ახალი ამბები
სოფელი ნიგოზა
,,ნიგოზივით გემრიელი მიწააო“ - ასე უთქვამს თავად ამილახვარს ქსნის ხეობის სოფელ კუცხოეთიდან ჩამოსულ ოჯახებისთვის, როცა ქვემო ჭალელ თავადს ისინი იმ ადგილას მიუყვანია, რომელიც ახლა ავტობანის გასწვრივ მდებარეობს. ოქრო მიუციათ ამილახვრისთვის და ასე გაჩნდა სოფელი ნიგოზა. ეს ხდებოდა მე-19 საუკუნის შუა ხანებში.


ფოტოზე: სოფელი ნიგოზა, მდინარე თორთლას მხრიდან

დღეს სოფელ ნიგოზაში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლებმა კვერნაკის (კვერნაქი) ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს. საძოვრები ამ ქედზე აქვთ, ხოლო ნაკვეთები ქვევით, მდინარე თორთლას გასწვრივ.

ილია მუზაშვილი მალე 60 წლის გახდება, ამჟამად, ნიგოზას საჯარო სკოლაში სპორტის გაკვეთილებს ატარებს. ახალგაზრდობაში რაგბისტი იყო, ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით საქართველოს სახელით.

1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის გაღვივების შემდეგ, სპორტს თავი მიანება. მეგობრები რაგბიში დაბრუნებას სთავაზობდნენ, მაგრამ ილიამ ამაზე უარი განაცხადა:

,,ძალიან ბევრი მეგობარი მითვლიდა, რომ დავბრუნებოდი სპორტს, მაგრამ არ შემეძლო. წარმოიდგინეთ ისეთი დრო იყო, სადმე, რომელიმე ქალაქში, ვინმეს შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის, ეთნიკური ნიშნით, ამას ვერ ავიტანდი და მოვერიდე. უკვე დაოჯახებული ვიყავი და დავრჩი სოფელში. მივხედე ჩემ სახლ-კარს და გავაგრძელე შრომა“ - გვიყვება ბატონი ილია.

ახალგაზრდობის საუკეთესო წლების მოგონებები მხოლოდ მეხსიერებაში დარჩა. ფოტოებიც კი, ახლობლის სახლში შემთხვევით გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. ამბობს, რომ აქ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, იმაზე მეტი, ვიდრე გამყოფი ხაზის მიღმა, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა თუნდაც ერთ მეგობარს ვეღარ ნახულობს. 30 წელია იმის მოლოდინშია, როდის მოგვარდება ურთიერთობა.

მას თავის ნაკვეთში ვესაუბრეთ, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც ავტობანიდან სულ რაღაც 350 მ-ში ბანერია დამონტაჟებული. აქედან იწყება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ. 

,,ყველაზე ძალიან გულს ის მტკენს, რომ ვისთანაც ვმეგობრობდი, მეგობრობა იცით თქვენ, რომ ურთიერთგატანაა და ეს ორი მეგობარი რომ ერთმანეთს დაეტაკა და აირდაირია სიტუაცია, ყველაზე ძალიან ეგ მტკენს გულს, იმიტომ, რომ მე მეგობრები აქეთ უფრო მეტი მყავს, ვიდრე იქით, მაგრამ მეგობარი თუნდაც ერთი იყოს, იმას მოფრთხილება უნდა. იქაც მყავს მეგობრები, რომლებიც წლებია არ მინახია.“ - გვიყვება ილია მუზაშვილი და იქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დრო სწრაფად გადის:

,,60 წლის ვხდები ამ ექსპერტიმენტებში. ჰა, ხვალე იქნება კარგი ცხოვრება, ზეგ იქნება, მაზეგ იქნება და ვერაფერს სანუგეშოს ვხედავ ამ პოლიტიკური არეულდარულობის გარდა. რომ შემეძლოს გამყოფი ხაზის გადალახვა, პირველ რიგში კოლა გაბიევს ვნახავდი სიამოვნებით. წარმოშობით აბრევიდანაა. როგორც ბოლო ინფორმაცია მაქვს, წასულა აქედან. ამ წუთში სადაა, ზუსტად არ ვიცი.“ - ამბობს ილია მუზაშვილი თავის მეგობარზე. კოლა გაბიევი აბრეველია. აბრევი კი, ავტობანიდან ჩანს.


ფოტოზე: ნიგოზას საჯარო სკოლა, სადაც რამდენიმე სოფლის მოსწავლე დადის

ილია მუზაშვილის ნაკვეთის გვერდით ჭიჭიკო მუზაშვილის ნაკვეთია. ნაკვეთის მფლობელი მიწას ამუშავებდა, მასაც გავესაუბრეთ.

გვითხრა, რომ სოფელში უმეტესობა მუზაშვილები ცხოვრობენ, ბედოშვილები, ბიგანიშვილები, კუდუხაშვილები. ერთადერთი ქართული ოჯახი - გამხიტაშვილებისაა.

,,ადრე 85 კომლი ცხოვრობდა, ახლა კი - 44 ოჯახია დღეის მდგომარეობით. პრობლემა ბევრი იყო, მაგრამ ნელ-ნელა აკეთებენ უკეთესობისკენ. შუქი არ გვქონდა - გაგვიკეთეს, გაზი შემოიყვანეს, სასმელი წყალი შემოიყვანეს, ახლა გვიკეთებენ სარწყავ სისტემას - სხვა რაღა უნდა სოფლელ კაცს?! ბოდიში, მაგრამ თოხს ხელიდან არავინ გამოგართმევს და შენ მაგივრად არავინ გათოხნის. ხალხმა თავი უნდა დახარონ და იმუშაონ. გავზარმაცდით, მუშაობა აღარავის უნდა, ყველას სიმდიდრეში ცხოვრება უნდა. ბანკებში გაყვეს თავები და გარეთ გამოხედვა აღარ უნდათ. ვიღაცის ანგარიშზე უნდა იცხოვრონ - ასე არ ვარგა!“ - გვითხრა ჭიჭიკო მუზაშვილმა.

სწორედ მან გვითხრა, რომ სოფელში ყველა გვარს თავისი საგვარეულო სალოცავი აქვს. ჩვენც ამ საგვარეულო სალოცავების სანახავად წავედით. ტირიფონის ველზე რომ გავედით, მართლაც სხვადასხვა ფერდობზე რამდენიმე სალოცავი დავინახეთ, მაგრამ ამავე დროს გამოჩნდა უძველესი ტაძრის კედლებიც. როგორც აღმოჩნდა, საგვარეულო სალოცავების გარდა, სოფლიდან 3 კმ-ში წმ. გიორგის უძველესი ეკლესია მდებარეობს.

ეკლესიის ძირში მწყემსები შემოგვხდნენ. ამ მწყემსებს შორის, ერთ-ერთი ახალი დაბრუნებული იყო სოფელში და თავისი ისტორიაც მოგვიყვა. მანამდე, მწყემსებთან ერთად უძველესი ეკლესია ვნახეთ. ნიგოზელებმა გადმოცემით იციან, რომ როცა ქსნის ხეობიდან ჩამოვიდნენ, მანამდე ეკლესიის გარშემო ხალხი ცხოვრობდა.


ფოტოზე: ზურ ხაჩირაშვილი და გიორგი ბედოშვილი წმ. გიორგის ეკლესიასთან

ადგილობრივი მკვიდრი ზურა ხაჩირაშვილი გვიყვება, რომ ყველა სალოცავში დღეობები სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებს ემთხვევა:

,,ეს პატარა სალოცავია და სულ 8 სალოცავია გარშემო. ყველას პატივს ვცემთ. ყველას თავისი დღეობა აქვს. აქედან მოჩანს სალოცავი, სადაც 21 სექტემბერს ავდივართ ხოლმე, ღვთისმშობლობას.’’ - გვითხრა ზურა ხაჩირაშვილმა. მისმა მეგობარმა, გიორგი ბედოშვილმა გვითხრა, რომ სწორედ ხაჩირანთ გვარს უკავშირდება მთიდან ბარში ნიგოზელების ჩამოსვლის მოთავეობა.

გიორგი ბედოშვილი 25 წლისაა. ის ორი წლის იყო, როდესაც მშობლებმა ვლადიკავკაზში წაიყვანეს. 12 წლის ასაკში მისი მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ, ეს რუსეთთან გართულებული ურთიერთობების პერიოდს დაემთხვა. ცხოვრება რუსთავში გააგრძელეს და სკოლაც იქ დაამთავრა. ნიგოზაში ბებიასთან და პაპასთან ზაფხულობით ჩამოდიოდა. წელს კი, 2020 წლის გაზაფულზე, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ცოლ-შვილთან ერთად მთლიანად გადმოსახლდა ნიგოზაში:

,,ამ პანდემიის დროს, სამსახურიდან წამოვედი ჩემი სამი შვილის გამო, ისეთი სამსახური მქონდა, რომ ხელი ვერ მიწყობდა, ვერ გავრისკე მუშაობა. წამოვედი სოფელში, შევიძინე 4 დეკეული, ხბორები, დღეს უკვე დეკეულები არიან, მოსაგებლებლები არიან, მალე იმაკებენ, ვაძროხებ და ასე შემდეგ. ღორი შევიძინე, ქათმები, წამოვედი ჩემი ცოლ-შვილით, აქეთ ვარ, სუფთა ჰაერზე, ჯანმრთელად, ისედაც ამ 8 თვის განმავლობაში ძალიან შემიყვარდა, ისედაც ყოველთვის მიყვარდა ჩემი სოფელი, მაგრამ ეხლა უფრო ძალიან და უფრო სიცოცხლის წყურვილი გამიჩნდა და ასე შემდეგ“ - გვითხრა გიორგი ბედოშვილმა.

გიორგის იმედი აქვს, რომ მისი მცირე მეურნეობა ისე გაფართოვდება, რომ ოჯახის ყველა წევრს ნიგოზაში გადმოიყვანს და ბავშვებსაც სოფლის სკოლაში გააგრძელებინებს სწავლას.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან:
13:03 / 08.05.2021
ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული
ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული "სინოფარმის" ვაქცინა
22:16 / 07.05.2021
20 მაისს, 11:00 საათზე, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული
20 მაისს, 11:00 საათზე, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
12:23 / 07.05.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან
11:17 / 07.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
ქვემო ლეთეთში გვითხრეს, რომ სკოლის დამაარსებლის, აწ გარდაცვლილი ნიკოლოზ ზასუხაშვილის შვილიშვილი
,,პირველად რომ ხნული გაავლეს, ნაკვეთს თითქოს თავი მოაჭრესო, ეგეთი ფორმა მიიღო.
ჯერ სოფელი ყობია, შემდეგ წნელისი, შემდეგ გარშემო – აბანო, კოდა, შორს – გაღმა მხარეს ატოცი.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.