ახალი ამბები
წნელისის კრიზისი

ფოტოზე: ირაკლი ანთიძე, კახაბერ ქემოკლიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი

ჩორჩანადან წნელისის საგუშაგომდე თითქმის 3 კმ-ია. ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე - ზნაურის რაიონს, რომელსაც რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ. ორ სოფელს შორის, მთები და გაუვალი ტყეა, ასევე მდებარეობს ტალკის ყოფილი საბადო. იქ საბჭოთა პერიოდში ორივე სოფლის მოსახლეობა ერთად მუშაობდა.

ჩორჩანადან წნელისამდე გზის გაჭრა დიდი ხნის წინ დაიწყო. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე
ხეები ამოძირკვულია, ხოლო ნიადაგი მოსწორებული. ტექნიკა დღესაც მუშაობდა.  საგუშაგოს მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფერდობიდან ექსკავატორის მეშვეობით მიწის ფენა მოუცლიათ იმისათვის, რომ საპოლიციო საგუშაგო უკეთ მოწყობილიყო. 


ფოტოზე: გზა ჩორჩანადან საგუშაგომდე

გზის გასწვრივ სპეციალური ჯიბეებია მოწყობილი. ეს იმიტომ, რომ შემხვედრმა მანქანებმა ერთმანეთს გვერდი აუაროს. 

,,ბოლო დროს, მანდ ტყეში ხალხი შეშაზე დადიოდა. რაც გზის გაყვანა დაიწყეს, შეშის გამო ტყეში წასვლას ვეღარავინ ბედავს“ - გვითხრეს ჩორჩანაში. მოსახლეობის თქმით, ინტენსიური მოძრაობის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ცხოვრობენ:

,,აქამდე ვერც ვგრძნობდით, რომ ჩვენი სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარეობდა. რაც ეს მოძრაობები დაიწყო, მივხვდით, რომ სწორედ ასეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. ჩვენი პოლიციის მოძრაობა კარგია, რადგან ვგრძნობთ, რომ პოლიცია გვიცავს“ - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელიც ძალიან სწუხს იმაზე, რომ უგზოობის გამო, სოფელში საპენსიო მანქანაც კი, არ მიდის.



საგუშაგოს მშენებლობა

ტყეში გაჭრილი გზა ბოლოს ქვევით ეშვება. მკვეთრი დახრილობის მონაკვეთზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე მანქანა შეგვხვდა.  საგუშაგოც გამოჩნდა. საგუშაგოს თავზე ქართული დროშა ფრიალებს:

საქართველოს შს სამინისტროს მიერ მოწყობილი საგუშაგო იმ ხეობას აკონტროლებს, რომელშიც ზნაურის (ამჟამინდელი ყორნისის) რაიონის სოფლები: წნელისი და გვირგვინა მდებარეობს. დღეს ჟურნალისტებს იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ ამ ორი სოფლის მიდამოები, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ, საგუშაგოდან დაგვენახა.


ფოტო საგუშაგოდან - სოფელი წნელისი

საგუშაგოს სიახლოვეს რამდენიმე სახლი დგას, რომელთა ფანჯრებს არც მინები აქვს, ხოლო სახურავები დაზიანებულია. სოფლის განაპირას ამჟამად არავინ ცხოვრობს. სოფლის გვერდით სამანქანო გზაა. გზის მეორე მხარეს ფერდობია, სადაც რუსი ან ოსი სამხედროები დგანან. როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის მედიასთან საუბრისას განაცხადა, წნელისთან ოსური საგუშაგოც განთავსდება.

ერთ-ერთ დანგრეულ შენობის სიახლოვეს, დღეს ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ მოლაპარაკების პროცესს. მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ესწრებოდნენ ასევე რუსეთის წარმომადგენლები. შეხვედრის ადგილის სიახლოვეს ვერცხლისფერი რუსული წარმოების ,,09“ მარკის ავტომანქანა მოძრაობდა. თქვეს, რომ ამ მანქანით მივიდნენ ოსური მხარის წარმომადგენლები.

სიტუაცია მოლაპარაკებამდე

ასეთი იყო ვითარება დღეს 30 აგვისტოს იმ ადგილზე, რომლის მიმართ დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ეგორ ყოჩიევმა პრეტენზია განაცხადა და ულტიმატუმი ერგნეთში წამოაყენა.  29 აგვისტოს ყოჩიევმა განაცხადა, რომ საქართველოს შს სამინისტრომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე უნდა აიღოს ბლოკპოსტი.

ერგნეთის 95-ე შეხვედრა დე-ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ ნაადრევად დატოვა. ცხინვალის დელეგაციის წევრები ამტკიცებდნენ, რომ თბილისმა წნელისთან უკანონო საგუშაგო მოაწყო, რადგან საგუშაგო, მათი აზრით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსდა.

,,ოსურმა მხარემ მოსთხოვა ქართულ დელეგაციას 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოახდინოს პოსტის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში რესპუბლიკა ყველა ღონეს იხმარს თავისი ხალხის და საზღვრის დასაცავად." - ციტირებს სააგენტო ,,რესი"

იგორ ყოჩიევის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარიგან პირობა არ შესრულდებოდა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ,,მიიღებდა ყველა სამართლებრივ ზომას სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად."


ფოტოზე: ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში გამართული შეხვედრის დეტალები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასე განმარტა:

,,შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის (ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ IPRM-ი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებალია განხილული იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს შეხვედრა,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა.

ერგნეთის შეხვედრის პარალელურად, დე-ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებულ სოფლებში, გვირგვინასა და წნელისში დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მათ უსაფრთხოებას დე-ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაიცავენ.

30 აგვისტო

ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე საგუშაგოზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების მისვლა უზრუნველყო. გამთენიისას, დილის 6 საათზე, ჟურნალისტებმა საგუშაგოს სიახლოვეს, მოსალოდნელი ინციდენტის საშიშროების მიუხედავად, აქტიური გაშუქება დაიწყეს.


ფოტო: გადაღებულია საგუშაგოდან, რომელიც 30 აგვისტოს მოლაპარაკების პროცესს ასახავს.

საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი არ შეასრულა და ბლოკსაგუშაგო არ გააუქმა.

ულტიმატუმის ვადის გასვლიდან 2 საათის შემდეგ, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ სოფელ წნელისში მდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოძრაობა დაიწყეს. ქართული პოლიციის საგუშაგოზეც ხალხი ემატებოდა, როგორც პოლიციელები, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

საგუშაგოზე იმყოფებოდნენ ასევე ერგნეთის შეხვედრის მონაწილე დელეგაციის წევრები - კახაბერ ქემოკლიძე და ირაკლი ანთიძე. ჟურნალისტებს აცნობეს, რომ გაიმართება მოლაპარაკებები, რომელში მონაწილეობას,სწორედ, IPRM-ის წარმომადგენლები მიიღებდნენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის მისიის წევრებთან ერთად, ტალკის ყოფილი საბადოს ადმინისტრაციის ერთ-ერთ დანგრეულ შენობასთან მივიდნენ. იქ ასევე მივიდნენ დე-ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. მოლაპარაკება თითქმის 3 საათს გაგრძელდა.

მოლაპარაკების შედეგი

მოლაპარაკების დამთავრებამდე რ დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.


ფოტო: მოლაპარაკების შემდეგ თბილისის დელეგაციის წევრები საპოლიციო განყოფილების ხელმძღვანელებს ესაუბრებიან

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტი აცხადებდა, რომ „პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი“.

„იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „პარლამენტის“ საიტზეა გამოქვეყნებული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას.

„შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ფაქტობრივად შევუდგებით დღეიდანვე," - განაცხადა ქემოკლიძემ.



რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს, ცხინვალის დელეგაციამ ამ კუთხით, მკვეთრი პოზიცია აღარ გამოხატა:

„პირველი და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკ-საგუშაგო, რომელიც განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, და ჩვენ, კითხვები, რომელიც ბლოკ-საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და ჩვენი არგუმენტებით, გარკვეულ წიალდ დავარწმუნეთ, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან განთავსებულები, უსაფრთხოების დაცვაა. მომდევნო კვირაში ჩაინიშნა ერგნეთში შეხვედრა, სადაც ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ ამ საკითხზე,“-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.



საბოლოო შედეგი -
მეორე ბლოკპოსტი წნელისთან

,,წნელისის კრიზისი“ საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც საგუშაგოს მოაწყობს. განცხადება დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გაავრცელა.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დღის ბოლოს, წნელისის მეორე მხარეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აფრიალდა.


სოფელი ჩორჩანა, რომელიც არავის ახსოვდა
როგორც აღვნიშნეთ, სოფელი ჩორჩანა ახალი საგუშაგოდ დაახლოებით 3 კმ-ით არის დაშორებული. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი დღის ბოლოს გამოჩდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

რუსუდან მინდიევი ამბობს, რომ წლების განმავლობაში, სოფელი საკუთარი პრობლემების ამარა ცხოვრობდა:

,,აქ იყო უგზოობა, არავინ იცოდა ჩვენი სოფელი სად მდებარეობდა. უსაფრთხოდ, მეტ-ნაკლებად ვგრძნობდით თავს, რადგან არც აგვისტოს ომის დროს და არც მის შემდეგომ, აქ რუსი და ოსი სამხედროები არ შემოსულან. ამ ახალი საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ, უფრო, დაიძაბა სიტუაცია. სოფელი არ დაცლილა, უბრალოდ, დროებით მოვარიდეთ ბავშვები სოფელს“ - აცხადებს რუსუდან მინდიევი.

პენსიონერი მოსახლეობა კი, აცხადებს, რომ ფინანსურად მოსახლეობას ძალიან უჭირს:
,,თავის გატანა ხალხს ძალიან უჭირს. გაიხედეთ-გამოიხედეთ, რა მოსავალი მოდის ჩორჩანაში? არაფერი. კარგი იქნება, თუ სოციალურ დახმარებას ყველა ოჯახს დაუნიშნავენ. სულ რაღაც 20 კომლი ცხოვრობს. წარმოდგინეთ, პენსიის მანქანაც კი, არ მოდის სოფლამდე, რომ პენსია მოიტანოს. 20 ლარი მეხარჯება იმისთვის, რომ პენსიის ასაღებად წავიდა მეზობელ სოფელში ან ხაშურში“




Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის

ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
,,რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში დაგვირეკეს კლინიკაში და გვითხრეს, რომ ნაავარიებელი
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ნუგი ახალკაცი - ომის დროს დაღუპული 16-წლის ბიჭის ამბავი
ტრაგიკული ამბავი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ნანა ახალკაცის ოჯახს დაატყდა. ბებიასთვის
ომის ფოტოისტორია - ზაზა და თამაზ გოგიშვილები ზემო ხვითიდან
ფეხებით გვდგებოდნენ, სიგარეტის ნამწვს გვაყრიდნენ ზევიდან, „მაიკა“ სულ ამომწვარი იყო. გადავტრიალდებოდი და ისე ვაგდებდი სიგარეტის ნამწვებს
ამავე კატეგორიაში
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო
პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა
12:06 / 20.09.2019
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის
ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ლეხურა-სვენეთის გაზსადენის
16:49 / 19.09.2019
ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით
ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. მათ, სწორედ, ის გზა გაიარეს,

22:22 / 18.09.2019
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან
მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
14:15 / 18.09.2019
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან
მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
გზა ფერდობს მიუყვება, სადაც ბევრი მოსახვევია. გგონია, მეორე ან მესამე მოსახვევის შემდეგ გამოჩნდება სოფელი,
01:45 / 18.09.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.