რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
1 სექტემბერი ანუ პირველი ოლიმპიური ოქრო 44 წლის წინ
ფუტკრის სკასავით მოზუზუნე ,,ბასკეტბალ ჰალე" წამით გაშეშდა. ასეთ სასწაულს არავინ ელოდა. მერე ისევ იხუვლა და მქუხარე ტაშით შეეგება ლეგენდის დაბადებას. ეს მოხდა 1972 წლის პირველ სექტემბერს მიუნხენში.

ახალგაზრდა ფალავანმა შოთა ჩოჩიშვილმა ქართული ,,ბრუნით" ისე დაანარცხა ტატამზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფუმიო სასახარა, რომ წამოდგომა გაუჭირდა. არადა, ხუთიოდე წუთით ადრე, სარბიელზე გასვლის წინ, ფოტოჟურნალისტები სახეგაბადრულ იაპონელს ეხვეოდნენ, რათა დროულად მიეწოდებინათ თავიანთი გამოცემებისთვის ქვემძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონის სურათები.

კენჭისყრისას მეორე წრეში შოთა ჩოჩიშვილს სასახარა რომ შეხვდა, საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების შეშფოთებულ მთავარ მწვრთნელს ვლადლენ ანდრეევს კოლეგებისთვის უთქვამს ,, რაღა მაინცდამაინც სასახარა?!

არც არის გასაკვირი. ანდრეევი ხომ ჯიუტად მოითხოვდა ნაკრებში ჩოჩიშვილის დაყენებას. საბჭოთა სპორტის მამები კი გამოცდილ ევგენი სოლოდუხინს ამჯობინებდნენ.

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ფალავანმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი არ ყოფილა, იოლად სძლია სახელოვან მეტოქეს. ანდრეევმა და საქართველოს მაშინდელი სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძემ თავისი გაიტანეს. ამიტომაც გულში გაკეწლა სასახარასთან დაპირისპირებამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რადგან მეორე წრეში, თუნდაც ოლიმპიური თამაშების ფავორიტთან მარცხისთვის, ვინ იცის, რა შარს მოსდებდნენ.

ანდრეევი, რომელიც შვილივით უყურებდა შოთას, რატომღაც ღრმად იყო დარწმუნებული ქართველი ძიუდოისტის წარმატებაში. ერთხელ მორიგი წვრთნის შემდეგ ნაკრების წევრებისთვის უთქვამს, თუ იცით, რომ თქვენ გვერდით მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ზისო.

,,მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე კისრის არეში ტრავმა მივიღე და მხრისქვეშა კუნთები ისე დამეჭიმა, რომ გერმანიაში ჩემი გამგზავრება ექიმებმა სათუოდ მიიჩნიეს, - იგონებს შოთა ჩოჩიშვილი. - ერთადერთი ვლადლენ ანდრეევი იყო შეუვალი - იჭიდავებ და ჩემპიონიც გახდებიო, მითხრა.

1962 წელს ანზორ კიკნაძემაც მიიღო ტრავმა, ორი კვირის შემდეგ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, მიუნხენის ოლიმპიადაზე კი შენი ჯერიაო. ისე იყო დარწმუნებული ჩემს გამარჯვებაში, რომ მეც გამამხნევა, რწმენა და ენერგია შემმატა. მართალია, ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ იაპონელ ძიუდოისტთა შიში არ მქონია. თუმცა მათზე ლეგენდები დადიოდა.

ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებთან ქართველი ფალავნის ნაცნობობა ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე დაიწყო, ჯერ ინგლისში, სადაც საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა, მერე კი პოლონეთში ნაკამურას 32 წამში სძლია და იქაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მიუნხენში სასახარასთან შეხვედრამდე ჩოჩიშვილმა ერთგვარი მოთელვაც ვერ მოასწრო, რადგან პირველ წრეში კორეელი ჩჟო დუ იუნგი არ გამოუცხადდა.

სამაგიეროდ, მომდევნო წრეში იაპონელის უძლეველობის მითი (სასახარას მანამდე მოწინააღმდეგეებთან ორთაბრძოლებში ქულაც არ ჰქონია დაკარგული) მაინც დაასამარა და თავად შეუდგა ოლიმპისკენ მიმავალ გზას. მესამე წრეში ინგლისელი დევიდ სტარბრუკი გადაეღობა. ბრიტანელი სპორტსმენი ლეგენდის მძლეველთან ღია პაექრობას მოერიდა, თავად არ ჭიდაობდა და შოთასაც არ აძლევდა ამის საშუალებას. ექვსწუთიანი ძიძგილაობა უშედეგოდ დამთავრდა. ხუთიდან სამმა არბიტრმა სტარბრუკს მისცა უპირატესობა.

კიდევ კარგი, რომ ინგლისელი ნახევარფინალში გავიდა და ჩოჩიშვილი დამამშვიდებელ ჯგუფში გაიყოლია, სადაც ჩვენებურმა წუთსა და 37 წამში სძლია ფრანგ პიერ ალბერტინის, ორწუთ-ნახევარში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს უოლი, სამოცდახუთი წამი მოანდომა აღრიალებული ,,ბასკეტბალ ჰალეს" ჩაჩუმებას ალემანთა კერპის, პაულ ბარტის დამარცხებით. ფინალში ისევ სტარბრუკს დაუპირისპირდა.

ღვლეველმა (ქარელის რაიონი) ფალავანმა ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა. იგი გახდა არამარტო საბჭოთა, არამედ პირველი ევროპელი მოჭიდავე, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ნამდვილ იაპონურ ქვემძიმე წონაში მოიპოვა. ამომავალი მზის ქვეყნის თეთრკიმონოიანთა მთავარ მწვრთნელს, მეცხრე დანის მფლობელ შოხეი ხამანოს ანდრეევისთვის გამარჯვება მიულოცავს და ძიუდოში ახალი ერა იწყებაო, უთქვამს. მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ შოთა ჩოჩიშვილმა მრავალ შეჯიბრებაში მიაღწია წარმატებას. ევროპის სამგზის ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. საკავშირო პირველობებზე ორ-ორჯერ ,,ვერცხლი" და ,,ბრინჯაო" დაიმსახურა.

იაპონელ ძიუდოისტებთან ქართველი მოჭიდავის ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს. ჯერ იუგოსლავი რადომირ კოვაჩევიჩი დაამარცხა ვაზარით, მერე ჩეხოსლოვაკიელ ვლადიმირ ნოვაკს ,,კოკა" აართვა. ნახევარფინალში ხარუკი უემურას დაუპირისპირდა. ექვსწუთიანი ორთაბრძოლის შემდეგ შეხვედრის ბედი ჰანტეიმ გადაწყვიტა. მსაჯებმა უპირატესობა იაპონელს მიანიჭეს. ბრინჯაოსთვის პაექრობაში ჩოჩიშვილმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ჟან ლიუკ რუჟეს სძლია.

1981 წელს ოლიმპიური ჩემპიონი აქტიური სპორტიდან გააცილეს, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თეთრი კიმონოსთვის არასდროს უღალატია. უტატამოდ ვერ ძლებდა და ხშირად მიაკითხავდა დარბაზს, სადაც მისი ვაჟი რამაზი ვარჯიშობდა (მამის ტრადიციების გამგრძელებელმა საერთაშორისო სარბიელზეც ისახელა თავი ,,ევროპის ჩემპიონატებზე სამჯერ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა). თავადაც ჯანზე გრძნობდა თავს, ამიტომ 1989 წელს სიამოვნებით მიიღო პროფესიონალი მოჭიდავის ანტონიო ინოკის გამოწვევა, რომელიც მანამდე თვით მუჰამედ ალისაც კი დაუპირისპირდა.

- იაპონელებმა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში მოგვიპატიჟეს, სადაც მოულოდნელად 50 რეპორტიორის პირისპირ აღმოვჩნდი, - მითხრა ბატონმა შოთამ. - ამგვარ სიტუაციაში გამოწვევაზე უარს ხომ არ ვიტყოდი, ოღონდ ერთი პირობა წამოვაყენე, ძიუდოს წესებით ვიჭიდავებ-მეთქი. ნაგოიასა და იოკოჰამაში დავესწარი პროფესიონალთა ჭიდაობას. ინოკიმ ორი შეხვედრა მოიგო. უამრავი მაყურებელი ესწრებოდა, იმის მიუხედავად, რომ ბილეთები 500 დოლარამდე ღირდა. სამი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვივარჯიშე. ორთაბრძოლა 1989 წლის 24 აპრილს გაიმართა.

შეხვედრის წინ მატჩის ორგანიზატორები მოვიდნენ ჩემთან და საუბარში შეპარვით მაგრძნობინეს, რომ იაპონელთა კერპის დამარცხება უხერხული იქნებოდა. ასე ვთქვათ, ერთგვარ გარიგებას მთავაზობდნენ. კიდევ კარგი, რომ მაშინ ჩემ გვერდით იდგა ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი. მისი თანდასწრებით ვუთხარი მასპინძლებს ,,9 აპრილის შემდეგ საქართველოში გლოვაა და ჩემი წაგება მორალურად გაუმართლებელი იქნება-მეთქი. პრესა და ტელევიზია მართლაც ფართოდ აშუქებდა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. მასპინძლებს ხმა არ ამოუღიათ, ცივად გამშორდნენ. შეხვედრა გაიმართა სტადიონზე, სადაც ბეისბოლის მატჩები ეწყობა.

ორთაბრძოლის საყურებლად 54 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ხუთი სამწუთიანი რაუნდი დაინიშნა. ჩოჩიშვილი ძიუდოს, ინოკი კი კეტჩის წესებით იბრძოდა, დარტყმაც შეეძლო, მტკივნეული ილეთის ჩატარებაც და ჭიდაობაც. ქომაგები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავიანთ კერპს. ტრიბუნების გამაყრუებელი ღრიალი შორეულ სივრცეში იკარგებოდა. ტატამზე კი ქანცგამოლეული სპორტსმენები ამღვრეული თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს. მეხუთე რაუნდი ახალი დაწყებული იყო, ჩოჩიშვილმა თავის საყვარელ ილეთზე ბრუნზე მესამედ რომ წამოიკიდა მეტოქე და ბეჭებით დააბერტყა ტატამზე. მოღრიალე ტრიბუნები ჩაჩუმდნენ. ინოკიმ ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. ეს გამარჯვება იყო, დიდი გამარჯვება ქართული ფენომენისა...

ამონარიდი ვაჟა დანელიას სტატიიდან ,,ახალი ერა ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილით დაიწყო" 
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო
პრეცედენტია, რომელიც ახალისებს
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს
22:14 / 06.05.2024
ბეღელურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის ასაკში
გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
ბეღელურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის ასაკში გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
21:14 / 06.05.2024
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლის
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
20:51 / 06.05.2024
დაიღუპა 31 წლის ქალი. მისი მცირეწლოვანი შვილი კი გორის ჰოსპიტალში
გადაიყვანეს.
დაიღუპა 31 წლის ქალი. მისი მცირეწლოვანი შვილი კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
20:13 / 06.05.2024
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.