რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ემიგრაციის შუქი და ჩრდილი (ქალთა ისტორიები)
ნინო სუხიაშვილის ბლოგ

მიგრაციის მზარდი როლი ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ჭრილში საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის შესავალშივეა აღიარებული.

საქართველო, სხვა სახელმწიფოთა მსგავსად, გლობალური სამყაროს ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა გლობალურ მიგრაციულ პროცესებში საგრძნობლად იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიგრაციის სალდო ქვეყანაში 1994 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად უარყოფითია,

რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში შემომსვლელთა რიცხვს ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა აჭარბებს. შეინიშნება მიგრაციის ფემინიზაციაც. საქსტატის მონაცემებითვე, თუ 2002 წელს ქვეყანა 70 000-მა ადამიანმა დატოვა და აქედან 29 500 ქალი იყო, 2019 წელს 105 000 ემიგრანტიდან ქალთა რაოდენობა 46 000-ს შეადგენდა.

როგორია ემიგრანტი ქალების ცხოვრება საზღვარგარეთ? ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ქვეყანაზე, სადაც ისინი ემიგრირდნენ.

ხათუნა კოზანოვი (ემიგრაციაში იყო რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში დაბრუნდა 2001 წელს )

საქართველოდან წასვლა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. დაბრუნება კი - ნამდვილად ჩვენი არჩევანი იყო, ამბობს ხათუნა კოზანოვი, რომელმაც საქართველო გარდატეხის ასაკში, ოჯახთან ერთად დატოვა. მძიმე 90-იანი წლები იდგა. სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა. დაიწყო ოჯახების შევიწროება ეთნიკურ ნიადაგზე. მე დედა ქართველი მყავს, მამა ოსი. ჩვენს ოჯახს ნამდვილად არავინ შეხებია, თუმცა, ჩვენი ნათესავები სხვა რაიონში სხვადასხვა სახის შევიწროების მსხვერპლი გახდნენ. ჩვენც, რამდენიმე ღამე მეზობლებთან გვეძინა, რადგან სახლში გაჩერება უსაფრთხო აღარ იყო. ამიტომ დავტოვეთ საქართველო და მოსკოვში წავედით ნათესავებთან, მაგრამ ვინაიდან მოსკოვში ცხოვრება ძალიან ძვირი აღმოჩნდა, გადავედით სოფელში, ბელგოროდთან ახლოს.

სოფელი, სადაც ვცხოვრობდით, უკრაინის საზღვართან ახლოს იყო, ამიტომ შერეული, რუსულ-უკრაინული ოჯახები ცხოვრობდნენ. ალბათ, ერთი მიზეზი ესეც იყო რომ უცხო არ უკვირდათ. ძალიან უბრალო ხალხი გვეხვია გარს, რომელთაც კარგად მიგვიღეს. რუსული რომ შევისწავლეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში სწავლა მოვახერხეთ, მთლიანად ამ უბრალო ხალხის დამსახურებაა. თავიდან ცოტა შიშით კი გვიყურებდნენ, მაგრამ მალე ჩვენც და მათაც ვიგრძენით, რომ უბრალო ხალხს ერთმანეთთან საერთო მეტი გვქონდა, ვიდრე გასაყოფი. სპეციალური პროგრამა, ან რაიმე მსგავსი მომსახურება, რაც ჩასულ ადამიანს ინტეგრაციასა თუ შეგუებაში დაეხმარებოდა, არათუ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო, არამედ უბრალოდ არ არსებობდა. თან, მაშინ საბჭოთა პასპორტები იყო საქართველოშიც კი და ჩვენ ემიგრანტებად არც ვითვლებოდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჰქონდა.

მე პირადად ერთი წელი გამიცდა კიდეც სკოლაში და დიდი მოთმინება დამჭირდა, რომ ეს ამენაზღაურებინა. რუსეთში 12 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ. მხოლოდ დედამ მოახერხა, რომ ჩემს პატარა ძმასთან ერთად რამდენჯერმე ჩამოსულიყო და სახლი, რომელიც ყველას ასე გვიყვარდა, მოენახულებინა. მისი ჩამოსვლა აუცილებელიც იყო, რადგან სახლი გაიქურდა, შემოგვითვალეს, რომ იყო საშიშროება იქ ვინმე შესულიყო და დაეკავებინა, თუმცა, ოჯახის გაყოფა სახლის შენარჩუნების ხარჯზე აღარ გამოვიდა და, როცა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ საქართველოში ვეღარ დავბრუნდებოდით, სახლი გავყიდეთ. მაგრამ, დროის გასვლასთან ერთად, თანდათან ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა დაიწყო, ამიტომ 2001 წელს ჩვენი ოჯახი ისევ საქართველოში დაბრუნდა. თავიდან ჩვენი სახლი ვერ დავიბრუნეთ, რადგან ახალი პატრონი გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა, იმავე უბანში კი დავბინავდით. მერე კი, როცა ჩვენი სახლის გაყიდვა გადაწყდა, ყველა ღონე ვიხმარეთ და დღეს პაპას მიერ აშენებული სახლი ისევ ჩვენია.

ჩვენი ოჯახის ემიგრაციის ისტორიას თავისი გმირიც ჰყავს და ეს დედაჩემია. როგორც ვთქვი, არავითარი ინტეგრაციის პროგრამა არ არსებობდა. დედამ რუსული არ იცოდა და არც ენის შესწავლის არანაირი პირობა არ არსებობდა. ამ ადამიანმა, რომელსაც ყველა უახლოესი და საყვარელი ადამიანი საქართველოში ჰყავდა, ჩვენი გულისთვის 12 წლის განმავლობაში იცხოვრა მეგობრების, პირადი ურთიერთობების, პრაქტიკულად ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე. თან, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩვენ იქ საკუთარი სახლი არ გვქონდა და ბინიდან ბინაში გადასვლა გვიწევდა, დედასთვის ძალიან მძიმე იყო გაძლება. დაალაგებდა ბინას, მისებურ წესრიგს დაამყარებდა და ხან თავად პატრონი გადმოდიოდა და დაცლას გვთხოვდნენ, ხან რა მიზეზი იყო და ხან რა. ამიტომ მას განსაკუთრებით უჭირდა უცხო ქვეყანაში.

შესაძლოა, საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ამანაც მოახდინა გავლენა, თუმცა, დაბრუნება მაინც ჩემი ძმის ინიციატივა და ოჯახის საერთო გადაწყვეტილება იყო. რომ არა დაბრუნების უდიდესი სურვილი, დიდი ალბათობით ვერც ჩამოვიდოდით აქ, რადგან უკვე ავეწყეთ ყოველდღიურობას, ეკონომიური მდგომარეობაც არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ თამამად მიგვეღო ცხოვრების ხელახლა დაწყების გადაწყვეტილება. აუცილებლად უნდა ვახსენო პაპა, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა და იქვე დავკრძალეთ. პაპა იყო ადამიანი, ვინც გულწრფელად თვლიდა, რომ საქართველო თანაბრად ეკუთვნოდა ყველა იმ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარდა და სამშობლოდ მიაჩნდა. პაპა მიიჩნევდა, რომ დამოუკიდებელი საქართველო მისი, მისი ოჯახის, მისი შვილებისა და შვილიშვილების თავისუფლების ქვეყანაც უნდა ყოფილიყო ჩვენც ამასვე გვასწავლიდა. სამწუხაროდ, მაშინდელი დროის ხელისუფალთა უგნურმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ საქართველოზე შეყვარებული ეს ადამიანი აქ ვერ დავასაფლავეთ.

ემიგრაციამ რამდენიმე ძალიან დასაფასებელი რამ შემძინა; პირველი - ჩემი პროფესია (ხათუნა პარიკმახერია). ყოველთვის მომწონდა პარიკმახერობა, 13 წლიდან მეზობლებსა თუ ნათესავებს ძირითადად მე ვჭრიდი თმას, მაგრამ ამ საქმის გაყოლაზე ოცნებაც არ შემეძლო, რადგან როცა საქართველოში ვცხოვრობდით, ეს პროფესია პროვინციებში ქალისთვის რატომღაც მიუღებლად ითვლებოდა. რუსეთში ასე არ იყო. როცა დავბრუნდი, უკვე საქართველოშიც აღარ იყო ასე და დღესაც დიდი სიხარულით ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. მეორე და ყველაზე მთავარი კი იმისი ცოდნაა, რომ ადამიანები ფასდებიან არა იმის მიხედვით, ვინ რა გვარია, რა ეროვნებისაა თუ რომელი ქვეყნიდანაა, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ადამიანური თვისებები აქვთ, რამდენად შეუძლიათ თანადგომა, ურთიერთგატანა, შრომა და შრომის დაფასება. ვაცნობიერებ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის უდიდეს უარყოფით წვლილს ქართულ-ოსურ კონფლიქტში და ამავდროულად მჯერა, რომ უბრალო ადამიანებისთვის ერთმანეთთან მისასვლელი გზა ყოველთვის ღიაა.

დიანა ჭანკოტაძე (ცხოვრობს სტრასბურგში. უკვე საფრანგეთის მოქალაქეა)

ქვეყნის დატოვებისთვის აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზი ჰქონდა დიანას. იგი საფრანგეთში სწავლის გაგრძელებისა და კარიერის განვითარების მიზნით გაემგზავრა. ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე ემიგრაციაში ე.წ. "ოპერის" პროგრამით მოხვდა, რაც უცხოეთში ძიძად დასაქმებას და პარალელურად ენის შესწავლა-განმტკიცებასაც მოიცავდა. ძიძებს აპლიკაციების მიხედვით ფრანგი ოჯახები არჩევდნენ და შემდეგ საქართველოში საფრანგეთის საელჩო იძლეოდა ვიზას.

დიანას გაუმართლა. მიმღები ოჯახის მამა საფრანგეთის სახელმწიფო არხის "ფრანს 2é"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე აღმოჩნდა, ამიტომ ჟურნალისტზე ადვილად შეაჩერა არჩევანი. მაშინ საფრანგეთის საელჩოში ვიზის მიღება იოლი საქმე არ იყო, თუმცა, დიანას აქაც პროფესია დაეხმარა. ცოტა ხნის წინ მაშინდელი საფრანგეთის ელჩის მეუღლესთან მოუწია ინტერვიუს ჩაწერა, ამიტომ რთული სავიზო პროცედურები დაუბრკოლებლად გაიარა და ვიზაც მიიღო. რამდენიმე თვე ძიძად იმუშავა, შემდეგ "პარი 8"- კომუნიკაციისა და დოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე მოხვდა.

მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ რეიმსში გადმოსვლის შემდეგ კი ევროპული ჟურნალისტიკის მაგისტრატურაზე განაგრძო სწავლა და ასე გადავიდა სამუშაოდ ფრანგულ რადიოში. სტუდენტური გზა საფრანგეთში საკმაოდ რთულია, - ამბობს დიანა, - რადგანაც საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ არ გვენიშნება სტიპენდია. პროფესორები უკომპრომისონი არიან სტუდენტების მიმართ მიუხედავად მათი მდგომარეობისა. თუმცა, ასევე ყველა სტუდენტზე ვრცელდება არსებული შეღავათებიც.

მაგალითად, სამგზავრო აბონემენტი ნახევარ ფასად, შესანიშნავი მუზეუმების უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობა, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ექსკურსიები მეზობელ ქვეყნებში, საშობაო ზეიმები თუ საპრეზენტაციო სტენდების მოწყობის ხარჯები, რაც უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობას გვაძლევდა შიდა ივენტებზე ერთმანეთისთვის საკუთარი ქვეყნები გაგვეცნო. საბედნიეროდ, ჩემს დროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იყო. მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის ფულს ვიხდიდით, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, შემდგომში სტატისტიკამ აჩვენა, რომ უფასო სწავლის შესაძლებლობა ქვეყანაში ხელს უწყობდა ემიგრანტთა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას (განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებიდან), ამიტომ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 3500 ევროა.

დიდი ბიუროკრატიული პროცედურაა სასწავლო ვიზის გადაგრძელებაც, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს უნდა ხელახლა დაადასტურო საცხოვრებელი ხარჯები, მოიტანო ცნობა სამსახურიდან და ა.შ. დიპლომის აღებაც არ არის იოლი. ბევრი სტუდენტი მხოლოდ სერტიფიკატით კმაყოფილდება, რაც მხოლოდ სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტია.

სტუდენტობისას დიანა საქართველოდან ემიგრირებულ ოჯახებთან თარჯიმნადაც მუშაობდა. საფრანგეთში დღემდე ჩადიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად პირად, რელიგიურ ან პოლიტიკურ პრობლემებს ასახელებენ. მათი საქმის ოფიციალური განხილვა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში ადამიანებს ენიშნებათ უფასო ადვოკატი, იღებენ მცირე ფულად შემოსავალს, 100 %-იან სამედიცინო დაზღვევას და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საცხოვრებელსაც - ოთახს ან ბინას. ბავშვები სკოლებში დადიან, მშობლები - ენის უფასო კურსებზე. კვება და სხვა პირველადი მოთხოვნილების საშუალებები მათთვის უფასოა. ქალებთან კი, რომლებიც პირადი პრობლემებით ჩამოვიდნენ, ფსიქოლოგები მუშაობენ. ხელმისაწვდომია სარეაბილიტაციო ცენტრები.

უფასოა ასევე პროფესიის შესწავლა. ოჯახები, სადაც შეინიშნება ძალადობა, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა აყვანილი. იყო შემთხვევა როდესაც სოციალური მუშაკის უშუალო ჩარევით მოძალადე ქმარი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალი არ ამხელდა ძალადობას და ფაქტების შენიღბვას ცდილობდა. დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს აღარ აძლევენ. უმცირესი შანსია რელიგიური ან პირადი მოტივებით თავშესაფრის მიღების. დღეის მონაცემებით, საფრანგეთში მიგრანტის სტატუსის მოპოვება ძალიან რთულია.

ინტეგრაცია ემიგრანტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველი, რაც დიანამ და მისმა ქართველმა მეუღლემ გააცნობიერეს ის იყო, რომ ინტეგრირების გარეშე ფრანგული საზოგადოება მათ არასდროს მიღებდა. "ფრანგებს შეებრალები, დაგეხმარებიან, მაგრამ თავისიანად არავინ ჩაგთვლის: მუდმივად უნდა ამტკიცო, რომ მათ გვერდით გეკუთვნის ადგილი, დიდი შრომა უნდა გაწიო რომ ისინი შენით დააინტერესო. ამიტომაც აქ ადგილის დასამკვიდრებლად დიდი გარჯა დაგვჭირდა. ჩემი პროფესია აქაც დამეხმარა. ჯერ რადიო გადაცემების გამო გაუჩნდათ ინტერესი ჩემს მიმართ.

შემდეგ დისერტაციის ფარგლებში ვიმუშავე რეიმსის სახელმწიფო უნივერისტეტში. ქალაქ რეიმსის მერიაშიც მქონდა სამსახური, მეუღლე კი სამეცნიერო ლაბორატორიაში მუშაობდა და მხოლოდ ორივეს წარმატებულმა კურიკულუმმა მოგვცა საშუალება რომ ჩვენი შვილები ფრანგულ, საკმაოდ კონსერვატულ კერძო სკოლაში მიეღოთ. იქ მაშინ მხოლოდ ჩვენ ვიყავით უცხოელები, რაც თავის დასამკვიდრებლად გამუდმებულ ბრძოლას ნიშნავდა. ფრანგული საზოგადოება ძალიან ფრთხილია უცხოელებთან მიმართებაში. ჩვენ თავისიანად ჩაგვთვალეს მხოლოდ ჩვენი ინტელექტის და მართლაც თავდაუზოგავი შრომის შედეგების გამო."

დიანას ავტორობით გადაღებული ფილმის პრეზენტაცია მისი შვილების სკოლის დირექციამ სიამაყით მოაწყო. შემდეგ მისივე ავტორობით საბავშვო წიგნი გამოვიდა, რომლის სარეკლამო ბანერიც სხვა ქართველ ავტორებთან ერთად პარიზის მეტროში გამოიფინა. უკვე სკოლის დირექციამ წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა დაგეგმა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახმა რეიმსი დატოვა და საცხოვრებლად სტრასბურგში გადმოვიდა. "თავისიანად აღგვიქვეს. დირექტორმა წამოსვლისას გვითხრა, ნებისმიერ თქვენს წარმატებას გვერდით დავუდგებითო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა გვაქვს, სკოლის სახეები მაინც ისე გავხდით, როგორც საამაყო უცხოელები, რომლებმაც ჩვენი გამოცდილებით სკოლა გავამდიდრეთ.

რაც შეეხება ემიგრაციაში დაბადებულ თაობას, მათ უბადლოდ უნდა იცოდნენ ფრანგული ენა, თავს ფრანგებად მიიჩნევდნენ, რომ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ. მივხვდი, რომ თუ შვილებს სახლში უჩიჩინებ ქართველობას, კერძო ფრანგული სკოლა სადაც ლიდერების გაზრდა ხდება, სხვა რეალობას ახვედრებს და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის სრულფასოვან მოქალაქედ ზრდის. საფრანგეთი ემიგრანტების ინტელექტს საუკეთესოდ იყენებს და ჩვენ ამ პროცესში ვართ ჩაბმული. ჩემი ჭიდილი დღეს სწორედ ისაა, თუ როგორ შევუნარჩუნო შვილებს ქართველობა ძალდაუტანებლად. ჩემი ყველა პროექტიც პირველ რიგში ამ მიზანს ემსახურება. მინდა ბავშვებმა შეიგრძნონ, რა საამაყოა ორმაგი კულტურის ქონა, როდესაც საფრანგეთში ატარებ ქართულ გვარს და შენს საკუთარ პაწაწინა სამშობლოს აცნობ იმ უზარმაზარ ქვეყანას, სადაც ცხოვრობ. ამ საქმით კი ორივე ქვეყანა მოგებული რჩება."

საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის მიხედვით, "მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მისი მართვის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს".

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია:

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია - საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია; - http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Legislation&ID=466eb6d3-7e49-42aa-b914-71df14640b89

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.