რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ყარაფილა – მარტოდ დარჩენილი ოჯახები


საგუშაგოდან პოლიციის პიკაპის თანხლებით შევედით დასახლებაში. ძველით ახალი წელი დგებოდა, მცირე აღმართის ასვლის შემდეგ, ავტომანქანა სოფლის წისქვილთან დავაყენეთ.

სოფელში სრული სიმშვიდეა. ავტობანზე მოძრავი მანქანების ხმა სულ ოდნავ აღწევს. ბევრი სახლი დაკეტილია. ძირითადად, ხანდაზმული ადამიანები არიან დარჩენილნი. შორიახლოს მხოლოდ პოლიციის პიკაპი ხმაურობს. ცდილობს ხედვის არედან არ დავეკარგოთ. 

სოფელში ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. ვაზაგაშვილები, ტეხაშვილები, მელაძეები და ა.შ. მწვანე ბანერი საცხოვრებელ სახლებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ავტობანი. ბანერის შემდეგ სოფელი ორჭოსანია, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული.

წისქვილთან ახლოს გიორგი ტეხთის (ტეხაშვილი) სახლია. გიორგი მარტო შეხვდა ახალ წელს, რადგან მისი ოჯახი, შვილიშვილები სხვაგან ცხოვრობენ. ვაჟები ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო გოგო, ბავშვებთან ერთად, ორჭოსანში. ჩვენს მასპინძელს შვილი და შვილიშვილები, რომლებიც ორჭოსანში ცხოვრობენ, 8 წელია არ უნახავს.



,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით და საღამოს საქონელს უნდა მივხედო. ახლაც იქით ვაპირებდი წასვლას,’’ - გვითხრა ბატონმა გიორგიმ და თავის ძროხების ბოსლისკენ გაგვიძღვა.

შეაღო ბოსლის კარი და დაინახა, რომ გამოსასუფთავებელია: არ მინდა ესეთ მოუსუფთავებელ ბოსელში დაინახონ ჩემი ძროხებიო, გამოვიცვლი, გამოვასუფთავებ და მერე დავუყრიო თივასო – გვითხრა ღიმილით მასპინძელმა.

საქონლის საკვებად ძირითადად იმ ნამჯას იყენებს, რომელიც ზაფხულში ყანის აღების დროს დარჩა, თუმცა იმასაც სწუხს, რომ მარცვლეულის მოყვანამ საკმაოდ დიდი ხარჯი წაიღო:

,,ერთ ჰექტარზე დაახლოებით 3 ნახევარი ტონა ხორბალი მოვიყვანე. ერთ კილოგრამ ხორბლის მოყვანაში 45 თეთრი ტექნიკის ხარჯს მიაქვს . იქ ტრაქტორი გინდა, საწვავი, მერე კომბაინი და ასე შემდეგ, რაღა გრჩება? ვერ გაყიდი’’ - გვითხრა მან.

სოფლის შესასვლელში გიორგის ძმის, ვალიკო ტეხთის მიერ გაკეთებული მემორიალური დაფაა. ამ დაფაზე წერია ლექსი ყარაფილაზე. ვალიკო ტეხთი ჩრდილოეთ ოსეთში მწერალთა საზოგადოების საპატიო წევრია. ვალიკო დიდი ხანია სოფლიდან წავიდა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, თუმცა სოფლის სიყვარული არ განელებია. სულ რამდენიმე წლის წინ, მოაწესრიგეს მემორიალი. მემორიალზე ამოტვიფრულია ასევე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადგილობრივების სახელები და გვარები.

ვაზაგოვების ოჯახი




სოფელში ვაზაგოვების იგივე ვაზაგაშვილების გვარის რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. გიორგი ტეხთის მეზობლად ცხოვრობს თინა ვაზაგოვი, რომელიც შშმ პირია. ვერ დადის, ვერ საუბრობს, თუმცა საკმაოდ კარგად გამოსდის ხელსაქმე.

თინა, როგორც დედამისმა ციურიმ გვითხრა, 33 წლისაა. ციური ბარამიძე სოფელ ყარაფილაში ახალციხის რაიონში ცხოვრობდა და შემდეგ ყარაფილაში გათხოვდა.

,,აგერ შეხედეთ ჩემ სახლს, რამე ეტყობა, რომ დღეს ძველი ახალი წელია?არაფერი. მე გარეთ ვერ გავდივარ, სულ ჩემ შვილთან ვარ. სახლში კიდევ არ ვიცი, ჩემ შვილს როდის დაემართება ეპილეფსია, მუდმივად, ყურადღებით უნდა ვიყო.’’ - გვიყვება ქალბატონი ციური.

ციური დღემდე დარწმუნებულია იმაში, რომ ქვეყანაში შშმ პირის ყოლა და მისი გამოჩენა საჯარო კვლავ უხერხულია. მისი შვილი - თინა ვაზაგოვი იმდენად ლამაზ და საუკეთესო მძივებს, ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, რომ ცოტამ თუ იცის ამის შესახებ.

თინას ძალიან გაუხარდა ჟურნალისტების მისვლა. ერთი სული ჰქონდა, როდის გაგვაცნობდა თავის ნამუშევრებს და გადავიღებდით.

,,ახალ რაღაცეებს ძირითადად კომპიუტერში უყურებს და ისე აწყობს. ბევრი რაღაც ისეთი ნივთებია, რომელსაც მე ვერ ვშოულობ. არც კი ვიცი, სად ვიყიდო. ამ ზაფხულს ჩვენმა ახლობელმა ქალმა საჩუქრად გამოგზავნა ვლადიკავკაზიდან. ამ მასალებით ააწყო ის ნახატი, რომელიც კედელზეა ჩამოკიდებული.’ - გვითხრა თინას დედამ.

ციური ყვება იმ სიძნელეების შესახებ, რასაც აწყდება. პირველ რიგში, არ ჰყავს სპეციალური დამხმარე, რომელიც შვილის გადაადგილებაში დაეხმარება, თუნდაც ეტლით. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სახლი ძალიან ახლოს მდებარეობს დაღმართთან, თინას გაყვანა გარეთ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ეტლის გამოყენება სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

,,თქვენ წარმოიდგინეთ, სამზარეულოშიც რომ შევდივარ, კარს ღიას ვტოვებ, რომ ვხედავდე ჩემს შვილს, თუ რას აკეთებს. ერთ წუთსაც არ ვაცილებ თვალს. ‘’ - გვიყვება თინას დედა.


მელაძეების ოჯახი



სოფელში სტუმრობისას ოდნავ ხმაური ისმოდა ერთ-ერთი სახლიდან, რომელიც პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს. ეზოში შუახნის მამაკაცი ფუსფუსებდა, ანგრევდა ძველი შენობის ნაწილებს. ირგვლივ მასალები მიმოეფანტა, აშკარა იყო, რომ სამშენებლო სამუშაოებში იყო ჩართული.

,,იმიტომაა არეული აქაურობა, რომ რაღაცეებს ვაშენებ. ძველს ვანგრევ და მინდა, რომ გადავაწყო აქაურობა. რაც პენსიაში გავედი, სოფელში დავბრუნდი. რაღა მინდა გიჟ-ქალაქში’ - გვითხრა ავთანდილ მელაძემ.

42 წლის მანძილზე აირშემდუღებლად მუშაობდა. პენსიაში 10 წლის წინ, 55 წლის ასაკში უნდა გასულიყო, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობით, ყველა მამაკაცი პენსიაში 65 წლის ასაკში გადის:

,,მე ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გავსულიყავი პენსიაში, მაგრამ მთელი 10 წელი კიდევ მომიწია ლოდინი. ჩვენ ისეთ სფეროში ვმუშაობდით, მუდმივად საფრთხეში ვაგდებდით ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომაც, აირშემდუღებლები ადრე გადიოდნენ პენსიაში’’ - გვეუბნება ავთო მელაძე.

მისი ოჯახის წევრები ქალაქში ცხოვრობენ ძირითადად. მუშაობენ, აქვთ შემოსავალი, მაგრამ როგორც ავთომ გვითხრა, ერთ-ერთ შვილს მაინც მოუწია ემიგრაციაში წასვლა:

,,მე რასაც ვუყურებ ჩვენს ქვეყანაში, ბევრ სფეროში ჩამორჩენაა, არა მარტო ჩემს სფეროში. ავიღოთ თუნდაც მშენებლობა, პირველ რიგში გამორჩენაზე მუშაობენ. ხარისხი და ეფექტიანობა აკლია’’ - გვიყვება ავთო.

როგორ წარმოუდგენია მომავალი სოფელში? ავთო ელოდება, რომ მომავალში მის კარ-მიდამოზე სიმრავლე იქნება; აშენებს სათავსოებს, აფართოებს ეზოს. იმედი აქვს, რომ ერთ-ერთი შვილიც დაბრუნდება ემიგრაციიდან. სოფელში, სადაც ახალგაზრდები არ რჩებიან, ავთო იმედის ნაპერწკალს ტოვებს, რომ სოფელ არასდროს დაიცლება; და რომ დაბრუნება შეიძლება:

,,მე, მაგალითად, კონკრეტულად მე!’’ - ხაზგასმით გვეუბნება ავთო - ,,აქ, ამ სოფელში, ამ სახლში ვარ დაბადებული. არა თუ სხვაგან სადმე ქალაქში ან საავადმყოფოში, არამედ აი, აქ – ამ სახლში!’’ - ამბობს ავთო.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.