რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კოვიდის გამო გართულებული გადაადგილება და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი ვაქცინის მოლოდინში
სააღდგომოდ, რუსეთიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შესვლის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. როკის გვირაბთან გრძელი რიგები გაჩნდა. ერთ-ერთი მოქალაქე qartli.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი რიგი საბაჟოზე, როგორც 29 აპრილს იყო, არასდროს ყოფილა. მოქალაქეები წინასააღდგომოდ მშობლიურ ადგილებს უბრუნდებიან, ახალმა წესებმა კი გადაადგილება გაართულა.

ჩვენი რესპონდენტი როკის გვირაბის გადალახვას 3 დღე ელოდა, საბოლოოდ, მან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შესვლა 29 აპრილს შეძლო. თადარიგიც ადრე დაიჭირა, რადგან შეეცადა, რომ მშობლიურ სოფელში, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩასულიყო.

რუსეთის საზღვრის კვეთის ახალი წესი გულისხმობს, რომ მგზავრები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ე.წ. საზღვარზე ავსებენ სპეციალურ ანკეტას, სანიტარულ-კარანტინული კონტროლის დაცვის მიზნით. თუკი მოქალაქეები სამ დღე-ღამეზე მეტი დროით იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაშინ სამი კალენდარული დღის განმავლობაში, დღიდან მათი ჩამოსვლისა, პი-სი-არ ტესტი უნდა ჩაიტარონ. შედეგების მიღებამდე მოქალაქე ვალდებულია დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი.

თუ რუსეთის მოქალაქე სამ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში დაბრუნდება ცხინვალში, მაშინ ტესტის ჩაბარება აღარაა სავალდებულო, თუმცა ანკეტის შევსება მაინც მოუწევს.

რაც შეეხებათ პირებს, რომლებსაც მხოლოდ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვთ, ვალდებულნი არიან თან იქონიონ ტესტის პასუხი, რომელიც საზღვრის კვეთამდე სამი დღით ადრე უნდა იყოს ჩატარებული.

ცხინვალელთა ნაწილი შეფერხებების გამო უკმაყოფილოა. 2008 წლის ომის შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი მათ გვერდით დგას, ნებისმიერ სიტუაციაში და ასეთ დროს ასეთი პრობლემების შექმნა უსიამოვნოა.



ეს სიახლე განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის მათ, ვისაც მხოლოდ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვს და ვისაც ხშირად უწევს საზღვრის გადაკვეთა. მაგალითად, ტაქსისტები, ავტობუსის მძღოლები ახლა იძულებულნი არიან, ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩააბარონ ტესტი. ცხინვალში ყოველ ჩამოსვლაზე უნდა ჩააბარონ ტესტი და დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი მათაც, ვინც რუსეთში სწავლობს ან მუშაობს. იგივე წესები იმოქმედებს მათზეც, ვინც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში არჩევნებში მონაწილეობისთვის დააპირებს ჩამოსვლას, თუ რა თქმა უნდა, მანამდე ეპიდსიტუაცია და შესაბამისად, ეს წესებიც არ შეიცვლება.

რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის კვეთის თაობაზე შედგენილ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მათ შესახებ, ვინც უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და მზადაა წარადგინოს ვაქცინაციის სერტიფიკატი. ანკეტაში საერთოდ არაა გამოყოფილი გრაფა ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის და არც უცხოელებისთვის.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ მათ ახალი სანიტარული მოთხოვნების შესახებ, 20 აპრილს, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ქვემო ზარამაგში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საკონსულოს ხელმძღვანელმა, სერგეი ალექსეევმა შეატყობინა. გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თავად იყო ვალდებული, სიახლე მოსახლეობამდე თავად მიეტანა.

ცხინვალის ოფიციალური უწყებებიდან ჯერ არაფერი ისმის ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ, თუმცა როგორც სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ,,ეხო კავკაზასთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლას მოქალაქეები მაინც ახერხებენ, - ,,მათ შორის ვინც ოფიციალურად იქნა გაშვებული თბილისში სამკურნალოდ, უკან დაბრუნებისას ყველამ გაიარა კარანტინი, ასე რომ არცერთი მათგანი დაავადებულა..."

Qartli.ge დაუკავშირდა სამკურნალოდ გადმოსულ მოქალაქეს, რომლმაც გვიამბო, თუ რა გზით მოახერხა თბილისში ოფიციალურად წამოსვლა. მისი თქმით, ის ექიმებმა ჯერ ცხინვალში გასინჯეს და დიაგნოზში დაუწერეს, რომ ესაჭიროებოდა ოპერაცია, რომელსაც ცხინვალში ვერ ჩაუტარებდნენ. ეს დიაგნოზი გადაეგზავნა რაიონის გამგეობას, დაელოდნენ ოფიციალური ცხინვალის დასტურს, კერძოდ უშიშროების სამსახურის ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ამ პიროვნებამ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა.

27 აპრილს, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ისაუბრეს იმ ადამიანებზეც, რომლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და თბილისში მკურნალობა ესაჭიროებათ.


,,ზუსტად იგივე გაიმეორა ცხინვალის წარმომადგენელმა რაც წინა შეხვედრაზე, რომ გაამარტივეს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. მათი თქმით, აღარ არის საჭირო ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა და ცხინვალში ჩასვლა, ანუ ახალგორშივე შეუძლიათ მიიღონ ეს თანხმობა და მძიმე ავადმყოფები გადმოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე." - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ერგნეთში, ასევე ისაუბრეს დე-ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

,,მძიმე ავადმყოფები თითქმის არ ჰყავთ, არის დაავადების ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად, რასაც უმკლავდებიან და უახლოეს მომავალში იწყებენ ვაქცინაციის პროცესს რუსული ვაქცინით, "სპუტნიკით", ეს არის მათი დღევანდელი განცხადება. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, მათივე თქმით, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პრობლემა არ იქნება."" - განმარტა ახვლედიანმა.

ოფიციალურმა თბილისმა 19 აპრილიდან გაამარტივა გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი სწრაფი ტესტირებით შეიცვალა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 14 აპრილს მიიღო. ასევე, 55 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაც.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას მოისურვებენ, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია სავალდებულო არ იქნება და მათ პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში დარეგისტრირება შეეძლებათ.

,,ეხო კავკაზასთან" მიცემულ ინტერვიუში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე პლიევი ამბობს, - ,,სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ,,სპუტნიკ V-ს ორი ათასი ვაქცინის ყიდვას აპირებს 2 მილიონ რუბლად. ასევე მოლაპარაკებები მიდის სხვა ვაქცინასთან დაკავშირებითაც, თუმცა საწყის ეტაპზე დაგეგმილია ,,სპუტნიკ V-ის" შესყიდვა".



კითხვაზე - საკმარისი იქნება თუ არა ვაქცინის ეს რაოდენობა, პლიევი პასუხობს, - "ვინც გამოჯანმრთელდა, მათ ვაქცინა აღარ ესაჭიროებათ."

მისი მონაცემებით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში გამოჯანმრთელდა 15 ათასიდან 20 ათასამდე ადამიანი. ორი ათასი დოზა კი განკუთვნილია რისკ-ჯგუფებისთვის - ექიმებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უწევს სამსახურში დიდი რაოდენობით ხალხთან ურთიერთობა. "დასაწყისისთვის ვაქცინას ისინი მიიღებენ, თუმცა ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ", - აღნიშნავს ალექსანდრე პლიევი.

,,ეხო კავკაზამ" პლიევს დაუსვა კითხვა იმის შესახებაც, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია მხოლოდ ინფიცირების 2391 შემთხვევა - ,,და თქვენ ამტკიცებთ, რომ გამოჯანმრთელდა 15 ათასზე მეტი, ანუ დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი, რომელიც გამუდმებით ცხოვრობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე?""კი, დაახლოებით ნახევარი. 100-მდე ადამიანი კი გარდაგვეცვალა კოვიდ-19-ით" - უპასუხა პლიევმა.

უფლებადამცველის, სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის პედაგოგის, ფატიმა მარგიევას დაკვირვებით, მთელი რესპუბლიკის მოსახლეობა უნდობლად ეკიდება ვაქცინაციას:

"ინტერნეტში არის ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რომ ვაქცინა ბოლომდე არ არის გამოკვლეული, რომ მოხდა ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალება, ვაქცინაციისგან გართულებები არც ისე იშვიათია. სოციალურ ქსელებში წერია, რომ ვაქცინაციას აზრი არ აქვს: სანამ აცრილხართ, ვირუსი უკვე მუტირებულია და ვაქცინა აღარ დაგიცავთ ... ამიტომ, ბუნებრივია, ხალხს ეშინია ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის. მე ჯერ არ შემხვედრია ერთი ადამიანი, ვისაც სურს აიცრას კოვიდ-19-ზე. "

ირინა გაგლოევა, მედია ცენტრ ,,ირ-ის" პრეზიდენტი, ვაქცინაციისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზებს განმარტავს:

"უნდა აღვნიშნო, რომ მოსაზრებები განსხვავებულია. საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციას ელოდებიან და აპირებენ გაკეთებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობას ეჭვი ეპარება ვაქცინის ხარისხში და ვაქცინაციის აუცილებლობაში. არ მიმდინარეობს განმარტებითი სამუშაო. ძირითადად, ადამიანები ინფორმაციას იღებენ სოციალური ქსელებიდან და იქ, როგორც მოგეხსენებათ, ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგო და უფრო მეტიც, ძირითადად უარყოფითია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ არ გვესმის ეს ყველაფერი. გაუგებარი სიტუაციაა, მოსახლეობა დაბნეულია. ყველა პრობლემა გამოწვეულია ამ თემების აღრევით, საზოგადოების არაინფორმირებულობით"
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.