|
ვანდას სჯერა, რომ ადამიანი რომელ ენაზეც აზროვნებს, იდენტობაც დიდწილად იმ ერის აქვს. თავად ქართულად აზროვნებს. „ჩემი ფიქრები „იხარშება“ ქართულად. ანუ, მე ვაზროვნებ ქართულად. ჩემთვის ეს განუყოფელი ცნებაა, მე ოსიც მტკივა და ქართველიც, ოსიც მიყვარს და ქართველიც. დედა ოსი მყავს - ფილიევი, შვილი - ქართველი. ჩემთვის, აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა, არასდროს არავისთვის მიცდია დამემტკიცებინა, ვინ ვიყავი“.
პროფესიით სამთო ქიმიკოსს მოგზაურობა და უცხო ქვეყნების ნახვა იზიდავს. ვანდა ამბობს რომ სამთო ქიმია მისი მოწოდება არასდროს ყოფილა, მაგრამ 1970 წელს რატომღაც დაინტერესდა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა კიდეც. მას არასდროს უმუშავია პროფესიით. „ჩემი ყველა სამუშაო ადგილი დაკავშირებული იყო საზოგადოებასთან ურთიერთობასთან“- იხსენებს ვანდა.
დაიბადა 1952 წელს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაკიანთკარში. „სოფელი, რომელსაც არაფერი აკლია, მთა, მდინარე, წყარო, ნაძვნარი. შემკული სოფელია, ვრცელი მინდვრებით, სოფლის ბავშვები სულ ერთად ვიყავით“.
თბილისში 1953 წლიდან ცხოვრობს. აქ ოჯახთან ერთად დასახლდა. სულ ოთხი დედმამიშვილნი არიან, ვანდა მეორე შვილია. მას ჰყავს ორი ძმა, უფროსი ნორვეგიაში, უმცროსი ვლადივასტოკში, მისის 20 წლით უმცროსი და კი, თბილისში, დედასთან ერთად ცხოვრობს. „ერთმანეთთან დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, მშობლების დამსახურებაა. ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთის დასახმარებლად. როდესაც ფინანსურად მიჭირდა, ჩემი ძმა მთელი წლის განმავლობაში ხელფასივით მიგზავნიდა ფულს“.
სკოლაში 1959 წელს შევიდა. „საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი. ძირითადად ტექნიკური საგნები მიყვარდა“.
1972 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, შექმნა ოჯახი. ასევე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მესამეკურსელ, ბორის აბხაზავას დაუკავშირა ბედი. „კარგი და ლამაზი გოგო ვიყავი, მოვეწონე და არ დამკარგა“, იხსენებს ვანდა - „იგი მთავარ ტექნოლოგად მუშაობდა სამთო ქიმიაში, ასევე, არქიტექტორის ფუქნციებსაც ითავსებდა, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო“. 2005 წლის თებერვალს მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხოვრების აზრი ახლა ერთადერთი შვილი და შვილიშვილები არიან.
ვანდას შვილს, მარინა აბხაზავას მეუღლე და 2 შვილი ჰყავს - გიორგი და ნიკა. „ეს არის ჩემი ოჯახი, მთელი ჩემი ცხოვრების ინტერესი“, ამბობს ვანდა. უფროსი შვილიშვილი გიორგი ფოტოგრააფიითაა გატაცებული, წელს აბიტურიენტია და მთელი ოჯახი მისი მომავალი პროფესიის არჩევითაა დაკავებული. ნიკა ჯერ 13 წლისაა და უფროს ძმას მუშაობაში ეხმარება. „უფროსი ძალიან კონტაქტურია, გახსნილია, შეუძლია ნებისმიერთან გამონახოს საერთო ენა, პატარა კი, ჩაკეტილია“, ასე ახასიათებს ვანდა შვილიშვილებს
„მარინას ბავშვობიდან ვასწავლიდით ოსურს, დედაჩემმა შეასწავლა და ბევრჯერ გამოადგა“, ამბობს ვანდა. მარინას თქმით, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ზოგჯერ ასეთი ჩვეულებრივი ცოდნა სამომავლო პერსპექტივის მიზეზი ხდება. „მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ოსი და ვარ მეგრელი, ბებომ ბავშვობიდანვე შემასწავლა ოსური ენა, რომელსაც ოჯახში, ნათესავებთან სასაუბროდ ვიყენებდი, შემდგომში სწორედ ამ ენის ცოდნის წყალობით დავიწყე მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში თარჯიმნად. ახლა ვცდილობ ჩემს შვილებსაც ვასწავლო ოსური“.
ვანდას შესახებ კი მარინა ასე საუბრობს: „ყოველთვის კარგი დედა იყო და საუკეთესო ბებოც აღმოჩნდა. როდესაც, თავად ხდები დედა, უფრო აღიქვამ საკუთარი დედის ამაგს. მიუხედავად იმისა, რომ სულ დაკავებული იყო, ყოველთვის დიდ დროს მითმობდა. ცდილობდა, კარგი განათლება და აღზრდა მოეცა. როცა მოვიზარდე კი, საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში ვიმოგზაურეთ ერთად. იგი კარგი კომპანიონია, მასთან საუბარიც საინტერესოა და მისი რჩევების გათვალისწინება ყოველთვის ღირს“.
ვანდა ნამყოფია ინდოეთში, ვიეტნამში, ბელორუსიშა, უკრაინაში, იუგოსლავიაში, სირიაში, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში .... სულ 23 ქვეყანში. „ადრე, ძირითადად სკოლიდან, სამსახურიდან მივდიოდი, ახლა კი - ჩემი სახსხრებით და ჩემი სიამოვნებისთვის ვმოგზაურობ. წელიწადში 2 ქვეყანას მაინც ვსტუმრობ. მოგზაურობა, უცნობი ქვეყნების კულტურის გაცნობა მსოფლმხედველობას აფართოებს“, ამბობს იგი.
2008 წლიდან “ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” წევრია და მისი სამომავლო გეგმები და მიზნები სწორედ ამ გაერთიანებასთანაა დაკავშირებული. ვანდას დიდი სურვილი აქვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი ეთნიკური ოსები ერთმანეთთან დააკავშიროს. „აუცილებლად უნდა ჩავერთოთ მსოფლიო ხალხის ერთიანობაში. ძალიან ბევრი ოსი ცხოვრობს ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში. დიდი დიასპორაა, ასევე უნგრეთსა და თურქეთში“.
ცხოვრების ამ ეტაპზე ვანდა ძირითად დროს ოჯახს უთმობს. პროფესიული გეგმებისთვის ხორცის შესხმას კი სულ მალე გვპირდება. „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი გვარის სახელზე, იმ ადგილას, სადაც ჩემს სოფელში ქვაზე ვლოცულობდით და სანთლებს ვანთებდით, ეკლესია ავაშენო, რაზეც კურთხევა უკვე მივიღე. ორი წელიწადია, რაც ეს გადავწყვიტე და ველი როდის მომეცემა ამ ოცნების ასრულების შესაძლებლობა. სულ ვიტანჯები ამაზე ფიქრით. ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ეს აზრი ჩავიბეჭდე და იმედი მაქვს, ავასრულებ“.
და ბოლოს, ოსი ხართ თუ ქართველი?
„მე ოსიცა ვარ და ქართველიც“
მარიამ ძაგოევი

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები