ზაზა ხუბულურის 8 საათიანი ტყვეობის შესახებ (როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ზაზა ხუბულური ნარკოლოგიურ ცენტრში 12 საათი იმყოფებოდა) Qartli.gE 8 ოქტომბერს წერდა. მეტადონის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეს ნარკოლოგიურ ცენტრში მოშარდვას აიძულებდნენ. თუმცა, 12 საათი ისე გავიდა, ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა ზაზა ხუბულურმა ეს ვერ შეძლო. ადვოკატი ზაზა გიგაური ითხოვდა, რომ დაკავებული პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოეთავსებინათ. ზაზა ხუბულური წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებიდან, მხოლოდ, 12 საათის შემდეგ გადაიყვანეს.
,,პატივცემულო მოსამართლე, მე რაც ვნახე ნარკოლოგიურ ცენტრში, ეს იყო ადამიანის წამება. ადამიანს არ უშვებდნენ ტუალეტში. თუ გაგიშვებთ, თავზე უნდა გადგეთ, რომ შემთხვევით სხვა ბიოლოგიურ მოთხოვნილებასთან ერთად, მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, ვნახოთ, მოშარდავ თუ არაო. მე გაცნობილი ვარ გუანტანამოს საპატიმროს პირობებს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იქ არ არის ასეთი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები" - ამბობდა ადვოკატი ზაზა გიგაური.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით ზაზა ხუბულური არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგადაც მოხდა მისი დაკავება და იძულებით ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა.
ზაზა ხუბულური: ,,ეს უკვე მეშვიდედ ხდება. ყველა შემთხვევაში ნარკომოხმარება არ დამიდგინა. როდესაც მეშვიდედ მოვიდნენ, ვიყავი ჩემი სამსახურის წინ, საოქრომჭედლოსთან. ვუთხარი, აქ ქუჩაში ნუ ვდგავართ, შევიდეთ ჩემთან მეთქი. ცოლ-შვილს ვაცილებდი. იქ გამოვთქვი ჩემი პროტესტი, რომ დავიღალე ამ დევნით. მე დიდი ხანია დანებებული მაქვს ნარკოტიკის მოხმარებას. ვუთხარი, თუ გინდათ, ძალით წამიყვანეთ, ხელბორკილი დამადეთ-მეთქი"
პატრულის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ზაზა ხუბულური პოლიციას ნებაყოფლობით არ გაჰყვა:
პატრული: ,,ჩვენ მას დაახლოებით 20 მეტრის მანძილზე ვდიეთ. გამოხატავდა აგრესიას, იძულებული გავხვდით ხელბორკილები დაგვედო"
ადვოკატმა ზაზა გიგაურმა პროცესზე ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა მოითხოვა. პატრულის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამის ამსახველი ვიდეო გააჩნიათ. პროცესზე ვიდეო-აჩვენეს.
ვიდეო-მასალაში 20 მეტრის მანძილზე დევნა არ ჩანს. კადრების მიხედვით, რომელსაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მისი გამოთხოვის შემდეგ შემოგთავაზებთ, ჩანს, რომ საოქრომჭედლოს კარებში ზაზა ხუბულური პატრულის თანამშრომლებს მისი დაკავების მიზეზებს ეკითხება:
,,ვიზუალური გამომეტყველებით ეჭვი გვაქვს, რომ იმყოფებით თრობის ქვეშ" - ეუბნება პატრული ზაზა ხუბულურს. ,,მე ჩემი ნებით არ გამოგყვებით, თუგინდა დამადეთ ბორკილები და წამიყვანეთ" - პასუხობს ზაზა ხუბულური პატრულს. პატრული კი ზაზა ხუბულურს შენობის გარეთ გასვლას და ბორკილების იქ დადებას სთხოვს. ამასობაში კადრებში სამმართველოს უფროსი ჩნდება, რომელიც ბრძანებას გასცემს, რომ დააკავონ 173-ე მუხლით (წინააღმდეგობის გაწევა).
,,მე ვეკითხები პოლიციას" - იკითხა ზაზა გიგაურმა ვიდეოჩვენების დამთავრების შემდე - ,,სად არის აქ წინააღმდეგობა? სად არის 20 მეტრის მანძილზე დევნა? სად არის აქ განმარტება დაკავების შესახებ და მოქალაქის უფლებების შესახებ? ასეთი რამე ჩანს?" - შეეკითხა გიგაური პატრულს.
,,მოგეხსენებათ, ჩვენი ვიდეო-გადამღები ბატარეებით მუშაობს და იმ მომენტში დამჯდარი იყო. ამიტომ ვერ მოხდა ამ წინააღმდეგობის ასახვა" - უპასუხა პატრულმა.
მოსამართლის კითხვაზე, როდესაც პირი მიგყავთ ნარკოლოგიურ ცენტრში, მას აკავებთ? რაზეც პატრულმა უპასუხა, რომ კი.
,,თუ პირის დაკავების ღონისძიებას ახორციელებთ, მას რაღატომ ეკითხებით, რომ ნებაყოფლობით გააკეთოს ეს? თავის თავში დაკავება ხომ იძულებას გულისხმობს?" - იკითხა მოსამართლემ.
,,ჩვენც მაგას ვამბობთ პატივცემულო მოსამართლე. როგორც შეიძლება ადამიანს სურვილი ჰქონდეს დაკავების ანდა უნდოდეს იმ წამებაში ყოფნა, რაც მას ნარკოლოგიურ ცენტრში გადახდა. თუ პირს აკავებენ, უნდა უთხრან, რომ თქვენ გაკავებთ ამა და ამის გამო. ამ ვიდეოში კი ეს არ ჩანს" - განაცხადა ზაზა გიგაურმა.
მოსამართლე პატრულს: ,,დაზუსტებისთვის კიდევ ერთხელ მაინტერესებს. დავუშვათ, გაგიჩნდათ გონივრული ეჭვი, რომ პიროვნება იმყოფება თრობის ქვეშ. როდესაც პირი ნარკოლოგიურ ცენტრში მიგყავთ, ადგენთ თუ არა დაკავების ოქმს და რას უთითებთ?"
,,ვუთითებთ ან 45-ე მუხლს, ან 173-ე მუხლს" - უპასუხა პატრულმა. პირველი მათგანია პირის თრობის ქვეშ ყოფნა, მეორე - წინააღმდეგობის გაწევა.
,,ე.ი. გამოდის, რომ ახდენთ იძულების ფორმის გამოყენებას, დაკავებას. რაღა საჭიროა იმის კითხვა, სურს თუ არა პიროვნებას ნებაყოფლობით დაკავება? თავის თავში დაკავება, სწორედ, იძულების ფორმას გულისხმობს" - განაცხადა მოსამართლემ.
ვიდეოში ზაზა ხუბულური უკმაყოფილო გამონათქვამებით პატრულის ქმედებას აპროტესტებს; რომ ისინი ხშირად აწუხებენ; რომ მიჰყავთ შემოწმებაზე და ყველა შემთხვევაში ვერ უმტკიცდება თრობა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გასვლა არ დაჭირვებია. დაკავებულს განუცხადა, რომ პატრულის (პოლიციელის) მოთხოვნას უნდა შეხვდეს მოთმინებით. ,,სხვა გზა არა გაქვთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ პატრულის ქმედება, უნდა მოითმინოთ. სხვა საკითხია, დაამტკიცებენ თუ არა ისინი თავიანთი გონივრული ეჭვის საფუძვლიანობას." - განაცხადა მოსამართლემ.
მისი განცხადებით, დაკავებულ ზაზა ხუბულურს ადმინისტრაციულ სახდელად, მხოლოდ, სიტყვიერი შენიშვნა მიეცემა. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე 10 დღის შემდეგ გამოაქვეყნებს.
დაკავებულის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილები დარჩა.
,,ძალიან დიდი პატივისცემით თქვენს მიმართ პატივცემულო მოსამართლე. მე ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებზე ვმუშაობ, ხოლო ასეთ ადმინისტრაციულ საქმეს პირველად შევესწარი. რაც ნარკოლოგიურ ცენტრში ხდებოდა, ამ ყველაფერმა შოკში ჩამაგდო. ჩვენი იქ ყოფნისას დაახლოებით 50 პირი მოიყვანეს. თუ ვინმეს თრობა არ ამოუვიდოდა, პოლიციელებს სწყინდათ, ვაჰ, ეს როგორ მოგვივიდაო. როგორ შეიძლება ადამიანს ეს სწყინდეს? მე დავინახე ის, რომ ამ პროცესში არა კონკრეტული პატრულის თანამშრომელია დამნაშავე, არამედ მთელი სისტემა იყო ჩართული. პატრულის უფროსით დაწყებული ნარკოლოგიური ცენტრის ექიმებით დამთავრებული. ექიმმა სკამიც კი ისროლა. რაც შეეხება ადამიანის ვიზუალის მიხედვით ეჭვის გაჩენას. მე რომ ლამაზი ვარ და პატრული ფიქრობდეს, რომ არ ვარ ლამაზი, უნდა დამაკავოს? უნდა ვამტკიცო, რომ ლამაზი ვარ? " - თქვა ზაზა გიგაურმა.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები