რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ღრუბლებო ძირს ჩამოდით'' - ყარაფილაში


- ალანი რამდენი წლის იყო, როცა ვნახეთ? - ეკითხება 81-წლის გიორგი ტეხაშვილი ცოლს.

- ჯერ სკოლაშიც არ დადიოდა. - პასუხობს მეუღლე, რომელიც ინტერვიუს დროს, დრო და დრო, გვისმენს. თან ეზოს საქმეს არ ანებებს თავს.

ცოლ-ქმარს შვილი გათხოვილი ყავთ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანში. ეს სოფელი ყარაფილადან სულ რაღაც 1 კმ მანძილზე მდებარეობს, სახლის აივნიდან ხელისგულივით ჩანს.

- რა სკოლაში არ დადიოდა?! გიოც არ დადიოდა სკოლაში. ახლა, მესამე კლასშია. ხუთი წელი...
- რა ხუთი წელი?! ალანი 9 წლისაა ახლა. წლისა და რამდენისა იყო, აღარ მახსოვს მაშინ.
- ნუ, ხუთ წელზე მეტი გავიდა.
- რა ვიცი, ტელეფონში ასე მეუბნებიან ხოლმე: ,,ბაბო, როდის გაგიღებენ კარსო?

არ ცხრება ბებია, რომელიც ცდილობს, ზუსტად გაიხსენოს წლების რაოდენობა, რაც შვილიშვილები არ უნახავს.

ყარაფილასა და ორჭოსანს შორის, გავლებულ გამყოფ ღობეზე კარია დამონტაჟებული. ამ კარის ,,გასაღები’’ რუსი სამხედროების ხელშია.

,,ღრუბლები რომ მოდიან, ბავშვები მაშინ სთხოვენ: ,,ღრუბლებო, ძირს ჩამოდით, რომ დავსხდეთ და ბაბო და პაპა ვნახოთო" “ - ამ სიტყვების შემდეგ კი 81-წლის კაცმა თავი ვეღარ შეიკავა. ტირილი დაიწყო.

81 წლის გიორგი ტეხაშვილი და მისი მეუღლე სოფელ ყარაფილაში ცხოვრობენ.

სოფელი ყარაფილა - კასპის რაიონში მდებარეობს. ავტობანზე მგზავრობისას ყოველი თქვენგანი დაინახავთ გზატკეცილის ჩრდილოეთით, სერზე შეფენილ სოფლებს. ამ სოფლებიდან ერთ-ერთი ყარაფილაა.

ყარაფილა ახლოსაა როგორც გამყოფ ხაზთან, ასევე, ავტობანთან. სოფლის გარშემო დამონტაჟებული ბანერები შეუარაღებული თვალითაც ჩანს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები ავტობანიდან 350 მ მანძილის მოშორებით გადიოდა.



ფოტოზე: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ,,საზღვარი' googlemap-ის მიხედვით

მაშინ ამ ,,საზღვრებს’’ ყურადღებას არავინ აქცევდა. დღეს კი, თითო მტკაველს აქცევენ ყურადღებას. რუსეთის სამხედროებმა და დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომლებმა, 2013 წლიდან ხნულების გავლება დაიწყეს. ყოველ წლებს ეს ხნულები ახლდება, თუმცა ორჭოსანის ქვემოთ, მწვანე ღობეები ჯერ არაა დამონტაჟებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელიც რუკით ისარგებლოს. ირკვევა, რომ ორჭოსნელებს ნაკვეთები დარჩათ იქ, სადაც ახლა ყარაფილას ტერიტორიაა. ყარაფილაში გვითხრეს, რომ გამყოფი ხაზით, ორჭოსნელები უფრო მეტად დაზარალდნენ.

,, 81 წლის ვარ. ახლა პირველ ოქტომბერს შემისრულდა 81 წელი. არა გვიშავს, ყურადღებას გვაქცევენ. სოფელში ასფალტის გზა დააგეს, წყალი გაიყვანეს, არავინ გვაწუხებს...’’ - ამბობს ბატონი გიორგი და ყურადღებას გვიმახვილებს იმაზე, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, თუმცა...

,,ჩვენთვის ყველაზე ძნელია ის, რომ ახლა ორჭოსანში ვერ მივდივარ. აგერ იქით, ,,საზღვარი'' მიდის იქვე, სოფლის ბოლოდან არის 400 მეტრი, სოფლამდე კი - ერთი კილომეტრი, ახლა ჩემი გოგო სადაც ცხოვრობს იქ და იმის საშუალება არ მაქვს, რომ ორი პატარა ბიჭი - შვილიშვილი ვნახოთ. ბებია და მეც - დარდით ვკვდებით და მათ ნახვას ვოცნებობთ. ისინიც ასევე. მარტო ტელეფონით ველაპარაკებით. სხვა არანაირი კავშირი გვაქვს მათთან.’’ - ამბობს გიორგი ტეხაშვილი.

ფოტოზე: სოფელი ორჭოსანი, ხედი ყარაფილადან

გვიყვება, რომ ბებია-პაპისა და შვილიშვილების ასე დაშორება ბავშვებზე ძალიან მოქმედებს:

,,ღრუბლები რომ მოდიან, ბავშვები მაშინ თხოვენ: ,,ღრუბლებო, ძირს ჩამოდით, რომ დავსხდეთ და ბაბო და პაპა ვნახოთო“ ...და ის არ შეიძლება, რომ გინდა მონასტერში, გინდა წინაგარაში, ორჭოსანში - ერთ ადგილას გაიხსნას და იქიდან მერე ნათესავები ერთმანეთთან მივიდნენ? გამშვები პუნქტი იყოს, თავისი საბუთები დატოვოს იქ და უკან რომ დაბრუნდება - მისცენ და ერთმანეთთან იარონ ნათესავებმა? თუ არა და ისე როგორ მოხდება, რომ - გაერთიანდნენ, სიტყვა რომ არ გაიტანონ, ნათესავებმა რომ ერთმანეთთან არ დაიწყონ სიარული?! ‘’ - ამბობს ბატონი გიორგი.

პირველი ომის შემდეგ (1990-იანი წლების) თავისუფლად დადიოდა - ორჭოსანშიც, წინაგარაშიც და ხეობაში სულ...

,,აი, ერგნეთის ბაზრობაზე ვმუშაობდი კიდეც, ჩვენი სოფლელებიც მუშაობდნენ, კახელები, დასავლეთ საქართველოდან, ყველა იქ იყო, მუშაობდნენ; ყველას საქმე ჰქონდა, ფულსაც აკეთებდნენ. იქიდან აქ ზიდავდნენ, ვაჭრობდნენ კიდეც და საქმე წინ მიდიოდა და ახლა, წეღანაც გითხარით - 81 წლისა ვარ, სადამდეღა უნდა ვიცხოვრო? მე ჩემი შვილიშვილების მონატრებაში რომ მოვკდე - მაშ რაღაა? რომ ისინი ვნახო? იქიდან (საიქიოდან) დაბრუნებული კაცი მე არ მინახავს, მეორედ აქ არავინ მოვა და ეს ხო ადვილი საქმეა, წავიდეს სიტყვა და თუ შერიგდებიან - ჰო, მაგრამ - ნათესავები... თან უმეტესობა შერეული ოჯახებია, იქ - ქართველია, აქ ოსი ქართველზეა გათხოვილი, ქართველი ოსზეა გათხოვილი - რამდენნი არიან ასე და ეს რთული არ არის, რომ გააკეთონ ისე, რომ ნათესავებმა ერთმანეთთან დაიწყონ სიარული, ნათესავი-ნათესავთან მივიდეს. ისე დაიხოცნენ აქედან წასულები, რომ მათ ქელეხში არავინ მისულა, ერთმანეთში აღარც ქორწილია, აღარც ქელეხი - გაიფანტნენ სულ და...’’- ასეთია 81-წლის კაცის გულისტკივილი.

სოფელში სტუმრობის დროს, ადგილობრივ მკვიდრს ავთანდილ მელაძესაც შევხვდით. ის ძირითადად შავშვებში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ დიდ დროს ყარაფილაში ატარებს: მისი თქმით, ყარაფილა ღარიბი სოფელია, თავის დროზე კი მდიდარი სოფელი იყო.

,,დღეის მდგომარეობით - სასმელი წყალი გააკეთეს, მაგრამ სარწყავი წყალი არ გვაქვს, გაზიც გაიყვანეს, წყალიც გამოგვიყვანეს, გზაც გაგვიკეთეს, მაგრამ მთავარი - სარწყავი წყალი, არ არის და მშრომელ კაცს ეგ წყალი თუ არა აქვს, ფაქტიურად ვერაფერი მოვა და არც არაფერი მოდის, თუ გადაიღებთ ნახავთ - ხეებიც გახმა, ხმება სულ...’’ - ამბობს ავთანდილ მელაძე.



როგორც ადგილობრივმა ავთანდილ მელაძემ (ელოევი) გვითხრა - ყარაფილა და ორჭოსანი, რომელიც აქედან სულ რაღაც ერთ კილმეტრშია, როგორც ერთი სოფელი ისე იყვნენ. ჭირში თუ ლხინში, ქორწილსა თუ ქელეხში - დაპატიჟება არ სჭირდებოდათ“

გვიხსნის, რომ სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და ცდილობს, სიტუაციაში გაგვარკვიოს:

,,ახლა რა არის იცი? ჩვენი წყალი მოდიოდა ცხინვალიდან, ოსეთიდან უნდა წამოსულიყო, ხურვალეთი უნდა გამოევლო და მერე ჩვენამდე მოდიოდა. ახლა იქ ეს არხი - დაზიანებულია, ჩვენებს არ უშვებენ იქ, რომ შევიდეთ და წყალს ვინ გამოუშვებს?  ერთმანეთში უნდა მოილაპარაკოს. შემოდგომიდან - გაზაფხულამდე ნადარბაზევის ტბიდან წყალს ტუმბავდნენ და წყალი თვითონ ამოდიოდა აქამდე. ეს მინდვრები - სვენეთიდან - იგოეთამდე, ქვემო ჭალამდე ირწყვებოდა, მაგრამ ახლა ერთი არხიც არ მუშაობს.’’ - აცხადებს მელაძე.

- სოფელში ახალგაზრდობა არ არის? - ვკითხეთ.

ძალიან ცოტა. სკოლაში რომ დავდიოდი მე, ამ სოფელში ორმოც ოჯახზე მეტი არასდროს ცხოვრობდა, ახლა 40 ოჯახი კი არა და 30 ადამიანიც აღარ ვართ. მარტო ერთ კლასში დავდიოდით რვანი და დაფიქრდი ახლა შენ. სკოლ არის კოდისწყაროში და ნიგოზაში, აქ არასდროს იყო. ... ბევრჯერ პირველ კლასში ბავშვი არ ყავთ. საცხოვრებლად ცუდი ადგილი არ არის, მაგრამ უწყლოდ ცხოვრება ძნელია.“

ბატონ ავთანდილს ყარაფილაში მხოლოდ ბიძა ყავს, დანარჩენი ნათესავები წასულები არიან, უმრავლესობა ჩრდილოეთ ოსეთში.

,,ჩემს ოჯახში ხუთნი ვიყავით, ორი და და ორი ძმა - ვლადიკავკაზში წავიდნენ. ჩემი ძმა მოკვდა, მამა მომიკვდა. ერთხელ ჩავედით, მამის ორმოცზე. ძმა მომიკვდა ჯერ წლისთავიც არ გასულა.’’ - ამბობს ავთანდილ მელაძე.

ყარაფილა შედის კოდისწყაროს თემში.

,,კოდისწყარო ქართული სოფელია და ჩვენი მეურნეობის უფროსები სულ ქართველები იყვნენ და მოროდიორები [ქართველი არაფორმალები] რომ მოდიოდნენ, ისინი აჩერებდნენ და მეორნეობიდან ხან საქონელს აძლევდნენ, ხან რაღაცას, რომ სოფლამდე არ მოეშვათ. მაგათ მაგრად დაგვიცვეს. იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთო. ის არის სუფთა ქართული სოფელი, მარტო ორი ოჯახი ცხოვრობს - ოსი, ორივე ვაზაგაანი.

სოფელში შესვლისთანავე შენიშნავთ უასთირჯის სამლოცველოს (Уастырджийы кувӕндон) და შინმოუსვლელთა მემორიალს, რომელიც სოფელს ვლადიკავკაზში მცხოვრებმა მწერალმა ვალიკო ტეხთიმ უსახსოვრა. მის კალამსვე ეკუთვნის ლექსი ,,ყარაფილა“. ლექსი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზეა გამოსახული. აქვეა ვალიკო ტეხთის ბიუსტი.

ყარაფილაში პირველად ეს ლექსი ჩვენმა მასპინძელმა - ქალბატონმა ჟუჟუნა ვაზაგაშვილმა გვაჩვენა, ის რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული იური ვაზაგაშვილის და.

ო, ყარაფილა, როგორ მიყვარხარ
შენი ხსენებაც კი მგვრის ჟრუანტელს!
ქვეყნად მრავალი სოფელი კია,
მაგრამ არცერთი შენზე ძვირფასი.

შენი ლამაზი, მნათი შვილები.
მტრების წინაშე, რომ მხნედ იბრძოდნენ.
ჩვენს თვისუფლებას შესწირეს თავი
და ვაჟკაცებიც ერქვათ ამიტომ.

ო, ყარაფილა, მე ვარ ამაყი -
შენ გამოზარდე ბევრი მებრძოლი.
მათი ტკივილი გვტკიოდა ჩვენცა.
სად დაიკარგნენ? ღმერთო, ვინ იცის?!

მარადისობა - მებრძოლთა სახელს!
ბევრჯერ ვიგლოვეთ მათი დაკარგვა.
ბედნიერ იყოს - შენი ხვალისი!
და ხმამზიანი შენზე სიმღერა!


,,ყარაფილა ოსებით დასახლებული სოფელია. აქ ცხოვრობენ: ტეხთები, ვაზაგაშვილები, მარღიშვილები, დრიაევები (მელაძეები)... ბესტაუთებიც ცხოვრობდნენ, კორაევებიც, გაზაევებიც, მაგრამ დღეს აღარავინ ცხოვრობს აქ, ყველანი ვლადიკავკაზში წავიდნენ.“ - გვიამბო ქალბატონმა ჟუჟუნამ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.