ახალი ამბები
როგორ მიმდინარეობს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გორში
18 წლის გიორგი ცერაძე გორში პირველი იქნება, ვინც 5 მაისს "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება. ,,გორმედის" კლინიკაში მას დილის 10 საათზე ელოდებიან. "სინოფარმით" დაგეგმილ აცრებზე ერთი კვირის განმავლობაში ყველა ადგილი უკვე დაჯავშნილია.

გორში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად 15 მარტს შემოვიდა. 29 აპრილის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 900 ადამიანია აცრილი. ძირითადად, "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი". გორის მუნიციპალიტეტში სულ 102 000-მდე სრულწლოვანი მოქალაქე ცხოვრობს.

,,იცით თქვენ, რომ ვაქცინაციის დასაწყისში ქვეყანაში მოხდა სამწუხარო ფაქტი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა აცრების მიმდინარეობაზე. მოსახლეობასაც ნაკლები ინფორმაცია აქვს ვაქცინის სიკეთეზე", - ამბობს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ყველაზე მეტად არასპეციალისტ ადამიანებს უჯერებს.

,,ზოგადად ვაქცინაციაზე უფრო მეტს უჯერებენ არა სპეციალისტებს, არამედ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციებს. იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს, საჭიროა მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. დავდივართ სკოლებში, საჯარო სამსახურებში და მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით, ვაქცინაციის სიკეთის შესახებ. მოსახლეობას ვაძლევთ არჩევანის საშუალებას - სარგებელსა და ზიანს შორის", - გვიხსნის მარი გიუნაშვილი.




ფოტოზე: ვაქცინის ჩამოტანა გორის ჯანდაცვის ცენტრში

ამ შეხვედრებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა უწევთ. მარი გიუნაშვილი ფიქრობს, რომ მოქალაქეებთან პირად საუბრებს კარგი შედეგის მოტანა შეუძლია.

,,ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ადამიანი დაინფიცირდეს კოვიდ-19 ით, მაგრამ არ გახდება მისი რეანიმაცია საჭირო და დაავადებას არ მოჰყვება რიგი გართულებებისა. ამის გარანტია ნამდვილად არის ვაქცინაცია. რაც უფრო მალე მიიღებს მოსახლეობა აცრის გადაწყვეტილებას, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მესამე ტალღას. მესამე ტალღაში ფაქტობრივად შესულები ვართ. შემთხვევათა რაოდენობა დღითიდღე იმატებს", - გვიხსნის გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

გორშიც ვაქცინაციის ტემპზე შედარებით გარდამტეხი როლი ტრადიციული მეთოდით დამზადებულმა ჩინურმა ვაქცინამ, ითამაშა. "სინოფარმით" ვაქცინაცია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 5 მაისიდან დაიწყება.

ამ დრომდე საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო მხოლოდ ორი სახის ვაქცინა იყო ხელმისაწვდომი, ისიც მოსახლეობის შეზღუდული რაოდენობისთვის: "ფაიზერი" - აშშ/გერმანია და "ასტრაზენეკა" - ბრიტანეთი/შვედეთი. ორივე მათგანი ე.წ. ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინაა და ორივე მათგანის მაღალი  ეფექტიანობა დადასტურებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თუმცა მათზე რეგისტრაცია საქართველოში მხოლოდ სპეციალური რისკ-ჯგუფებსა და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეეძლოთ.

საქართველოში შემოიტანეს "ფაიზერის" მხოლოდ 27 ათასი დოზა, რაც ორჯერადად აცრის საჭიროების გამო 13 500 ადამიანის სამყოფია. "ფაიზერის" ვაქცინა ფაქტობრივად ამოწურულია, რადგან დარჩენილია მხოლოდ მეორე აცრისთვის საკმარისი დოზა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არის "ასტრაზენეკას" მარაგი. ამ ვაქცინის 80 ათასი დოზა შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა მიუხედავად, იმისა, რომ წამლების ევროპულმა სააგენტომ ბრიტანული ვაქცინა უსაფრთხოდ შეაფასა და განაცხადა, რომ კავშირი თრომბოემბოლიის იშვიათ შემთხვევებსა და ვაქცინას შორის არ დასტურდება, "ასტრაზენეკათი" საქართველო მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს ცრის.

მესამე ვაქცინა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით, 200 ათასი დოზა, შემოვიდა, ჩინური "სინოფარმია". სინოფარმი“ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა. ეს მეთოდი ნიშნავს, რომ სხეულში შეჰყავთ დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსი, რომელიც ორგანიზმს იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარება, თუმცა ამავე დროს მის ეფექტიანობაზე შედარებით ნაკლები ინფორმაცია არსებობს.


საერთაშორისო მედია წერს, რომ "სინოფარმის" ეფექტიანობამ 79 პროცენტს მხოლოდ მესამე დოზის შემდეგ მიაღწია, ბრაზილიასა და ინდონეზიაში ჩატარებული პირველადი კვლევების საფუძველზე კი მისი ეფექტიანობა 50-78 პროცენტია.

50 %-იანი ეფექტიანობა საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინამ გამოყენების რეკომენდაცია მიიღოს. ამგვარი რეკომენდაციას ჩინური ვაქცინა ახლა ელოდება, თუმცა "სინოფარმი" საქართველოში მანამდე შემოვიდა, ვიდრე ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებდა. ჩინური ვაქცინა პირველია, რომელზე რეგისტრაციაც საქართველოს სახელმწიფომ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის დაუშვა.



ფოტოზე: გიორგი ცერაძე

როგორც კი "სინოფარმი" სპეციალურად შექმნილ ვებ-პორტალზე გამოჩნდა, 18 წლის გიორგი ცერაძე, მაშინვე დარეგისტრირდა.

,,გახსნისთანავე დავრეგისტრირდი "გორმედის" სამედიცინო ცენტრში. აცრა ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ყველაფერი დაემთხვა იმუნიზაციის კვირეულს. თითოეულმა ადამიანმა უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც ჩაიწერება ისტორიაში და გამომუშავდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, აუცილებელია აიცრას საზოგადოების 60 %. შიდა ქართლში ვარ გაეროს წარმომადგენელი და ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩი, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მიმეღო აცრის გადაწყვეტილება და მაგალითი ვყოფილიყავი სხვა ახალგაზრდებისათვის", - ამბობს გიორგი, რომელმაც არაერთი შეხვედრა ჩაატარა სკოლებში, განსაკუთრებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. შეხვდა მოსწავლეებს. აუხსნა ვაქცინაციის სარგებლის შესახებ.

რეგიონში "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესში ყველაზე აქტიურად ,,გორმედის" კლინიკაა ჩართული.




ფოტოზე: გორმედის ექიმები ვაქცინაციის რიგში

,,ასეთი აქტივობა დღემდე არ ყოფილა", - ამბობს კლინიკის დირექტორი ხათუნა შრუბი, რომელიც გაოცებასაც და სიხარულს ვერ მალავს. მართალია, ეს აქტივობა "სინოფარმის" ვაქცინის შემოტანას ემთხვევა, თუმცა ხათუნა შრუბი დარწმუნებულია, რომ ის მძიმე დღეები, რაც კლინიკამ განსაკუთრებით კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გადაიტანა, მალე დასრულდება.

,,გაიხსნა უკვე რეგისტრაცია და 5-დან 15-ის ჩათვლით ყველა ადგილი დაკავებულია გორის ვაქცინაციის კაბინეტში. ჩვენი კლინიკა მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ბრიგადები დაამატოს; მოერგოს იმ მოთხოვნებს, რაც იქნება მოსახლეობისგან. ძალიან სასიხარულოა და მახარებს ეს აქტივობა, რადგან იცით, რომ ვაქცინაციის გარეშე, ეს ამბავი არ დასრულდება", - ამბობს ხათუნა შრუბი.

,,გორმედის" კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება ქარელის მუნიციპალიტეტშიც.

,,იქაც იგივე სიტუაციაა. მოთხოვნა დიდია და დარეგისტრირებულია ხალხი. ჩვენთან ამ ეტაპზე გაიხსნა მხოლოდ "სინოფარმის" მოდული, მაგრამ, როგორც ვიცი, "ასტრაზენეკაც" იქნება და ამას უკვე ეტაპობრივად მოგახსენებთ, როცა კლინიკა ჩაერთვება ამ მოდულში." - განმარტავს ხათუნა.

კლინიკის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ასევე უხსნის ვაქცინაციის პროცედურას.

,,ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზები არ არის საჭირო. თუ რაიმე ალერგიული ფონი აღინიშნება – ე.წ. ანაფილაქსიები, აუცილებლად უნდა მიმართონ ალერგოლოგს და ალრგოლოგის კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრონ - ანალიზი სჭირდებათ თუ არა. ოღონდ ეს არაა საჭირო ვაქცინაციის წინა პერიოდისთვის, არამედ ეს საჭიროა იმ ალერგიული ფონის დადგენისთვის. კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაციის წინ არ სჭირდებათ არანაირი კვლევები. ვაქცინაციაზე მოსულებს ექიმი გაესაუბრება; ანამნეზიდან გამომდინარე, ის ჩათვლის საჭიროდ, მოიხსნას თუ არა პირი ვაქცინაციიდან. თუ რაიმე კითხვის ნიშნებია ანამნეზში, მაშინ დავაკვალიანებთ, რა უნდა გააკეთოს. ესეთი კატეგორიული მოთხოვნა, რომ რაიმე ლაბორატორიული ან დიაგნოსტიკური კვლევები ჩაიტარონ, ასეთი რეკომენდაციები არა გვაქვს მიღებული ჯანდაცვის არცერთი ორგანიზაციის მიერ", - განმარტა ხათუნა შრუბმა.




ფოტოზე: ექა ქორჩაშვილი მედიასთან ერთად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა ქორჩაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კონკრეტულად შიდა ქართლში, მესამე ტალღის საგანგაშო ნიშნები არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ რეგულაციების დარღვევის, ან ვაქცინაციის დაბალი ტემპის შემთხვევაში, რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის კვლავ სახიფათო სიტუაცია შეიქმნება.

როდესაც ეკა ქორჩაშვილს ვესაუბრეთ, შიდა ქართლში კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 3,3 %-ს აღწევდა.

,,შიდა ქართლში 292 საწოლიდან თავისუფალია 119 საწოლი. რაც ამ ეტაპზე საკმაო რაოდენობაა", - ამბობს ეკა ქორჩაშვილი. მისი თქმით, რეგიონში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 595-ს აღწევს.

დისტანციურ სწავლებაზე შიდა ქართლში 14 სკოლა და 8 საბავშვო ბაღია გადასული; სხვა სკოლებში დისტანციურ სწავლების რეჟიმში 11 კლასი იმყოფება, ხოლო ორი სხვადასხვა ბაღის 2 ჯგუფს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება.

ეკა ქორჩაშვილის თქმით, გორში, "სინოფარმის" 1 386 დოზის ჩამოტანაა დაგეგმილი. ეს დოზები გადანაწილდება 4-ვე მუნიციპალიტეტში. ,,ამ დრომდე, ასტრაზენეკას ვაქცინაციაში ჩართული იყო ორი ლოკაცია - გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ხაშურის ახალი კლინიკა. ამჯერად, მათ დაემატებათ კიდევ სამი ლოკაცია - ეს იქნება კასპის "მედალფა", გორის "გორმედი" და ქარელის "გორმედი", სადაც პროცესი განახლდება "სინოფარმის" ვაქცინაციით", - ამბობს ეკა ქორჩაშვილი.

მისი ინფორმაციით, შიდა ქართლში ამჟამად აცრილია 1 554 პირი - "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით", მათგან 900 გორის მუნიციპალიტეტში. 15 მაისამდე ვაქცინა დაჯავშნა 393-მა მოქალაქემ: 223 ადამიანი "სინოფარმზე" დარეგისტრირდა, 170 კი - "ასტრაზენეკაზე".
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვისაც ქალის მოყვანა ან გათხოვა უნდათ, ისინი გიორგობას უნდა
მოიყვანონ და გაათხოვონ
ვისაც ქალის მოყვანა ან გათხოვა უნდათ, ისინი გიორგობას უნდა მოიყვანონ და გაათხოვონ
22:43 / 06.05.2021
ამით, სამშენებლო კომპანიას გაუჩნდა სახსრები იმისა, რომ სადაზღვევო
კომპანიისთვის დაებრუნებინა თანხა.
ამით, სამშენებლო კომპანიას გაუჩნდა სახსრები იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის დაებრუნებინა თანხა.
16:12 / 06.05.2021
შემდეგ მოდის ,,დავითი'', რომელიც რაოდენობიდან საკმაოდ ჩამოუვარდა
ლიდერ სახელს.
შემდეგ მოდის ,,დავითი'', რომელიც რაოდენობიდან საკმაოდ ჩამოუვარდა ლიდერ სახელს.
15:06 / 06.05.2021
ხნულები დაახლოებით 8 კმ მანძილზეა გავლებული. მანამდე,
ტერიტორია

ხნულები დაახლოებით 8 კმ მანძილზეა გავლებული. მანამდე, ტერიტორია

14:22 / 06.05.2021
სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის
მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

13:15 / 06.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
ქვემო ლეთეთში გვითხრეს, რომ სკოლის დამაარსებლის, აწ გარდაცვლილი ნიკოლოზ ზასუხაშვილის შვილიშვილი
,,პირველად რომ ხნული გაავლეს, ნაკვეთს თითქოს თავი მოაჭრესო, ეგეთი ფორმა მიიღო.
ჯერ სოფელი ყობია, შემდეგ წნელისი, შემდეგ გარშემო – აბანო, კოდა, შორს – გაღმა მხარეს ატოცი.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.