ახალი ამბები
ცეკვა და სიმღერა პირბადით - გამოწვევები პანდემიის დროს


ნახევარწლიანი კარანტინის შემდეგ ცეკვისა და სიმღერის სტუდიები გაიხსნა. მოსწავლეებმა მეცადინეობა დაიწყეს, თუმცა ჯანდაცვის საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება მარტივი არ აღმოჩნდა, მითუმეტეს თუ სტუდიაში მოზარდები იყრიან თავს. პირბადეებით სიმღერა შეუძლებელია, ცეკვა კი განსაკუთრებით მოუხერხებელი ხდება, როდესაც რთული ილეთების შესრულება უწევთ.

ქორეოგრაფების გამოწვევები

პანდემიამ პრობლემები შეუქმნა ქორეოგრაფ უშო ცაცებაშვილსა და მის სტუდიას. 200 მოსწავლიდან დარბაზში ახლა მხოლოდ 80 ბავშვი ცეკვავს. როგორც უშო ამბობს, მშობლები შიშობენ, რომ ცეკვის სტუდია ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის.

,,პანდემია როცა დაიწყო, ჩვენი ცეკვის სტუდია დაიკეტა, 6 თვე ვიყავით დაკეტილები. როგორც იქნა ისევ აღდგა მეცადინეობები და რეკომენდაციების დაცვით ვატარებთ რეპეტიციებს. მაგრამ მშობლები ჯერჯერობით თავს იკავებენ და ბავშვებს ცეკვაზე არ უშვებენ. ბევრ რამეში შევიზღუდეთ, კონცერტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, ბევრ რამეში გვეშლება ხელი" - ამბობს უშო ცაცებაშვილი.

უშო თქმით, მოცეკვავეებისთვის ვარჯიშის შეწყვეტა არ შეიძლება, რადგან ეს მათ პროფესიულ განვითარებას აფერხებს.

"მოცეკვავეზე მოქმედებს ძალიან ის გარემოება, როცა არ მეცადინეობ. ამ დროს თავს იჩენს წონის პრობლემა. გვიწევს დამატებით მეცადინეობების გამართვა და წონასთან ბრძოლაც", - ამბობს პედაგოგი.

ვირუსის შიშის მიუხედავად, მშობლები, ვისი ბავშვებიც სხვადასხვა წრეზე დღემდე აქტიურად დადიან, ფიქრობენ, რომ მათი შვილებისთვის სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა, უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე კორონავირუსი, რადგან სახლში ჯდომა მათ ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.

"სახლში ყოფნა ბავშვებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა. ჩემი შვილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და მეცადინეობაც ეზარებოდა. მას შემდეგ, რაც შეზღუდვები შემსუბუქდა და საშუალება მოგვეცა, ცეკვას დავბრუნებოდით, ბევრად გახალისდა, მეგობრებთან ურთიერთობამ გამოაცოცხლა. რა თქმა უნდა, ვირუსის შიში გვაქვს, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ ჩემს შვილს ურთიერთობების ნაკლებობის გამო სხვა პრობლემები შეექმნას" - გვითხრა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრის ერთ-ერთმა მშობელმა.

ქორეოგრაფიულ სტუდიაში რეგულაციების შესრულება ძალიან რთულია, რადგან ვარჯიშის დროს დისტანციას ვერ დაიცავენ, პირბადით ცეკვაც ძალიან მოუხერხებელია.

,,გვიჭირს პირბადეებით ვარჯიში, ხელის შემშლელია, მაგრამ ვცდილობთ, რომ არსებულ სიტუაციას მოვერგოთ და პანდემიასთან ერთად, გავაგრძელოთ ცხოვრება. ფინანსურადაც იმოქმედა ამ ჩაკეტვებმა. ჩაკეტილები როცა ვიყავით, დისტანციურად არ ვმეცადინეობდით, იმიტომ, რომ ონლაინ გაკვეთილები ქართულ ცეკვაში, ზოგადად, არ შეიძლება. სხვა ქორეოგრაფებმა სცადეს ონლაინ მეცადინეობა, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა, რადგან, თუ ბავშვთან არ გაქვს პირდაპირი ურთიერთობა, ვერ მეცადინეობს", - ამბობს უშო ცაცებაშვილი.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის, ეპიდემიოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ შეზღუდვების მოსალოდნელ გამკაცრებაზე. ამან კი შესაძლოა, სახელოვნებო და სპორტული წრეების მუშაობას ისევ ხელი შეუშალოს.



რჩევები ქორეოგრაფებს


ცეკვის დროს ნიღბების გამოყენების გამო დისკომფორტი მხოლოდ ქართველი მოცეკვავეების პრობლემა არაა. ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება ჩიკაგოში მცხოვრებმა პროფესიონალმა მოცეკვავემ, ანა დრესლინკი კუკმა გაუზიარა. მისი თქმით, აუცილებელია სათადარიგო პირბადეების ქონა, რადგან ცეკვის დროს, ერთჯერადი ნიღაბი ძალიან მალე გამოუსადეგარი ხდება. გარდა ამისა, ანა კუკი მოცეკვავეებს ურჩევს, რომ გამოიყენონ პირბადე #95. 

,,როდესაც ოფლიანდებით და მძიმდე სუნთქვას იწყებთ, თბილ სტუდიაში, ნიღბის ქსოვილი სახეზე გეწებებათ და სუნთქვა გაცილებით რთულდება. განსაკუთრებით ერთჯერადი ნიღბებით. სუნთქვისგან მიღებული ტენიანობა არბილებს ბოჭკოებს, ამიტომ ნიღაბი იშლება და ვეღარ ინარჩუნებს ფორმას", - ამბობს ანა, - "იქონიეთ სათადარიგო ნიღბები, რომელთა შეცვლაც გაკვეთილების მსვლელობისას, ან გაკვეთილებს შორის შეგეძლებათ".

,,შეიძლება იფიქროთ, რომ ვირუსი არ შეგხვდებათ, მაგრამ უსაფრთხოება უპირველესია. თუ აქამდე სუნთქვა არ გიჭირდათ, ხოლო გაბრაზება, თავბრუსხვევა ან ჰიპერვენტილაცია დაგეწყოთ ნიღბით ცეკვის დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეთ", - წერს მოცეკვავე.

ექიმების თქმით, პირბადეები აუცილებელია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოცეკვავეებისთვის. დოქტორი სტივენ კარაჯინესი, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სპორტული მედიცინის სპეციალისტია, მოცეკვავეებს ურჩევს, სწორად შეარჩიონ პირბადე:

,,მათთვის, ვინც რეგულარულად მოძრაობს, შეიძლება პირბადით ცეკვა უფრო ადვილი აღმოჩნდეს, ვიდრე მათთვის, ვინც არც ისე კარგ ფიზიკურ ფორმაშია. თუ სტუდიაში დასაბრუნებლად ემზადებით, თქვენს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას დაამატეთ მორგებული ნიღაბი, რაც დაგეხმარებათ ცეკვის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პირბადით ცეკვა არ იქნება კომფორტული და მარტივი, ეს ამავე დროს აუცილებელია".

სიმღერა ნიღბებით

ვოკალის პედაგოგი ნანა პავლიაშვილი, უკვე 31 წელია, რაც გორის სტუდია "ფანტაზიის" ხელმძღვანელია. დიდი გამოცდილების მიუხედავად, პანდემიაში, ბავშვებთან მუშაობა გაუჭირდა, რადგან დისტანციურად მათი ხმის გავარჯიშება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.

,,როდესაც პირველად დავიკეტეთ, ძალიან გაგვიჭირდა. არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ წამოვიწყეთ ონლაინ მეცადინეობა, თუმცა რთული იყო, რადგან ბავშვს უნდა უსმინო, პირში უყურო, სუნთქვა გესმოდეს - დაიღალა, არ დაიღალა, ყველაფერი უნდა იცოდე, ისიც კი, თუ რა ხასიათზეა ბავშვი", - ამბობს ნანა პავლიაშვილი.

პედაგოგი, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს.

როგორც თავად ამბობს, ბავშვებს ყოველდღე ავარჯიშებს და ცდილობს გაკვეთილზე კოვიდის გამო დაწესებული რეგულაციები დაიცვას:

"როგორც გითხარით, ინდივიდუალურად ვმუშაობთ, თუ რაღაც კონკურსია, მაგ შემთხვევაში ვიკრიბებით და ერთმანეთისგან ორი მეტრი დისტანციის დაცვით დგებიან ბავშვები. ასე ვმეცადინეობთ, სხვა გზა არ გვაქვს. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ ჩვენი ნამუშევარი,"" - ამბობს პედაგოგი.

მისი თქმით, ბავშვები რეკომენდაციებს იცავენ, ატარებენ პირბადეს და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ.

,,მოსწავლეები გაკვეთილზე პირბადეებით მოდიან და შემდეგ, როცა თავის ადგილზე დგებიან, იხსნიან. პირბადით სიმღერა შეუძლებელია, სუნთქვა თუ არ აიღე, ისე ვერ იმღერებ", - განმარტავს ნანა პავლიაშვილი.

პედაგოგი ამბობს, რომ სამომავლოდ, თუ შეზღუდვები უფრო გამკაცრდება, ბავშვებთან მუშაობას ინდივიდუალურად მაინც გააგრძელებს, რადგან ფიქრობს, რომ მათთვის სახლში ყოფნა დიდი სტრესია.

,, პირველად რომ შეხვდნენ ბავშვები ერთმანეთს, უზომოდ გახარებულები იყვნენ. ისე ენატრებოდათ გარემო, სიტუაცია, ერთმანეთი. ძალიან რთულია, როდესაც, რაღაც დროის განმავლობაში, ბავშვი ვერ მეცადინეობს. ასეთ შემთხვევაში მეცადინეობას ვიწყებთ თავიდან. რაც არ უნდა იმეცადინონ სახლში, ყელი გაამღერონ, ბავშვი სახლში არის თავისუფლად და უჭირს მეცადინეობა", - ამბობს პედაგოგი.

სპეციალისტების რჩევები მომღერლებს


რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ საგუნდო სიმღერების დროს ჰაერ-წვეთოვანი გზით კორონავირუსის ინფექცია გავრცელდეს? აშშ-სა და გერმანიაში საგუნდო მომღერლების დაინფიცირების შემთხვევებმა ეს შესაძლებლობა დაადასტურა.

ბავარიის ტელევიზიამ მიუნხენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს წარმომადგენლებთან ერთად ექსპერიმენტი ჩაატარა. კვლევის დროს, სხვადასხვა ლაბორატორიული ხელსაწყოების გამოყენებით, დააკვირდნენ წვეთების გადაადგილებას და გავრცელებას. სწორედ, ამ დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ მომღერლების მიერ გამოყოფილი წვეთები მაქსიმუმ 2 ან 2,5 მეტრზე ვრცელდება. ექსპერიმენტმა აჩვენა ისიც, თუ როგორ უნდა იდგნენ მომღერლები ერთმანეთის სიახლოვეს. უმჯობესია, ისინი იმდაგვარად იდგნენ, რომ გამოყოფილი წვეთები არ მიემართებოდეს მათი სასუნთქი ორგანოებისკენ.

მკვლევარებმა ასევე ურჩიეს გუნდის ხელმძღვანელებს, გაეთვალისწინებინათ ჰაერის ნაკადის სიჩქარე და მიმართულებაც. შესაძლოა, მომღერლები ერთმანეთის პირისპირ არ იდგნენ, თუმცა ღია ფანჯრის ან კარის გამო, ჰაერის ნაკადმა წვეთები სასუნთქი გზებისკენ წაიყვანოს.

ამ რისკების გათვალისწინებით, გაჩნდა აზრი, რომ პირბადის გამოყენება გუნდის რეპეტიციის დროსაც სასურველია, ყოველ შემთხვევაში, იმ სიტუაციებში მაინც, როდესაც ეს შესაძლებელია. კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ, მაგრამ აეროზოლების ნაწილი რეაქტიული ფორმის სახით მაინც გამოიყოფა პირბადის ზევით და გვერდებზე. ასე ხდება, რადგან ნიღბები არ იკეტება, მთლიანად, გვერდებსა და ცხვირზე."



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:
11:15 / 14.05.2021
ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით
სარგებლობას არ კრძალავს.
ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს.
11:06 / 14.05.2021
აქციაში ჩართვა მარტივია: ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ბანკის
ოპერატორი უფასოდ გადმოგცემთ ერთჯერად პრომოკუპონს
აქციაში ჩართვა მარტივია: ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ბანკის ოპერატორი უფასოდ გადმოგცემთ ერთჯერად პრომოკუპონს
10:59 / 14.05.2021
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით
დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13:27 / 13.05.2021
მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც
ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

13:06 / 13.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მივუყვებოდით ტყის ბიზნესის მთავარ ,,მაგისტრალს"" - ამ ხეობაში.
,,ხევები გამოვარდა და ნაშალი ჩამოიტანა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა
,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.