ახალი ამბები
როცა სოციალურ მედიაში წინაასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე ქალი პოლიტიკოსები არიან
წინასაარჩევნო, საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკოსების აქტიურობა იზრდება და მათი განცხადებების გაშუქება მედიასა და სოციალურ ქსელში იმატებს, ქალი პოლიტიკოსები დისკრიმინაციული კამპანიების სამიზნეები უფრო ხშირად ხდებიან. სწორედ ამ კამპანიებს და ქალთა რეპრეზენტაციას აკვირდებოდა მედიის განვითარების ფონდი და კვლევის შუალედური შედეგებიც გამოაქვეყნა.

კვლევა, სახელწოდებით “სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში” 3 თვიანი მონიტორინგის (4 აგვისტოდან 4 ნოემბრის ჩათვლით) შედეგებს ასახავს. მონიტორინგის შედეგად სექსისტური სიძულვილის ენის/გენდერული სტერეოტიპიზაციის სულ 213 შემთხვევა გამოვლინდა. გამოვლენილი დარღვევები სამ თემატიკას ეხებოდა: პოლიტიკა, გენდერი და კანონმდებლობა. ყველაზე მეტი დარღვევა — 136 შემთხვევა პოლიტიკის თემაზე გამოვლინდა, რაც მეტწილად წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს და მასში მონაწილე სუბიექტებს უკავშირდებოდა. ამ თემატიკის ქვეშ გაერთიანდა ის შემთხვევები, რომლებშიც ქალი პოლიტიკოსები სექსისტური სიძულვილის ენის და სტერეოტიპიზაციის სამიზნეები ხდებოდნენ მათი პოლიტიკური კუთვნილების და საქმიანობის გამო. მეორე თემატიკის, გენდერის მიხედვით 75 შემთხვევა იყო, სადაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებია გაერთიანებული, რომლის სამიზნეც ქალი პოლიტიკოსები მათი გენდერული იდენტობის გამო გახდნენ.

ქალებს პოლიტიკაში თავს ესხმიან მორალური კრიტერიუმებით, კიცხავენ გენდერული სტერეოტიპებით, დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ გარეგნული მახასიათებლისა და გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით, მათ მიმართ იყენებენ სექსისტურ ენას და დამოკიდებულებაში შეინიშნება ეიჯიზმიც.

"მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც ადგილი აქვს პოლიტიკური საქმიანობის გამო და დისკრედიტაციის კამპანია, რომლის საფუძველი არის გენდერული იდენტობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში მოტივაცია არის პოლიტიკური ოპონირება და არა გენდერული იდენტობა, სექსისტურ ენას ორივე შემთხვევაში მიმართავენ, რაც ქალებს დისკრედიტაციის კამპანიების მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის. ასეთი ტიპის მონიტორინგი სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პრობლემების იდენტიფიცირების კუთხით, ასევე, ამ პრობლემების დაძლევაზე დისკუსიის ინიცირების მხრივაც, ყველა იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს", — განაცხადა MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიაში სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს იყენებენ, თუმცა თვითონ კამპანიის დაწყების მიზეზი პოლიტიკური საქმიანობა ხდება.

"ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ კამპანია პატრიოტთა ალიანსის რუსული კავშირების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურისთვის მის მიმართვას უკავშირდებოდა. ეს იყო პოლიტიკური პროცესის შემადგენელი, მაგრამ პრობლემაა, როდესაც პოლიტიკური ოპონირების პროცესში ხაზგასმა ოპონენტის "კაცურ თვისებებზე" ხდება და შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენება", — ამბობს თამარ კინწურაშვილი.

ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში განცხადება მას შემდეგ შეიტანა, რაც ცენტრმა დოსიემ პატრიოტთა ალიანსის რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნა.

სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ახსენებდნენ რუსეთში მიღებულ განათლებას და ამით მას რუსეთისადმი კეთილგაწყობას აწერდნენ, ამის პარალელურად კი, ხოშტარიას შეურაცხყოფას აყენებდნენ მისი "არაქალური" ქცევების გამო.



სიძულვილის ენის ადრესატები ხდებიან არამარტო ოპოზიციის წარმომადგენელი ქალები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგალითად, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხშირადაა მსგავსი თავდასხმების მსხვერპლი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მაშინ, როცა პრეზიდენტმა ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვა "საშვილიშვილო" არასწორად წარმოთქვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა კიდევ უფრო დაამახინჯეს და სხვა მნიშვნელობა მისცეს.შედეგად მივიღეთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მსხვერპლიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

"მისთვის ქართული არ არის პირველი ენა და ხაზგასმა ხდება სწორედ ამაზე, მის ციტატებს ამახინჯებენ. საზოგადოება მოწყვლადია და მარტივად დაიჯერებს მისი მხრიდან ასეთი ციტატის წარმოთქმას, რომელსაც კომიკური ელფერი აქვს", — აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

ეს შემთხვევა მისი ინტელექტუალური უნარების დაკნინებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ “მითების დეტექტორმა” ფეისბუკთან Third party Fact-Checking program-ის ფარგლებში ეს ინფორმაცია ფეისბუკზე ყალბად მონშნა, ციტატის გაყალბების შემთხვევა თავად ანგარიშის მფლობელმა წაშალა.



MDF-ის მკვლევარი, ქეთი მსხილაძე განგვიმარტავს, თუ რატომ გვხვდება სოციალურ ქსელებში სექსისტური დისკრიმინაციული გამოვლინებები ასე ხშირად.

"სექსიზმი საკმაოდ გავრცელებულია. ქალების მიმართ დისკრიმინაციული განწყობა და დამოკიდებულება, ასევე, სექსისტური ენის გამოყენება ხშირია და ეს განსაკუთრებით სოციალურ მედიაში შეიმჩნევა. ტრადიციულმა მედიამ, ტელევიზიებმა თანდათან ისწავლეს, რა არის გენდერული დისკრიმინაცია, რა არის სექსისტური ენა და, წინა წლებთან შედარებით, იქ იშვიათად გვხვდება. სოციალურ მედიაში, რომელიც არ რეგულირდება (არც უნდა რეგულირდებოდეს), სრული თავისუფლება აქვთ და, რასაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე წერენ", — ხსნის ქეთი მსხილაძე.

მკვლევრის თქმით, ისეთ ტერმინოლოგიას, როგორსაც ქალი პოლიტიკოსების მიმართ იყენებენ, კაცი პოლიტიკოსების შეფასებისას ნაკლებად შევხვდებით.

"ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, ქალების შესახებ არსებობს სტერეოტიპი, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, რადგან პოლიტიკას სხვა უნარები სჭირდება, რომლებიც თითქოს კაცებს უფრო აქვთ განვითარებული", — აცხადებს ქეთი და სწორედ აღნიშნულს ასახელებს ანგარიშის შექმნის მთავარ მოტივაციად.

რაც შეეხება სექსისტური სიძულვილის ენის პრევენციის ან აღმოფხვრის მეთოდებს, ორივე რესპონდენტი თანხმდება, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი იარაღი დარეპორტება, ასევე ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში “მითების დეტექტორის” ფეისბუკთან პარტნიორობის პროგრამის გამოყენებაა, რომელიც მცდარი პოსტების ფეისბუკზე მონიშვნის შესაძლებლობას იძლევა. სხვა საჯარო სივრცეებში კი, ქალების დისკრედიტაციას საუბრითა და არგუმენტებით უნდა ვებრძოლოთ.

კვლევა, ისევე როგორც გენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხელმისაწვდომია ახალ ვებ-გვერდზე www.genderbarometer.ge, რომელიც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილებასა და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.


"მასალა ქვეყნდება მედიის განვითარების ფონდთან (MDF) თანამშრომლობით, პროექტ "გენდერ ბარომეტრის" ფარგლებში, გაეროს განვითრების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს."
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან
11:03 / 18.06.2021
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
23:33 / 17.06.2021
გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა
მოკვლევა დაიწყეს.

გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა მოკვლევა დაიწყეს.

17:17 / 17.06.2021
ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ
ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ
16:22 / 17.06.2021
მოსამართლის თანამშემწის განცხადებით, საქმის მასალებში არ დევს
რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის შესახებ,

მოსამართლის თანამშემწის განცხადებით, საქმის მასალებში არ დევს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის შესახებ,

12:48 / 17.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
სასტუმრო "გორი ჰაუსში" ახლა შვიდი ხანდაზმულია, მათგან ორი საწოლსაა მიჯაჭვული.
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.