რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სოლო კონცერტის წამყვანის წერილი
ქართული გენის ნიჭიერება და სულიერება საგუნდო მუსიკის მომაჯადოებელ ჰარმონიაში განფენილი

გორი ნამდვილად უნიკალური ქალაქია თავისი დამსახურებით ქართველი ერის წინაშე, მართალია მას ქართლის შუა გულს და მეთაურს ვუწოდებთ, მაგრამ ის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს ყველა კუთხის ქართველთათვის. უნიკალურია გორი აგრეთვე ტრადიციული ინტელექტუალური ნიჭით. იაკობ გოგებაშვილის უნაზეს „აი ია“-დან მსოფლიოს შემძვრელ გენიოსამდე. მამარდაშვილიდან, რომელსაც თანამედროვე სოკრატეს უწოდებენ უცხოელები, სულხან ცინცაძემდე, რომლის კვარტეტებს დღეს მთელი მსოფლიო უკრავს.

კიდევ სხვა, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მეჩქარება მოგითხროთ კიდევ ერთ მსოფლიო დონეზე, ამიტომ არ გავაგრძელებ. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ძალიან ხომ არ გაუთამამდა მსოფლიო დონის ასე ხშირად ხსენებას. შეიძლება, მაგრამ მე სურვილი მაქვს დავარღვიო ჩვენი ერთი ჩემი აზრით გადასაგდები თვისება: არ ვაღიარებთ ჩვენს თანამემამულეს, მანამ, სანამ მას უცხოელები არ აღიარებენ. შეიძლება ეს ჩვენი დარბაისლობის და თავმდაბლობის ბრალია, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტი თავის დამდაბლება კარგს არაფერს მოგვიტანს... და აი, ქართული გენის ნიჭიერება და სულიერება საგუნდო მუსიკის მომაჯადოებელ ჰარმონიაში განფენილი.

ისეთი ფოლკოლის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, კარგი საგუნდო კოლექტივი და მაღალი პროფესიული დონე არ უნდა გაუკვირდეს, მით უმეტეს, გორის ქალთა კამერულ გუნდს დიდი ტრადიცია აქვს და ყოველთვის თითით საჩვენებელი იყო, მაგრამ იმან, რაც მოხდა 29 ივნისს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

29 ივნისს გორის ქალთა კამერულმა გუნდმა თავისი არსებობის 45 წლის მანძილზე გორში პირველად ჩაატარა სოლო კონცერტი. სოლო კონცერტის ჩატარება როგორც გუნდისათვის, ისე მისი ხელმძღვანელისათვის ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საქმეა. ხუმრობა ხომ არ არის 18-20 ნაწარმოების ზეპირად დირიჟორობა და სიმღერა, მით უმეტეს, რომ გორის ქალთა კამერული გუნდი ფაქტიურად ახალი კოლექტივია. დრო ულმობელია და მოხდა თაობათა ცვლა, რომელსაც დამაჯერებლად გაართვა თავი გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ძალიან ნიჭიერება მუსიკოსმა და დირიჟორმა - თეონა ცირამუამ.

მართალია გითხრათ, ძალიან ავღელდი, როცა სამხატვრო ხელმძღვანელმა მე მთხოვა კონცერტის წაყვანა. საღელვი მართლად ბევრი მქონდა. მე, როგორც კონსულტანტმა, გავუწიე თუ არა ხელმძღვანელს სწორი ფსიქოლოგიური, თუ ვოკალური დახმარება ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში. XXI საუკუნის კოლექტივს უნდა შეეძლოს ყველანაირი სტილის, ყველა კომპოზიტორის, მიუხედავად იმისა, რომელ ეროვნებას ეკუთვნის ის, ყველა ხალხის ნაციონალური მუსიკის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულება.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა მივხვდი, რომ გუნდმა და მისმა ხელმძღვანელმა წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა. არ მომერიდება, თუ ვიტყვი, რომ გორის ქალთა კამერული გუნდი დღეს არის საერთაშორისო კლასის კოლექტივი, რომელსაც ხელეწიფება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოსტატობის შესრულება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქეთი მელუამ სწორედ გორის ქალთა კამერული გუნდი აირჩია მრავალ კოლექტივთა შორის და მასთან ერთად გამართავს თვენახევრიან ტურნეს ევროპაში. მე, ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის მრავალი ტრიუმფის მომსწრე ვარ, იქნებოდა ეს უდიდესი ქართველი მომღერლების გამოსვლა თუ ვახტანგ ჭაბუკიანის „ოტელო“, როცა თეატრს ცხენოსანი „მილიცია“ იცავდა, პრემიერები თუ გასტროლები, ახალი ოპერები თუ საორკესტრო ნაწარმოებები, როცა მისი აღამტებულება მუსიკა მეფობდა, სცენა და დარბაზი თითქოს ერთი სუნთქვით სუნთქავდა და აზროვნებდა, როცა დიდმა ხელოვნებამ ბედნიერება მოუტანა მაყურებელს, სწორედ ასეთი იყო 29 ივნისის კონცერტი.

უნდა გითხრათ, რომ ამ კონცერტის ჩატარებას გუნდი და მისი ხელმძღვანელი წლის ბოლოსათვის, ევროპული ტურნეს დასრულების შემდეგ აპირებდნენ, მაგრამ გორის საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე მომხდარ უცნაურ შემთხვევათა გამო კონცერტის ჩატარების თარიღმა გადმოიწია. არ ვიქნები მართალი, თუ გორელებს და ფართო საზოგადოებას არ გავაცნობ რა შემთხვევაზე მაქვს საუბარი.

გორის ფესტივალმა ჯერ კიდევ გახსნამდე მრავალი კითხვა გააჩინა. გავოცდი, როცა აფიშაზე წავიკითხე, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო ფესტივალი. ვა, ბნელა? - ვიფიქრე... რამდენიმეს თვითონ დავსწრებივარ, პირველი როგორ არის მეთქი. ისტორიის დამახინჯების უფლება არავის არა აქვს. ალბათ ფესტივალის მესვეურები ამას გადააკეთებენ და ტყუილს გაასწორებენ-მეთქი, სამწუხაროდ ასე არ მოხდა, ამ ტყუილით გორის ხელოვნების ისტორიას ნამდვილად ზიანი მიაყენეს, აღარაფერს ვამბობ გორის იმ მოქალაქეებზე ვისაც ეს ფესტივალები კარგად ახსოვთ.

მართალი გითხრათ ძალიან გამიკვირდა, რომ ამ უზუსტობას ყურადღება არავინ მიაქცია, უსიამოვნება ამით რომ დასრულებულიყო კიდევ მოითმენდა კაცი, მაგრამ მასპინძელი გუნდის (ვისაც ფესტივალების ორგანიზებაში რამე გაეგება, იცის, რომ მასპინძელ გუნდს ზომიერი პრივილეგია ეკუთვნის) გამოსვლისას 23 მაისს, მაშინ, როდესაც მაყურებელი ფეხზე ამდგარი გუნდს ოვაციას უმართავდა და დაჟინებით ითხოვდა ნაწარმოების გამეორებას, გამოვიდა წამყვანი და მაყურებელს აცნობა კონცერტი დამთავრებულიაო. პირველი ის, რომ ფესტივალის დირექტორმა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი გააფრთხილა, რომ ყველა კოლექტივს თითო ნაწარმოები უნდა შეესრულებინა, კონცერტზე აღმოჩნდა, რომ ყველა ორ-ორს ასრულებდა მასპინძელი გუნდის გარდა, მეორე ის, რომ ფესტივალის საზეიმო გახსნის დამთავრება ტრაგიკული ნაწარმოებებით არ იყო მიზანშეწონილი და მესამე- ფესტივალი ტარდება ხალხისათვის და არა მისი დირექტორის მახინჯი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ, არავის არა აქვს უფლება ანგარიში არ გაუწიოს ხალხის მოთხოვნას, მით უმეტეს, რომ ეს მოხდა საღამოს დასკვნით ნაწილში.

რა თქმა უნდა ამ რბილად რომ ვთქვათ მასპინძელი გუნდის „დისკრიმინაციაზე“ ხმა არავის ამოუღია, მაგრამ იმან, რაც მოხდა 25 მაისს ყოველგვარ მოსათმენ ნორმას გადააჭარბა. გუნდის ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, როდესაც მაყურებლით გადაჭედილ დარბაზს არ სურდა თავის საყვარელ გუნდთან დამშვიდობება და ფეხზე ამდგარი დაჟინებით მოითხოვდა ნაწარმოების გამეორებას თეონა ცირამუამ აფრიკული სიმღერის გამეორება ბოლო ნაწილიდან დაიწყო, ამით მაყურებელ მიანიშნა, რომ კონცერტს ასრულებდა, მაგრამ ხალხმა ფეხზე ამდგარმა მოისმინა სიმღერის ფინალი და განაგრძო ოვაციები. ბევრი რომ არ გავაგრძელო ხალხის ოვაცია მანამდე გრძელდებოდა, სანამ ცირამუა კამერტონს არ ამოიღებდა.

ჰოი, საოცრებავ, იმის მაგივრად, რომ ფესტივალის დირექტორი გუნდის ასეთი წარმატებული გამოსვლით (ეს ხომ ფესტივალის წარამეტებაც იყო) აღფრთოვანებული ყოფილიყო, შიკრიკი გამოუგზავნა სამხატვრო ხელმძღვანელს კატეგორიული და შეურაცხმყოფელი მოთხოვნით, რომ სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, ბოდიში უნდა მოეხადა ცირამუას თვითნებურად რეგლამენტის გადამეტებისთის და კიდევ იმ მიზეზით, რომ თურმე მშიერ სტუმრებს რესტორანში საჭმელად აგვინდებოდათ და ამით ვითომ ცირამუამ უხერხულობა შეუქმნა როგორც სტუმრებს, ასევე რესტორნის თანამშრომლებს. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! სწორედ ის უცხოელი სტუმრები ქართველებთან ერთად ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდნენ და არ სურდათ კონცერტის დამთავრება, გარდა ამისა, კონცერტის დამთავრების შემდეგაც არ მოგვშორებიან და გუნდთან ერთად იზიარებდნენ მათ წარმატებას.

საქმის მცოდნე პროფესიონალებში ასეთი უმსგავსობა არ უნდა ხდებოდეს, ვინაიდან ფესტივალი კონკურის არ არის, რომ მკაცრი რეჟიმით ჩატარდეს. მე მაქვს ამის თქმის უფლება, ვინაიდან მრავალი ფესტივალის სორგანიზაციო კომიტეტის წევრი და რამოდენიმეს ორგანიზატორი თავად ვყოფილვარ. ყველაფერ ამის შემდეგ გუნდს არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი შეურაცხყოფის მოლოდინში უარი ეთქვა დასკვნით კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე. საუბედუროდ, ჩინოვნიკს რომელმაც გარკვეული გზით მიიღო ჩინმედლები, მთავარი ის კი არ გონია ვინც ქართულ ხელოვნებას რეალურად ქმნის და ანვითარებს, არამედ თავისი თავი. ამ შემთხვევამ უნებურად მომაგონა კონსტანტინე გამსახურდიას არსაკიძე -

„ ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
დამიჭირეს მკლავი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია.“

გორის ქალთა კამერული გუნდის არგამოსვლამ დასკვნით კონცერტზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, სწორედ ამას მოყვა სოლო კონცერტის სასწრაფოდ ჩატარების გადაწყვეტილება. სამხატვრო ხელმძღვანელმა შეასრულა დაპირება, რომ გორელებისა და სტუმრებისათვის აუცილებლად მოაწყობდა უფასო სოლო-კონცერტს და აი, 29 ივნისს შედგა ეს კონცერტი. ახლა მივყვეთ კონცერტის მიმდინარეობას.

გენიალური ვერდი განსაკუთრებით მიყვარს არა მარტო იმიტომ, რომ ყველა ჟანრში გენიალური მუსიკის შემქმნელია, რომელთა უმრავლესობა ქართული მგონია, ვინაიდან იმდენად მაღალია, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ იტალიელმა ხალხმა მას მამა უწოდა და ყველა „Papa Verdi-“ ს ეძახდა. ამითაც ქართულ სინამდვილე მაგონებს, ილია ჭავჭავაძესაც ხომ მამა უწოდა ერმა. შესასრულებლად ვერდი ურთულესია, მოითხოვს როგორც გააზრებულ ვოკალს, მაღალ სულიერებას, ასევე სხარტ და ღრმად მოაზროვნე გონებას. გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა ვერდის „Laudi Alla Vergine Madre“. ამ ნაწარმოებზე მაყურებელს ძალიან სწორი რეაქცია ქონდა, რითაც ხაზი გაესვა გორის საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს. კარგი იყო გუნდის მიერ ტექნიკურად სწორად შესრულებული „poano“, ნაწარმოების ხასიათში ჩაწვდომით და მისი ტექნიკურად შესრულებით შეიძლება ითქვას, რომ უნაკლოდ შესრულდა.

სამხატვრო ხელმძღვანელის ძალიან სწორი ხედვა და გადაწყვეტილება იყო, რომ კონცერტი უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებებით დაიწყო. ქართული გენის ნიჭიერება და სიდიადე სწორედ იმაშია, რომ უცხო ქვეყნის მუსიკას იმაზე ნაკლებად არ ასრულებს, ვისაც ეს მუსიკა მიეკუთვნება. სწორედ ასეთი გააზრებული და „გერმანული“ იყო შუმანის „ზმანება“. შუმანი კლასიკოსია, უაღრესად ლაკონური და მელოდიური. მისი შესრულება განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვს. გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად გაართვა თავი ამ სირთულეს.

ამის შემდეგ გუნდმა შეასრულა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები

ბატონი გიორგი ჩლაიძე ჩემი მეგობარი და ძალიან ნიჭიერი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ამ კოლექტივთან. მას თავისი ხელწერა აქვს. ხელეწიფება ქართული მელოდიის საშუალებით ურთულესი ჰარმონია შექმნას და მოათავსოს საგუნდო მუსიკის ჩარჩოებში. გუნდმა შეასრულა მისი „დამიწებული ქართველი გლეხის მონატრება მკათათვეში“ ციკლიდან „5 მწუხარე სიმღერა“, რომლის სოლისტი იყო თეონა პავლიაშილი. თეონა პავლიაშვილს აქვს შესანიშნავი ხმა, შეუძლია ჩაწვდეს ნაწარმოების აზრს, აქვს სიმღერით მისი გადმოცემის უნარი. კომპოზიტორი ამ ნაწარმოებში აღწევს ქართულ მელოდიებზე და საფუძვლებზე დამყარებულ თითქოს კოსმოსურ ჟღერადობას. საოცარია მისი წვდომა და გადმოცემა ქართული ყოფისა. გუნდმა აქაც „ივაჟკაცა“ და ნაწარმოები შესანიშნავად შეასრულა, რასაც მსმენელი (როგორც ყოველთვის) დიდი ოვაციით შეხვდა.

დანარჩენი ნახევარი განყოფილება გუნდმა მთლიანად იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებებს დაუთმო. იოსებ კეჭაყმაძე, რომელთანაც მე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს ნამდვილად გენიალური ქართველი კომპოზიტორია. მისი ნაწარმოებები დროთა განმავლობაში ნამდვილად გახდება მსოფლიო საგანძური. რაოდენ საწყენია, რომ ეს გენიალური კომპოზიტორი და ადამიანი გულმოკლული წავიდა ამ ქვეყნიდან. გულმოკლული იმიტომ, რომ ბევრმა ჩინოვნიკმა და ძალით ხელოვანმა მას უდიდესი მორალური ტრამვა მიაყენა. უნდა გაგანდოთ, რომ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე მან დამირეკა და ასეთი სიტყვები მითხრა :-„რა დავუშავე ჩემს საყვარელ სამშობლოს, რომელსაც მთელი გულით და სულით ვემსახურე, რომ ასე შეურაცხყოფილს მიშვებს იმ ქვეყნად“.

სოსოს ყოველ გახსენებაზე ცრემლები მომადგება და ბატონი შალვა ნუცუბიძის სიტყვები მახსენდება -„ქართველი ქართველს ყველაფერს აპატიებს ნიჭის გარდა.“ ბატონი სოსოს გენიალობა იმაშია, რომ მისმა მუსიკამ ზოგადსაკაცობრიო დონეს მიაღწია. ამასთან ყველა ტაქტი მელოდია თუ ჰარმონია ქართულ ფოლკლორზე და ქართულ კილოკავზეა დაფუძნებული. გორის ქალთა კამერულ გუნდს მიზნად აქვს დასახული იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები საზღვარგარეთ გაიტანოს, რასაც დაწრმუნებული ვარ სოსოს უდიდესი აღიარება მოყვება.

შესრულებული ნაწარმოებებიდან გამოვყოფდი „ლომო, შე ლომის მოკლულოს“, რომლის სოლო გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ თვითონ შეასრულა. ცირამუა დაჯილდოებულია იმ ნიჭით, რომელიც არ ისწავლება და ის ღმერთიდან მოდის. ვფიქრობ, რომ საქართველოს, მისი სახით, არამარტო სადირიჟორო, არამედ სასიმღერო ხელოვნებაშიც შესანიშნავი მოღვაწე ეყოლება. ჩემი აზრი არ არის, რამოდენიმე მუსიკათმცოდნემ ცირამუას დახასიათებისას მითხრეს, რომ მისი განსაკუთრებული თვისება არის კომპოზიტორის ჩანაფიქრის ღრმა წვდომა და მისი გუნდის და თავისი ისტატობის საშუალებით გადმოცემა. მაყურებელმაც სწორად შეაფასა ეს წვდომა და გუნდი და მისი ხელმძღვანელი ფეხზე ადგომით და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. ცხონებული იოსებ კეჭაყმაძის მეუღლის და მუსიკოსის ქალბატონი ოლია კეჭაყმაძის სიტყვებით რომ ვთქვათ: „სოსო რომ ცოცხალი იყოს ასეთი შესრულება ნამდვილად მოეწონებოდა.“

კონცერტის მეორე განყოფილება გუნდმა მეტად მომხიბვლელად დაიწყო შეასრულა რა უკრაინული ხალხური სიმღერა „ბანდურა“. კოლექტივმა და მისმა ხელმძღვანელმა აქ თეატრალური ნიჭიც გამოამჟღავნა. სიმღერამ პატარა თეატრალური ეტიუდის შთაბეჭდილება დატოვა. არტისტული იყო სოლისტის თამარ ხანიშვილის შესრულება, რამაც მაყურებელში დიდი ხალისი და ოვაცია გამოიწვია.

ფ. პულენკი შესანიშნავი ფრანგი კომპოზიტორია, მას სიყვარულით თავისი მელოდიურობის გამო „ფრანგ შუბერტსაც“ უწოდებენ. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს რუს კომპოზიტორის მ.პ. მუსორგსკის. პულენკი მრავალმხრივი კომპოზიტორია. მას დაწერილი აქვს, როგორც ოპერები, ასევე საორკესტრო და საგუნდო ნაწარმოებები. გუნდმა შეასრულა პულენკი „სევდა“, რომელიც განსაკუთრებული მელოდიურობით გამოირჩევა. აქვე მინდა შევაქო გორელი მაყურებელი, რომელიც მიხვდა პულენკის დიდ გამომსახველობით ოსტატობას და სიამოვნებით მიირო თავისთვის უცხო ნაწარმოები.

გუნდმა კიდევ ერთი ფრანგი კომპოზიტორის ი. კოსმას „შემოდგომის ფოთლები“ შეასრულა, რომლის სოლისტად ისევ თეონა ცირამუა მოგვევლინა. მეშინია ქებამ არ აწყინოს, თორემ კონკურსი რომ ყოფილიყო მე მას უმაღლეს ქულას დავუწერდი. ეს ნაწარმოები გუნდმა კომპოზიტორის ჩანაფიქრის ღრმა წვდომით შეასრულა.

გორში ბევრი შესანიშანვი მოღვაწის აკვანი დაირწა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გორის სახელოვან ადამიანთა სიას შესანიშნავი გორელი კომპოზიტორის ჯემალ ბეგლარიშვილის სახელიც დაამაშვენებს. ჯემალ ბეგლარიშვილიც ჩემი ყრმობის მეგობარია, ერთად დავამთავრეთ კონსერვატორია. მასაც, როგორც კომპოზიტორს თავისი ხელწერა აქვს. ძალიან ფართოა მისი, როგორც კომპოზიტორის თვალსაწიერი. მაგალითად, მისი ნაწარმოები - „ტრანსკრიფციები ჰაჯიბეკოვის თემებზე“, რომელიც გუნდმა ბაქოში შეასრულა უდიდეს წარმატება ხვდა წილად. ამ ნაწარმოების შესრულების შემდეგ შემომესიენ ჩემი ბაქოელი მეგობრები და მეუბნებოდნენ „слушай, стыдна да?“ - შევკრთი, ვიფიქრე, რომ ნაწარმოები არ მოეწონათ მეთქი და ვკითხე:- „а что по стыдного?“- „как что, самый лучшй Азербаиджанское произведение Грузин написал!“. მაყურებელმა, გორელმა მსმენელმა დიდი ოვაციით დააჯილდოვა ჯემალ ბეგლარიშვილი და მისი შემოქმედება. გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვეული ოსტატობით შეასრულა ბეგლარიშვილის მეორე ნაწარმოებიც- „ლხინი სოფლად“.
თეონა ცირამუამ გაგვაოცა იმით, რომ თავის ორ უტყუარ ნიჭს მესამეც დაამატა. ამ კონცერტზე ჩვენ მოვისმინეთ მის მიერ ოსტატურად არანჟირებული ნაწარმოები ჯო დასენის „Salut!“, რომელიც გუნდმა და სოლისტებმა თამარ ოქროპირიძემ და თეონა პავლიაშვილმა მაღალი ოსტატობით შეასრულეს.

საფინალოდ გუნდმა სამხრეთ-აფრიკული ტრადიციული სიმღერა „მდინარეზე“ შემოინახა. უნდა გენახათ როგორი არტისტულობით და ოსტატობით მოძრაობდა მთელი გუნდი, როდესაც თეონა ცირამუამ სოლო პარტია შემოსძახა, აზრიანად და მუსიკალურად აყვა მას თეონა პავლიაშვილი, ხოლო მანანა გოგიჩაშვილისა და თამარ ილურიძის საცეკვაო დუეტმა მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა. ეს ნაწარმოები იმდენად შეიყვარა მსმენელმა თბილისშიც და გორშიც, რომ მისი შესრულების დროს ოვაციებს საზღვარი არა აქვს. თითქოს მსმენელები და შემსრულებლები ერთმა დიდმა ხელოვნებამ სულიერად გააერთიანა, ფეხზე ამდგარი მსმენელი დიდხანს უკრავდა ტაშს გუნდის გამოსვლას. სამხატვრო ხელმძღვანელმა მაყურებლის სურვილი შეესრულა და გადაწყვიტა კონცერტის დამთავრება უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ს ნაწარმოებით „Kirie Eleison“, მაგრამ მაყურებელმა არ ისურვა კონცერტის დამთავრება და ფეხზე ამდგარმა ოვაცია გამართა, რომელიც მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა ხელმძღვანელმა კამერტონი ამოიღო ჯიბიდან, რადგან იძულებული იყო კიდევ შეესრულებინა რაიმე, შეასრულა კიდეც ი.კეჭაყმაძის „ქუთაისური სერენადა“. კონცერტი დამთავრდა, მაგრამ ოვაციები და მოწონების შეძახილები დიდხანს არ დამთავრებულა.
მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ თანამედროვე საგუნდო კოლექტივს უნდა ხელეწიფებოდეს ყველანაირი ჟანრის, სტილის და სხვადასხვა ეროვნების კომპოზიტორთა ნაწარმოებების მაღალ დონეზე შესრულება რა თქმა უნდა ქართულთან ერთად და რომ გორის ქალთა კამერული გუნდი მაღალი კლასის კოლექტივია, რომელსაც ყველაფერი ეს ხელეწიფება. ვარ თუ არა მართალი ჩემს შეფასებაში თქვენთვის მომინდვია.

საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის ნაციონალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ ლაურეატი, პროფესორი
ანზორ შომახია.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.