,,გული აგატკიეს, განერვიულეს. მუშაობა არ დაგაწყებინეს, უარესი მთავრობა მოვიდა" - ამბობდა ტირილით გარდაცვლილის მეუღლე. საქმე ეხება თემო ნაფიშვილის ბიზნესს, რომლის განხორციელებაში ხელი, აწ უკვე გარდაცვლილს, ჯერ ყოფილმა ხელისუფლებამ, შემდეგ ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ადგილობრივმა გამგეობამ შეუშალა.
თემო ნაფიშვილთან ინტერვიუ Qartli.gE-მ 2014 წლის 3 ივნისს ჩაწერა. ამავე დღეს გამოქვეყნდა სტატია: ,,თუ არ ხარ პარლამენტარი ან არ გყავს მფარველი მაღალჩინოსანი ამ ქალაქში , ბიზნესს ვერ დაიწყებ”
ციტატა 2014 წლის 3 ივნისის სტატიიდან:
(ციტატის დასაწყისი) ; ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღდუდვების გარეშე.” – საქართველოს ტრანსპორტის შესახებ კანონის აღნიშნული ჩანაწერით გორში მცხოვრები თემურ ნაფიშვილი ვერ სარგებლობს. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება, გამგეობა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, პირადი ინტერესების მიზნით, მის წინააღმდეგ მრავალნაირ შეზღუდვებს ამოქმედებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი პასუხობს, რომ კერძო სფეროში ჩარევის უფლება არა აქვს.
თემურ ნაფიშვილი შპს ,,ავტოსერვის-ლომჭაბუკის” დამფუძნებელია. ის მგზავრთა სატრანსპორტო გადაზიდვებს 1996 წლიდან ახორციელებს. მისი სურვილია რეგიონში ტურისტული მარშუტების ამოქმედება, კერძოდ სამგზავრო მიკროავტობუსების მოძრაობის უფლების მიღება იმ სოფლებში, სადაც ტურისტული და კულტურული ძეგლები მდებარეობს. თემურ ნაფიშვილის კომპანიას შესაბამისი ბაზა (მიკროავტობუსები) გააჩნია, თუმცა ქალაქის შესაბამის ტერიტორიაზე ამ მიკროავტობუსების დგომის უფლებას არ აძლევენ. მათ შორის, გორის ცენტრალურ ავტოსადგურზე.
,,თუ არ ხარ პარლამენტარი წევრი ან არ გმფარველობს ვინმე მაღალჩინოსანი, შენს ბიზნეს წინსვლა არ უწერია” – სწერს თემურ ნაფიშვილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარიას. ,,მიმდინარე წლის 6 მარტს ერთი წელი შესრულდა და ვერ გავარღვიეთ მონოპოლიზებული, საბჭოური მენტალიტეტით შეპყრობილი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იმ საწარმოს ხელმძღვანელები, რომლებიც ხელს გვიშლიან და არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, რათა ვაწარმოოთ რეგულარული რეისები შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ მარშუტებზე: ატენის, უფლისციხის, ქვახვრელის, ვარიანის, ნიქოზის, არბოს, ურბნისის, რუისის,სურამის, ყინწვისის, ერთაწმინდას, წრომის, სამთავისის და სხვა ღირსშესანიშნავ ტურისტულ ობიექტებზე” – აგრძელებს თემურ ნაფიშვილი წერილში.
წერილში განმარტებულია, რომ გარკვეული პერიოდის მანძინლზე ,,ავტოსერვის-ლომჭაბუკის” მიკროავტობუსები 8 ტურისტულ მარშუტზე გადიოდნენ. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა სხვა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან. თემურ ნაფიშვილის თქმით, ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ მოხდა უარესი. კერძოდ, შეიქმნა ახალი მონოპოლისტი კომპანია ,,ვითიჯი”.
,,ვითიჯის” დაფუძნების შემდეგ მარშუტები მანამდე არსებულ კომპანია ,,ავტოტრანსს” ჩამოართვეს, რომელსაც ქალაქსა და რაიონში 96 ხაზი ჰქონდა. ესე ადვილია 96 მარშუტის ჩამორთმევა, როცა ჩვენ 8 მარშუტის ამოქმედების უფლება არ გვეძლევა?” – კითხულობს თემურ ნაფიშვილი.
როგორც ირკვევა, გორის ავტოსადგურის ტერიტორია, მთლიანად, მიქირავებული აქვს ,,ვითიჯის”. ამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე თემურ ნაფიშვილის მიკროავტობუსებს დგომის უფლებას არ აძლევენ. ,,შპს ვითიჯის ხელმძღვანელს ზვიად მჭედლიძეს ესაუბრა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე, რომ ჩემს კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობა ყოფილიყო. მაგრამ ამაოდ. რომელ 8 მარშუტზეა საუბარი, არც ერთს არ დავთმობო, გამოგვიცხადა ზვიად მჭედლიძემ” – წერია ომბუდსმენთან დაწერილი წერილში.
ბიზნეს-ომბუდსმენი თემურ ნაფიშვილის რამდენიმე გვერდიან წერილს გაეცნო. მან ადგილობრივ გამგეობას რეკომენდაციით მიმართა, რომ მაქსიმალურ ხელი შეეწყოთ ამ მეტად საჭირო საქმიანობის განხორციელებისთვის.
შპს ,,ავტოსერვის – ლომჭაბუკის” ხელმძღვანელი გამგეობას რამდენიმე ტერიტორიაზე ადგილების გამოყოფას სთხოვს. მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურისტული ცენტრის მიმდებარედ, ..ლომჭაბუკის” მიმდებარედ და ასევე, რა თქმა უნდა, ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიაზე. თემურ ნაფიშვილი ამბობს, რომ არც ერთ მათგანზე მას დგომის უფლებას არ აძლევენ.
,,არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა იმისა, რომ მაგალითად ავტოსადგურს არა აქვს უფლება რომელიმე გადამზიდავ კომპანიას უარი უთხრას მომსახურების გაწევაზე. თუკი არსებობს ქალაქში რამდენიმე გადამზიდავი კომპანია, ავტოსადგური ვალდებულია, ყველა მათგანი თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს. ავტოსადგური კი მხოლოდ ერთი კომპანიის ,,ვითიჯის” მიკროავტობუსებს უკავია” – აცხადებს ნაფიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება თემურ ნაფიშვილის მოთხოვნებს:
,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების, ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის და ადგილობრივი ქონების კანონზომიერ რეგულირებად ინტერესებს არ ემთხვევა თქვენი სამეწარმეო დარგის ხასიათის მატარებელ ინტერესის მიზანმიმართულებას” – წერია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პაპუნა კობერიძის წერილში, რომელიც თემურ ნაფიშვილს, ჯერ კიდევ, ერთი წლის მიუვიდა. აქვე ვკითხულობთ, რომ ქალაქის ის ცენტრალური ნაწილი, სადაც ნაფიშვილი ადგილის გამოყოფას ითხოვს, ავტოტრანსპორტის ნაკადის განტვირთვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკურ პასუხისმგებლობას და წინდახედულებას ეწინააღმდეგება. პაპუნა კობერიძე წერს, რომ მათ თემურ ნაფიშვილს რამდენიმე ადგილი შესთავაზეს.
,,შემომთავაზეს ტერიტორია ახალბაღის ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც დავიწყე კიდეც გარკვეული საქმიანობა, მაგრამ დღესდღეობით ეს უფლება კვლავ ჩამომართვეს გაურკვეველი მიზეზით” – ამბობს ნაფიშვილი. (ციტატის დასასრული; 2014 წლის 3 ივნისი)
4.10. 2014





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები