კალენდარი
ახალი ამბები
გორის მცირე ტურისტული ბიზნესი ზაფხულისა და საზღვრების გახსნის მოლოდინში


გორში, პანდემიამდე, დაახლოებით 80-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო მუშაობდა, როგორც ქალაქში, ისე სოფლად. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, ორი მათგანი დაიხურა, ერთი მოხუცთა თავშესაფრად გადაკეთდა, დანარჩენებმა კი საქმიანობა დროებით შეაჩერეს.


Qartli.ge დაინტერესდა, რა პრობლემების წინაშე დადგნენ გორში არსებული ტურისტული კომპანიები და საოჯახო სასტუმროები, რომლებიც პანდემიამდე მეტწილად უცხოელ ტურისტებს მასპინძლობდნენ.

ტურისტული სააგენტოს „მის-თრეველის“ დირექტორი ანუკი გოზალიშვილი გვიყვება, რომ მისი კომპანია 2019 წელს დაარსდა და უკვე ორი წელია, საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობაში ეხმარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა მაინც გამყვანი ტურიზმია, ზაფხულში შიდა ტურებითაც ვანებივრებდით ჩვენს მგზავრებს. პანდემიამდე, აქტიურად ვმუშაობდით ტურისტულ პაკეტებსა და ავიაბილეთებზე, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ამიტომ მაქსიმალურად მოვბილიზდით, რათა კომპანიის შესანარჩუნებლად შესაძლებლობები გამოგვენახა, რაც ჩვენი ერთგული მგზავრების დამსახურებაა. ამისათვის კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას. კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა და არსებულმა რეგულაციებმა განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე იმოქმედა. ახლა ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ პირვანდელ მდგომარეობას“, - ამბობს ანუკი გოზალიშვილი და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მალე გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს ტურიზმის გასაცოცხლებლად.

„ერთწლიანი პაუზის მიუხედავად, შესაძლებლობების ფარგლებში, მაინც ვახერხებდით ავიაბილეთების გაყიდვას. ვცდილობდით ონლაინ კონსულტაცია და მომსახურება გაგვეწია მგზავრებისათვის. მიგვეწოდებინა ამომწურავი პასუხები და პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში შეგვეთავაზებინა საუკეთესო გამოსავალი.“

„მის-თრეველის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დიდი ფინანსური ზარალის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო თანამშრომლების შენარჩუნება და ახლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, რეგულაციების სრული დაცვით აგრძელებს.

„ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპრობლემოდ შეუძლია მიმოსვლა. დღევანდელი მდგომარეობით, აქტიურია თურქეთის საკურორტო ზონა, თუმცა ავიაბილეთებს სხვა მიმართულებებითაც ვყიდით. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მგზავრები ყოველთვის იყვნენ ინფორმირებულები პანდემიისგან გამოწვეული მოულოდნელი ცვლილებების შესახებ, რის გამოც მათ 24/7-ზე ვემსახურებით. სამუშაო საათებში მგზავრებს ვემსახურებით ოფისში, ხოლო არასამუშაო საათებში გადავდივართ ონლაინ მომსახურებაზე. ვიმედოვნებთ, რომ მალე გაიხსნება საზღვრები ტურისტულად, რათა კომპანიები დავუბრუნდეთ ძველ სამუშაო რიტმს“, _ამბობს „მის-თრეველის“ დირექტორი.



ტურისტული სააგენტო „ფინქ-თრეველი“ 4 წელია, რაც გორის ბაზარზე აქტიურად მუშაობს. მისი ხელმძღვანელის, მეგი თაგორაშვილის, აზრით, ბიზნესის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს არ იღებს.

„ერთადერთი არის პოლონეთი, სადაც ხდება გასვლა სამუშაო მოწვევებით და ჩვენ ამ მოწვებს ვაკეთებთ. აგრეთვე გვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან გახსნილი ტურისტული მიმოსვლა. ესენია: ემირატები, მალდივები, შრი-ლანკა. სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ამ მიმართულებით მოგზაურობა. კიდევ გვაქვს თურქეთი, რომელიც ამ ეტაპზე სეზონურად უკვე აქტიურად მუშაობს.“

კომპანია „ფინქ-თრეველის“ ძირითადი მიმართულებაა ავია-ბილეთების გაყიდვა და საზღვარგარეთ ტურები იყო, თუმცა გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, კომპანიას გადაწყვიტა, უცხოელი დამსვენებლის შემოყვანა და სრული მომსახურება საკუთარ თავზე აეღო.

„როდესაც ჯგუფები ჩამოდიოდნენ, გვიკავშირდებოდნენ, რომ დავხვედროდით და დაგვებინავებინა. ამის გამო გაგვიჩნდა იდეა, დაგვემატებინა სხვა, არამხოლოდ კორპორატიული, არამედ ტურისტული სერვისი. დავხმარებოდით, დაეთვალიერებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე. დიდხანს ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ამისათვის სპეციალურად საიტიც დავამზადეთ, თუმცა იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან პანდემიის გამო ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. გამყვან ტურებზე ვმუშაობთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით - ეს არის აზია, ევროპა, ამერიკა, ნებისმიერი ქვეყანა, რა მიმართულებაც ჩვენს მომხმარებელს ენდომება, შესაძლებლობას მივცემთ მიიღონ სრული მომსახურება. ბილეთები, სასტუმრო, ექსკურსიები, ტურები, ტრანსფერები“, - აღნიშნავს მეგი თაგორაშვილი და დასძენს, რომ „ფინქ_თრეველს“ გამოცდილი თანამშრომლები ჰყავს.

„პანდემიის დაწყებიდან ფინანსურად 100% ზარალზე გავდიოდით. უქმდებოდა ბილეთები, რაც ბოლო ორი სამი თვის განმავლობაში გვქონდა გაყიდული. საკმაოდ სტრესული პერიოდი იყო, რადგან კომუნიკაცია გვქონდა ავია-კომპანიებთან და პარალელურ რეჟიმში მომხმარებელთან, რათა ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგვებრუნებინა. საბედნიეროდ, ყველა ავია-ბილეთი, რომელიც გაუქმდა, სრულად აუნაზღაურდა ჩვენს მგზავრებს და ამ მხრივ, ისინი არ დაზარალებულან. ჩვენს შემთხვევაში კი სრული ზარალი იყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში არანაირი შემოსავალი არსაიდან არ გვქონდა. რაც შეგვეძლო მინიმალური ხელფასებითა და იჯარით გავიტანეთ თავი. ახლა შედარებაც აღარ არის, რადგან ფრენების დიდი ნაწილი აღდგა. უბრალოდ გვინდა, რომ ქვეყნებმა საზღვრები ტურისტულად გაგვიხსნან“, - ამბობს მეგი თაგორაშვილი.

მეგი იხსენებს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მის თანამშრომლებს ხშირად უხელფასოდ ან მინიმალურ ხელფასზე უწევდათ მუშაობა. ახლა იმედოვნებენ, რომ შენგენის წევრი ქვეყნები მალე გაუხსნიან საქართველოს საზღვრებს, რათა კომპანიამ ამ მიმართულებითაც შეძლოს მუშაობა.

„ისევ ისე ვეღარაფერი იქნება, როგორც აქამდე იყო, იმიტომ რომ ახლაც ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. ზოგი ქვეყანა ვაქცინას ითხოვს, ზოგი მხოლოდ კოვიდ-ტესტს საზღვარზე შესასვლელად და ამის საფუძველზე ხდება მოგზაურობა. იმედი გვაქვს, რომ ამ ზაფხულს გაიხსნება ტურისტულად მიმოსვლა, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის თურქეთზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. და ა.შ.“, - აღნიშნავს მეგი თაგორაშვილი.

პანდემიამდე გორში საოჯახო სასტუმროები და ჰოსტელებიც სრული დატვირთვით მუშაობდა. ტურისტული ბიზნესი წლიურად ნახევარ მილიონზე მეტ ტურიტს ემსახურებოდა, რაც ქალაქში სასტუმროს საქმიანობის განვითარების კარგ შესაძლებლობას ქმნიდა.



ერთ-ერთი ცნობილი საოჯახო სასტუმროს „ანას ჰაუსის“ მფლობელი, ანა სრესელი ამბობს, რომ სახლი სასტუმროდ 2017 წელს გადააკეთა და საქმიანობას დამოუკიდებლად უძღვება.

„ვმუშაობ მუზეუმში, ამიტომ ხშირი შეხება მაქვს ტურისტებთან. მათგან მოდიოდა ქვეყნის გაცნობის ინტერესი. გადავწყვიტე, რომ ჩემი ოჯახით მე მეჩვენებინა ქართული ტრადიციები, ოჯახის კულტურა, საქართველო და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად გორი.
მანამ პანდემია დაიწყებოდა, სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს უფრო მეტად რუსი ტურისტები შემოდიოდნენ, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებსაც ვემსახურებოდით“, - გვიყვება ანა და აღნიშნავს, რომ 2020 წლის 4 მარტის შემდეგ, რაც სტალინის სახლ-მუზეუმი დაიკეტა, მათ სასტუმროს დამსვენებელი ფაქტობრივად არ ჰყოლია.

„როდესაც ტურისტი ჩამოდის, მინიმუმ ათი დღე აქვს გათვლილი ქვეყნის დასათვალიერებლად. თუ აინტერესებს უფლისციხე ან სტალინის მუზეუმი, რადგან ეს არის გორში ტურისტულად ყველაზე ცხელი წერტილები, დამრჩენი არის ერთი ღამით ან მაქსიმუმ ორი ღამით. ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად ტურისტს როგორ სურს. იმ შემთხვევაში თუ ნელა დაათვალიერებს და დროს გაწელავს ორი დღე ეყოფა და თუ იჩქარებს ერთ დღეში მოასწრებს ყველაფრის ნახავს. შემდეგ აგრძელებენ გზას დასავლეთ საქართველოსკენ ან ბორჯომისკენ. მქონია შემთხვევა, რომ ვიზიტორი მხოლოდ სადილზე დარჩენილა და ღამე სასტუმროში აღარ გაუთენებია.“

ანა სრესელი ამბობს, რომ პანდემიამ ყველა დააზარალა და გამონაკლისი არც მისი ბიზნესი აღმოჩნდა, რადგან ყველა საიტზე გაკეთებული ჯავშანი ერთდროულად გაუქმდა.

„ ტურისტულ კომპანიებთან არ მქონდა შეხება. ძირითადად ჩემი პორტალი იყო booking.com და Airbnb.com, რომელიც 2019 წელს კარგად მუშაობდა მიუხედავად იმისა, რომ ეს საიტი ძირითადად კორპუსის ბინების გაქირავებისთვისაა განკუთვნილი. გუგლის რუკაზეც ჩანს ჩემი სასტუმრო. ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი მაინც booking.com-ია იმიტომ, რომ ამ საიტს სჭირდება სერიოზული დრო და რეიტინგი, რომ შენ კონკრეტულ რაღაცამდე მიხვიდე, რათა კარგად გაგიცნონ. ასევე თავად შეისწავლო ის საქმიანობა რასაც ეწევი. ამ ყველაფრის შესწავლა საკმაოდ რთული და შრომატევადია, რადგან ამისათვის პირველ რიგში პირადი პრაქტიკაა საჭირო“, - გვიყვება ანა სრესელი და წუხს, რომ სასტუმრო 2017 წელს გახსნა და მას შემდეგ 3 წელი მხოლოდ მის გამართულად ამუშავებას მოანდომა, ამიტომ ბიზნესისაგან დიდი ფინანსური მოგება ჯერ არ მიუღია.

„პანდემიის დაწყებიდან ზუსტად წელიწადნახევარი ჩემთან დამსვენებელი არ ყოფილა. პანდემიამდე booking.com-ის გარეშეც იღებოდა კარი და გვთხოვდნენ, „თუ შეიძლება დაგვაძინეთ“, „თუ შეიძლება ვნახავთ“... მეზობლები, ახლობლები, სანაცნობო წრე ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ საქმე აგვეწყო. ჩვენ დაგვრჩებოდა სტუმარი სხვა „გესთ ჰაუსში“ ვუშვებდით, სხვას დარჩებოდა და ჩვენთან უშვებდნენ და ასე ვცდილობდით ერთმანეთის დახმარებას. ეს საქმიანობა ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავია მათთვის, ვისაც ტურიზმი აინტერესებს“, - ანა აღნიშნავს, რომ პროფესიით ისტორიკოსია და სასტუმროში დაბინავებულ დამსვენებელს სიამოვნებით აცნობდა ქართულ კულტურასა და ისტორიას, აზიარებდა ეროვნულ სამზარეულოს, რაც მათში ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობასა და ინტერესს იწვევდა.

„ჩვენი სახლი საინტერესო არქიტექტურისა და ტრადიციის მქონეა, რაც ვიზიტორებს ძალიან მოსწონდათ. სახლის ფართობი საშუალებას იძლევა ერთდროულად მინიმუმ 15 სტუმარი მოვათავსო. პირველ სართულზე 5 კაციანი აპარტამენტი მაქვს, თავისი აბაზანით. მეორე სართულზე სამი საძინებელია, რაც 10 ადამიანის განთავსების საშუალებას იძლევა. ძირითად საქმეს მე ვუძღვები, თუმცა ერთი თანამშრომელი ყოველთვის მყავს დასაქმებული. ახლა ცოტა ნელი ტემპით ისევ დაიწყო ჯავშნები, მაგრამ სრული დატვირთვა ჯერ კიდევ არ არის“



2020 წლის ზაფხულში „ანას ჰაუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის შემოწმება გაიარა და სექტემბერში სასტუმროს გახსნის უფლებაც მიიღო, თუმცა მალევე პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო და იძულებულები გახდნენ, მუშაობა კიდევ ერთხელ შეეწყვიტათ.

„მუშაობისას ყურადღებას ვაქცევთ რეგულაციების სწორად დაცვას, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ახლა უფრო მეტ სადეზინფექციო საშულებას ვიყენებთ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს სასტუმროში ახლა რაიმე განსაკუთრებული განსხვავებაა ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით, რადგან მანამდეც თეთრი თეთრეული, ხელსახოცები, პირსაწმენდები 100 გრადუსზე იხარშებოდა და უთავდებოდა. საერთოდ ძალიან მკაცრი რეგულაციებია, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ გაგვჭირვებია ამ ყველაფერზე მორგება.“

როგრც ყველას, ანა სრესელსაც იმედი აქვს, რომ ზაფხულის სეზონი შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს ტურისტულად გახსნან საზღვრები და მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროებმა მუშაობის გაგრძელება შეძლონ.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპიდან წამოვლენ ტურისტები. მე ძირითადად რუსულენოვან ვიზიტორებს ვემსახურები, მაგრამ ამჟამად რუსეთის საზღვარი დაკეტილია. სტალინის მუზემუშიც ვამჩნევ, რომ რუსეთიდან ჩამოსული დამთვალიერებლები არ არიან. რუსი ტურისტი ლარსით ვერ გადმოდის, პირდაპირი რეისი ავიაკომპანიებს არ აქვთ და მათ თბილისამდე ერევნის, ბელორუსიის ან ლატვიის გავლით უწევთ ჩამოსვლა, რაც შესაბამისად თანხობრივადაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველა ტურისტზე აისახება“, - აღნიშნავს ანა სრესელი.

დიდი ტურისტული პოტენციალის მიუხედავად, რეგიონს არ აქვს საშუალება, მაღალი დონის მომსახურება გაუწიოს უცხოელ ტურისტს ან ვიზიტორს. გორში არსებული ვერცერთი სასტუმრო ვერ მიიღებს მრავალრიცხოვან ტურისტულ ჯგუფებს და ვერ გაუწევს მათ 5-ვარსკვლავიან მომსახურებას. მაღალი კლასისა და შესაძლებლობების მქონე სასტუმრო ქალაქში არ არის.



გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე გვიხსნის, რომ არც გორში და არც შიდა ქართლში დიდი ტურისტული კომპანიები არ მუშაობენ. ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა ახლა მხოლოდ ავია-ბილეთების გაყიდვაზეა ორიენტირებული.
„როგორც ასეთი, შემომყვანი ტურისტული კომპანიები გორში არ გვყავს იმიტომ, რომ არ გვაქვს 200-კაციანი, 300-კაციანი სასტუმრო. რომ შემოიყვანონ იმათმა ტურისტები, უნდა დააბინაონ მაღალ დონეზე და ასეთი პირობები ჩვენთან არ არის. აქ ყველაზე დიდი რაოდენობა სტუმრებისა შეუძლია მიიღოს 70-კაციანმა სასტუმრომ და ქვემოთ 60, 50, 30, 20 და ა.შ.“, - ამბობს რობერტ მაღლაკელიძე და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროებიც შესანიშნავ სერვისებს სთავაზობდნენ დამსვენებელს, თან საკმაოდ დაბალ ფასად.

„ჩვენ უმოკლეს ხანში გვექნება შეხვედრა ყველა საოჯახო სასტუმროსთან, ღვინის მარნებთან. აგრეთვე გვექნება შეხვედრა კვების ობიექტებთან, ჩვენს პროვაიდერთა ბაზაში ვინც არიან. მათთან ვისაუბრებთ, თუ რა პრობლემები ჰქონდათ პანდემიის პერიოდში, დღეს რა პრობლემების წინაშე არიან. სულ რამდენიმე დღე დარჩა ტურისტული სეზონის ამოქმედებამდე. იცით, რომ ღამე გადაადგილების შეზღუდვაც იხსნება და ახალი რეგულაციებით, რესტორნებს უკვე ღამის 12 საათამდე მუშაობის უფლება მიეცათ. ტურიზმის განყოფილების ინიციატივით შედგება ეს შეხვედრა, რათა ხელმძღვანელობა შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ პრობლემების მოგვარებაში“, - ამბობს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი.

რობერტ მაღლაკელიძე გვარწმუნებს, რომ კრიზისის მიუხედავად, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ქალაქს რამდენიმე ახალი სასტუმრო დაემატა და უახლოეს მომავალში კვლავაც ელოდებიან მათი რიცხვის გაზრდას.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში უკვე ამუშავდა სხვადასხვა ტურისტული ობიექტები, ესენია: სტალინის სახლ-მუზეუმი, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი, საბრძოლო დიდების მუზეუმი, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმები, მალე საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმიც გაიხსნება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
14:05 / 24.10.2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
12:20 / 23.10.2021
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
12:09 / 23.10.2021
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან
წლებში,
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან წლებში,
23:29 / 22.10.2021
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე
შენობაში, რომ
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე შენობაში, რომ
18:03 / 22.10.2021
ვიდეორეპორტაჟი
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
1990 წლამდე მათი ცხოვრება ერთი შეხედვით ბედნიერად გრძელდებოდა, ჰქონდათ სამუშაო
აღმოჩნდა სამარხის ნაშთი, რაზეც ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური,
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.