული იქნებოდა.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საბავშვო ბაღის მშენებლობას ქურთას მუნიციპალიტეტთან ერთად შეუდგა.  ტენდერის გზით გამოვლენილ სამშენებლო კომპანია შპს ,,ნიუ კონტრაქშენთან’’ 2012 წლის 25 ივლისს გააფორმდა კიდეც ხელშეკრულება.

 

სამუშაოები 2013 წლის დასაწყისში დასრულდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდში გაარკვიეს, რომ საბავშვო ბაღი სამშენებლო ნებართვის გარეშე მუშაობდა. ქურთას მუნიციპალიტეტს ჯარიმის გადახდა ემუქრებოდა.

 

2013 წლის 23 მაისს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ პროექტის შინაარსობრივი მხარე არადამაკმაყოფილებელია. ამის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტექნიკური მდგრადობის შესამოწმებლად კირიაკ ზარიევის საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრს მიმართა.

 

საინჟინრო ცენტრიდან 2013 წლის 18 ნოემბერს შედგენილი პასუხის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ შენობა ხარვეზებს შეიცავს:

 

,,პროექტში არ არის მოცემული თუ როგორ ხდება პირველი სართულის მზიდი კედლების დაყრდნობა ლენტურ საძირკვლებზე;"

 

,,მონოლითური სვეტების მოწყობა სეისმურ რაიონებში დაუშვებელია."

 

,,გაურკვეველია შენობის კედლების ჩამაგრება მონოლითური რკინაბეტონის კარკასთან"

 

,,გარე კედლის სხვადასხვა მონაკვეთზე , ასევე მეორე სართულის შეწყვილებულ  სვეტებს შორის  ჭერის დონეზე შეინიშნება სხვადასხვა ზომის ბზარები"

 

,,იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის აშენებიდან საკვლევ ტერიტორიაზე არ მომხდარა მნიშვნელოვანი სახის სეისმური ზემოქმედება და შენობაზე ბზარები წარმოიშვა სტატიკური დატვირთვების ზემოქმედების დროს, ბზარების წარმოშობის შესაძლო მიზეზის დასადგენად საჭიროა შენობის დამატებითი კვლევა"

 

ამ დასკვნას ხელს ექსპერტი დავით ფირყულაშვილი აწერს.

 

ამის შემდეგ 2014 წლის 20 თებერვალს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კირიაკ ზარიევის სახელობის საინჟინრო ცენტრს მიმართა თხოვნით, რომ მოეხდინა ის დამატებითი კვლევა, რასაც საკუთარ დასკვნაში საინჟინრო ექსპერტი 2013 წლის ნოემბერში უთითებდა.

 

მართლაც, 2014 წლის 29 აპრილიდან 11 აგვისტომდე, ჩატარდა შენობის მონიტორინგი. კერძოდ, 2014 წლის 29 აპრილსს შენობის დაბზარულ ადგილებში თაბაშირის 2 ყალაური დამონტაჟდა გამოვლენილი დაზიანებების მონიტორინგისა და შესაძლო პროგრესირების დასადგენად.

 

,,მონიტორინგის 4 თვიან პერიოდში არც ერთი ყალაური არ დაზიანებულა, გამოვლენილი ბზარების პროგრესირება არ მომხდარა, რაც იძლევა საფუძველს, რომ ითქვას, შენობის ტექნიკური მდგომარეობა სტაბილურია და მდგრადობის პირობა დაკმაყოფილებულია" - წერია 2014 წლის 26 აგვისტოს დასკვნაში. აღნიშნულ დასკვნაში არაა მითითებული რაიმე მიმანიშნებელი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვერხვების დასახლების სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე სისტემატიური წვრთნები ხორციელდება.

 

მიწის ნაკვეთი, სადაც საბავშვო ბაღი ააშენეს, ქურთას მუნიციპალიტეტის ბალანსზე 2014 წლის 20 ნოემბრამდე დარჩა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ნოემბრიდან გორის მერიის ბალანსზე, მერიის მოთხოვნის საფუძველზე, გადავიდა.

 

იმის გამო, რომ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ჩატარდა, 2015 წლის 5 თებერვალს მეაღნაგეს სტატუსი მუნიციპალური განვითარების ფონდს მიენიჭა. შესაბამისად, სამუშაოების უნებართვოდ ჩატარებისთვის 3 ათასი ლარი ამ უწყებას დაეკისრა.

 

საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 10 მარტის ბრძანების საფუძველზე  მიიღო. 27 მარტს კი საკრებულო აიპი ,,გორის მე-20 საბავშვო ბაღს" დააფუძნებს. ამის შემდეგ მერი დანიშნავს დირექტორს, რომელიც თავის მხრივ შიდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას შეუდგება. სუბსიდიებიც ამის შემდეგ გამოიყოფა.

   

,,მშენებლობის დაწყების პერიოდში, როგორც გუბერნატორი (ზურაბ ჩხეიძე), აგრეთვე ქურთას მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დათაშვილი, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე  იყვნენ იმჟამინდელი პოლიტიკის გამტარებელი პირები, რომლებიც დღეს გვესაუბრებიან და გვმოძღვრავენ კანონის დაცვაზე, თავად კი კანონის გვერდის ავლით და უგულებელყოფით  აშენებული აქვთ როგორც ეს საბავშვო ბაღი, ისე სხვა შენობებიც." - აცხადებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.