ახალი ამბები
თემინა ტუაევა: ,,დიდი მადლობა ხსოვნისთვის"
,,ნარგიზა" - პერსონაჟი, რომელიც ფილმ ,,ნატვრის ხეში" მაცდური ქალის როლს ასრულებს. ყველა მამაკაცს თავგზას უბნევს. ერთადერთი ქალი აღმოჩნდება, რომელიც მარიტას იცავს და ციციკორეს ტალახს ესვრის.

ნარგიზას როლს მსახიობი თემინა ტუაევა (თუაევი) ასრულებს. ის 1945 წლის 16 სექტემბერს ვლადიკავკაზში დაიბადა. დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ,,ნართ სტუდიოს" ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია. ინსტაგრამზე ჩვენს მიერ, ოსურ ენაზე მომზადებული მასალა მოგვიწონა, რის შემდეგაც ჩვენ მას დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.



ქალბატონო თემინა, საქართველოში, და არა მხოლოდ აქ, თქვენ ხართ ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის გმირი. გთხოვთ, გვიამბოთ როგორ მოხვდით ნარგიზას როლზე ფილმ ,,ნატვრის ხეში" და რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ამ ქალის როლი.

- პირველ რიგში, ჩვეულებრივი ქალია, ლამაზი, ყველასთვის სასურველი, რა თქმა უნდა ის საინტერესო იყო ჩემთვის, ეს ერთგვარი ადგილობრივი ქართველი მესალინა. ვფიქრობ ის არ ამცირებს ჩემს ღირსებებს, ჩემთვის ეს იყო ერთობ მიმზიდველი შეთავაზება. როგორ მოვხვდი? საქმე იმაშია, რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენთან, აქ ასევე გვქონდა ჩვენი კინემატოგრაფია და ერთ-ერთი ჩვენი რეჟისორი - ნალიკ ბურნაცევი იღებდა კომედიურ მოკლემეტრაჟიან ფილმს. მან მთხოვა საქართველოში გამგზავრება, რათა ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელად მოგვეწვია თენგიზ ევგენის ძე აბულაძე. ჩვენ გავემგზავრეთ, ეს იყო 1970 წლის შემოდგომა. ჩავედით, გავეცანით. ვინაიდან მე უკვე ვამთავრებდი სრულიად საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტს და უკვე ვმუშაობდი ჩვენთან, ჩრდილოეთ ოსეთის კინოში, მე ვიცნობდი და ვმეგობრობდი ძალიან ბევრ ქართველ კინემატოგრაფთან, ირაკლი კვირიკაძესთან, პრაქტიკულად ყველასთან, ვინც სწავლობდა სრულიად საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში.



როდესაც საქართველოში ჩავედით, თენგიზ ევგენის ძემ თავაზიანად მიგვიღო, დაგვთანხმდა და გამოემგზავრა ჩვენთან ერთად ვლადიკავკაზში. ის ჩვენც შესანიშნავად მივიღეთ. იმ დროს ჩვენს შორის არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა მეგობრობისთვის, ურთიერთგაგებისთვის, ჩვენ ორ მოძმე ერად ვიწოდებოდით. მას შემდეგ, რაც ის გაემგზავრა საქართველოში, 1971 წლის თებერვალში, მე მივიღე ტელეგრამა, რომლითაც მიწვევდნენ ნარგიზას როლის სინჯებზე. წარმოგიდგენიათ? ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, სრული მოულოდნელობა იყო. პირველ რიგში, პრიორიტეტს თავად რეჟისორი წარმოადგენდა, მსოფლიოს მიერ აღიარებული რეჟისორი, რომლის შემოქმედებასაც მე, როგორც კინემატოგრაფისტი (მე იმ დროს დავამთავრე სრულიად საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი), კარგად ვიცნობდი, ვაფასებდი, მიყვარდა და ეს ჩემთვის იგივე იყო, თითქოს ნობელის პრემია მიმეღო. და მე გავფრინდი, მაშინ თვითმფრინავები თბილისის მიმართულებით მინერალური წყლებიდან დაფრინავდნენ. მე გავფრინდი სინჯებზე და წარმატებით გავიარე ისინი. იმ დროს ,,ქართულ ფილმში" ისეთი სისტემა იყო, რომ საჭირო იყო პროექტების დაცვა. თქვენ არ გეხსომებათ, ვინაიდან ახალგაზრდა ხართ, იმ დროს კი პროექტების დაცვა იყო. და პროექტების დაცვა ხორციელდებოდა არა მხოლოდ სტუდიის სამხატვრო საბჭოს წინაშე, არამედ პრაქტიკულად მთელი კოლექტივის წინაშე. როგორც შემდგომ თენგიზ ევგენის ძემ მითხრა, დაცვა ოთხიანზე გავიარე. მე დამამტკიცეს. ფილმს უკვე ზაფხულში ვიღებდით სიღნაღში.

- კეთილი. როგორი განწყობა გქონდათ ამ შესანიშნავი ფილმის გადაღებებისას?

- მე მქონდა შესანიშნავი განწყობა. პირველ რიგში, ახალგაზრდა ვიყავი, მეორე, ეს იყო საქართველო, მესამე, ეს იყო თენგიზ ევგენის ძე, მეოთხე, ეს იყო გადამღები ჯგუფის სრულიად გასაოცარი კოლექტივი. არა მხოლოდ გამოჩენილი მსახიობები, იქ შეკრებილი იყო ქართული კინოს მთელი ნაღები. მთელი საწარმოო გადამღები ჯგუფი: ოპერატორების თანაშემწეები, რეჟისორების თანაშემწეები, კოსტიუმერები, ჩვენ ყველანი უბრალოდ ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. იყო ასეთი მომენტი, თენგიზ ევგენის ძე ჯერ კიდევ ასწავლიდა. მას ჰყავდა სტუდენტების ჯგუფი, რომელთაც ის ასწავლიდა ინსტიტუტში. სტუდენტთა მთელი ეს ჯგუფი ფილმზე მუშაობდა ასისტენტებად, თანაშემწეებად. ყოველ საღამოს ის კრებდა მთელ თავის შემოქმედებით კოლექტივს და გადამღებ ჯგუფს. ისინი განიხილავდნენ არა მხოლოდ განვლილ გადაღების დღეს, არამედ გეგმავდნენ მომავალ გადაღებებს შემდეგი დღისათვის. და იქ სუფევდა ისეთი საოცარი შემოქმედებითი ატმოსფერო, შემოქმედებით-ოჯახური, იდეალური ატმოსფერო გადაღებისთვის.
კინემატოგრაფისტები, თქვენც იცით, ეს ერთი ოჯახია, იქ გადაღებებზე ხშირად ჩამოდიოდნენ მისი კოლეგები - გიორგი შენგელაია, გადაღებებში მონაწილეობდა სოფიკო ჭიაურელი, რომელიც მისი მეუღლე იყო და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ძალიან ბევრნი ჩამოდიოდნენ, ურთიერთობდნენ, ხვდებოდნენ. იყო ასეთი გასაოცარი მომენტი - თბილისში ამ დროს მიმდინარეობდა პეტერბურგის ტოვსტონოგოვის თეატრის გასტროლები. ის უჩვენებდა ,,ხოლსტომერს" და ჩვენ წავედით თბილისში სპექტაკლზე დასასწრებად. ასე რომ მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ მე ვურთიერთობდი სუპერპროფესიონალების, სუპერვარსკვლავების ასეთ სუპერშემოქმედებით გარემოში.

მოუსმინეთ აუდიო ვერსიას

Თემინა Ტუაევი - Ინტერვიუ by Qartli.gE

- როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება ,,ნატვრის ხის" შემდგომ, და რა ადგილი უკავია ამ ფილმს თქვენს ცხოვრებაში?

- კინო სისხლში მაქვს უკვე დიდი ხანია, ის შევიდა ჩემს დნმ-ში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვსწავლობდი ჩვენს ჩრდილო-ოსეთის უნივერსიტეტში. ამიტომ მე ვაგრძელებდი მუშაობას კინოში, ვმუშობდი ტელევიზიაში. 1976-ში მე ვხელმძღვანელობდი და ვიყავი კინოჟურნალ ,,ჩრდილოეთ კავკასიის" რედაქტორი. 1976-იდან 1986 წლის ჩათვლით მე მოვამზადე ამ კინოჟურნალის 400 ნომერი. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩრდილოეთ კავკასიის კინოქრონიკის სტუდიაში. მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი, ძალიან სერიოზული გამოცდილება, ვინაიდან ყოველი ჟურნალი შედგებოდა ექვსი-შვიდი სიუჟეტისაგან, ეს იყო პატარა მიკროფილმები. წარმოგიდგენიათ რამდენმა მუშაობამ მომიწია პროფესიის ათვისების კუთხით. მე ვთვლი, რომ ამ ათწელს უქმად არ ჩაუვლია. 1986 წელს მე მიმიწვიეს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიის კინოცენტრის დასაარსებლად, ანუ რუსეთის კინოს პროპაგანდის ბიუროს შესაქმნელად. არსებობდა ასეთი ორგანიზაცია. შემდგომში ის გადაიქცა სააქციო საზოგადოება ,,კინოცენტრად". მე ის დავაარსე და ვმუშაობდი დირექტორად 1986 წლიდან 1992 წლის ჩათვლით.



ზუსტად ორი წლის თავზე, სამარის განყოფილებასთან ერთად, ჩვენ გავხდით საუკეთესოები ქვეყანაში, სსრკ-ში. ხოლო 1992 წელს გაიდარმა მოახდინა ფასების ლიბერალიზაცია და ყველაფერი დაიშალა, ამ პროპაგანდის ბიუროში, კინოცენტრში მუშაობა არამიზანშეწონილი გახდა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვიყავით სამეურნეო ანგარიშზე, თვითდაფინანსებაზე. მე გავხსენი საქსოვი საამქრო და პატარა სანთლის ქარხანა. ჩვენს ფიგურულ სანთლებს ვაგზავნიდით პოლონეთში მოსკოვის ბირჟის საშუალებით. ჩვენ მძლავრად ვვითარდებოდით. მხოლოდ ,,ქარწაღებულებზე" ჩვენ გამოვიმუშავეთ მაშინდელი ფულით 350 ათასი მაშინ, როდესაც ხელფასები 90 მანეთს არ სცდებოდა. ანუ ჩვენ მომგებიანი წარმოება გვქონდა, ვმუშაობდით, ჩვენ გვქონდა საკუთარი ავტოპარკიც, ჩვენ ძალიან ძლიერად ვვითარდებოდით, ვატარებდით შემოქმედებით შეხვედრებს, ფილმების პრემიერებს, ფესტივალებს, ლექციებს, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილებისთვის. ამით გამოვიმუშავებდით საკუთარ ფულს. და ვცხოვრობდით ძალიან კარგად მანამდე, სანამ როგორც აღვნიშნე, გაიდარმა 1992 წელს ფასების ლიბერალიზაცია მოახდინა, და როდესაც უკვე მთელი საბჭოთა კავშირი განადგურდა, განადგურდა ჩვენი კინოცენტრიც.

ამის შემდეგ ვმუშაობდი კულტურის სამინისტროში, ვხელმძღვანელობდი კინოსაკონცერტო განყოფილებას. შემდეგ წამოვედი კულტურის სამინისტროდან და მეუღლესთან ერთად 2002 წელს შევქმენით საკუთარი ორი სტუდია, დავიწყეთ კინოწარმოება. მას შემდეგ 18 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად ვმუშაობთ. ამ პერიოდში მოსკოვშიც გავხსენით მესამე სტუდია - დოკუმენტური ფილმების სტუდია. ჩვენ ვართ დოკუმენტური კინოს უმსხვილესი მწარმოებლები ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ დროის განმავლობაში ჩვენს მიერ გადაღებული იქნა 180 დოკუმენტური ფილმი. ჩვენ წელიწადში ზოგჯერ 10 ფილმამდე ვიღებდით. აი ამჟამად, მაგალითად, მე 5 პროექტი მაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ,,გოსკინოსთან" და გვაფინანსებს ,,გოსკინო" - რუსეთის კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის დეპარტამენტი. მომავალი წლისთვის მე ასევე წარვადგენ 5 თემას. ზოგადად, ვმუშაობ კინოში როგორც პროდიუსერი და როგორც დოკუმენტური ფილმების რეჟისორი.

- ქართველ მაყურებელს ძალიან აინტერესებს, როგორ ცხოვრობს დღეს ნარგიზა?

- აი ხომ მოგიყევით როგორ ვცხოვრობ. სულ შრომაში ვარ, სულ ვმუშაობ. ახლა კი ჩვენთან პანდემია იყო და ხუთი რეჟისორიდან სამმა, ზოგმა ვერ შესძლო დამონტაჟება, ზოგმა გადაღების დასრულება, ერთს არ შეუძლია აფხაზეთში გამგზავრება, ვინაიდან იქ საზღვრებია ჩაკეტილი. ჩვენ გადაგვიტანეს ჩაბარების ვადები ნოემბერ-დეკემბრისთვის. მე ვფიქრობ ჩვენ გავუმკლავდებით. ორ სურათს მე ვამონტაჟებ. მე ისტორიული ფილმების მთელი ციკლი მაქვს ალანიის ისტორიის შესახებ. ყველა ჩემი სურათი იუთუბზეა - ტემინა ტუაევას ფილმოთეკა, ვიკიპედიაში, ფეისბუქზე მე მაქვს ორი გვერდი, ერთი გვერდი ზოგადია, ხოლო მეორე - ტემინა ტუაევა კინოპროექტი ,,ალანიის ისტორია". ამ პროექტში ჩვენ უკვე გადავიღეთ ცხრა სურათი. მე შემოვლილი მაქვს თითქმის მთელი მსოფლიო. ვიყავი ჩინეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, უნგრეთში, თურქეთში რამდენჯერმე. ვიყავი მონღოლეთში. მიმდინარე წელს ვაპირებდი მაროკოს და ტუნისის მონახულებას. მაგრამ პანდემიის გამო ეს არ შედგა. ჩვენი ერის ისტორიაზე ფილმების შექმნას რა თქმა უნდა გავაგრძელებ შემდგომშიც. საერთოდ ჩემი ფილმები სხვადასხვა თემებზეა - ბესლანზე, კოლკაზე, ოსეთის გამოჩენილ ადამიანებზე, მწერლებზე, როგორიცაა გაიტო გაზდანოვი - მსოფლიოში აღიარებული მწერალი, როგორიცაა გასიევი - ფოტოამწყობი მანქანის შემქმნელი. ჩვენ გვაქვს ფილმი ბროდსკიზე, ბროდსკის მეგობრობაზე ორ და აბაევასთან სამხრეთ ოსეთიდან, მათგან ერთ-ერთი - ლიალია ინგლისელზე იყო გათხოვილი. ისინი ბროდსკისთან ერთად სწავლობდნენ და ბროდსკი ჩასული იყო ინგლისში და მასთან ცხოვრობდა. მოკლედ აი ასეთი დონის სხვადასხვა სურათები გვაქვს, ყველანაირი, სხვადასხვა თემაზე.



- თუ გაქვთ კონტაქტი ქართველ მსახიობებთან, მაგალითად, კახი კავსაძესთან, რომელიც ამ ფილმში თამაშობდა?

- გეტყვით. კახისთან ... მე არ ვიცი რატომ ამოირჩიეთ ის, შეიძლება გაგონილი გაქვთ, რომ ის ოსეთში ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა. ორი წლის წინ ის ჩვენთან იყო ჩამოსული გადაღებებებზე და მონაწილეობდა ამ სურათის შექმნაში. ეს იყო ისეთი მსუბუქი, ძალიან სიმპათიური კომედია. პროდიუსერი - ნატაშა ივანოვა. ჩვენ შევხვდით, მივესალმეთ ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ ის გადაღებულია უამრავ ფილმში, მე მის ცხოვრებაში უმნიშვნელო პერსონაჟს წარმოვადგენდი. იმის შემდეგ ჩვენ ურთიერთობაც კი არ გვქონია. მაგრამ მე იქ მეგობრები მყავს - ნონა ღამბაშიძე, ის კინოქრონიკის ქართული სტუდიის რედაქტორად მუშაობდა. ჩვენ მაშინ დიდი მეგობრები ვიყავით, ახლა ნაკლები ურთიერთობა გვაქვს, საზღვრებთან დაკავშირებით სირთულეებია, ამის ახსნა შეიძლება. ფეისბუქით მე ბევრთან მაქვს ურთიერთობა, იმავე ლომერ ახვლედიანთან, მსოფლიო სახელის მქონე გამოჩენილ ოპერატორთან, მაგალითად, მოსკოვში ჩვენ ყოველთვის გვიხარია ერთმანეთის ნახვა, ვურთიერთობთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ლიკა გარდაიცვალა, სოფიკო გარდაიცვალა. ასმათ ტყაბლაძესთან ძლიერ ვმეგობრობდი, მაგრამ უკვე დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. მე მასთან მიმოწერა მაქვს, ფეისბუქზე მეგობრები ვართ. მათთან რაღაცნაირ სიახლოვეს ვგრძნობ: ნონა ღამბაშიძესთან, ასმათ ტყაბლაძესთან.

- და ჩვენი ინტერვიუს დასასრულს, რას ეტყოდა ნარგიზა თავის ქართველ ერს?

- როგორ უნდა ვთქვა? პირველ რიგში, ის ჩემი ერი არ გახლავთ, ალბათ უფრო მეგობარი, მოძმე ერია. ჩემი ერი ოსი ერია, დამეთანხმებით.

- მაპატიეთ, თქვენს ქართველ მაყურებელს.

- ა, მაყურებელს? მე ქართველი მაყურებლის ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მათ ახსოვთ ეს შესანიშნავი ფილმი, იმისთვის, რომ ამ ფილმს ხშირად უჩვენებენ. მადლობელი ვარ ატმოსფეროსთვის, რომელიც არ იარსებებდა ქართული მენტალიტეტის, ქართული ხასიათის, ქართველი ხალხის ნიჭის გარეშე. ხომ გესმით, მთელი ერი ნიჭიერია. აი ის ატმოსფერო, რომლითაც გარემოცული ვიყავი მაშინ გადაღებებზე და რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ დარჩა, რა თქმა უნდა ის არ იარსებებდა. მე მადლიერი ვარ ამისთვის. დიდი მადლობა ამისთვის, განსაკუთრებით ხსოვნისათვის. მე თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენც ხომ თქვენი ერის წარმომადგენელი ხართ, თქვენც ხომ არ დაგვიწყებივართ, მომძებნეთ, მომმართეთ, თქვენ გაინტერესებთ, რა ხდება ახლა ჩემს ცხოვრებაში, ხომ მართალი ვარ? მე მესმის, რომ თქვენ გაინტერესებთ და ამისთვის თქვენი მადლიერი ვარ. ერთადერთი, რაზედაც გული მწყდება ის არის, რომ ჩვენ - დიდმა ერმა დავკარგეთ საერთო, თავის დროს ინტერნაციონალური, ასეთი შესანიშნავი, უბრალოდ დიდებული ქართული კინო.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია ,,სტუდია
რე''-ს

ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია ,,სტუდია რე''-ს

15:45 / 12.06.2021
აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისი გორის მასშტაბით უფასოა.
აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისი გორის მასშტაბით უფასოა.
14:53 / 12.06.2021
გამოგვეკიდნენ, პატარა ბიჭი იყო მეზობელი, ის გაიქცა და მე დამიჭირეს.
სამნი იყვნენ, მერე
გამოგვეკიდნენ, პატარა ბიჭი იყო მეზობელი, ის გაიქცა და მე დამიჭირეს. სამნი იყვნენ, მერე
14:41 / 12.06.2021
სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის
მრავალსაუკუნოვანი

სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი

13:47 / 12.06.2021
პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს კარიერა საბანკო სფეროში დაიწყოს,
პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს კარიერა საბანკო სფეროში დაიწყოს,
13:24 / 12.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის,
,,მონობაში გატანჯულო, დაუვიწყარო მამა! - შენი ნატვრა აღსრულდა, საქართველო განთავისუფლდა."
,,სადღაც ახლოს უნდა იყოს სოფელი, მაგრამ სად?"
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.