კალენდარი
«« აგვისტო 2021 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ნიქოზი-თბილისი - მატარებელი, რომელიც პანდემიამ გააჩერა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზიდან დედაქალაქისკენ მიმავალი მატარებელი ძველი და დაზიანებული რკინიგზის გამო მხოლოდ გორამდე მისვლას ორ საათს ანდომებდა. გორიდან თბილისამდე კიდევ სამ ცენტრალურ სადგურსა და ცამეტამდე ბაქანზე ჩერდებოდა და დანიშნულების ადგილზე 3 საათსა და 40 წუთში, ზუსტად დილის 9 საათზე ჩადიოდა.

გრძელი და დამღლელი გზის მიუხედავად, გორის, კასპისა და მცხეთის რაიონების მცხოვრებლებისათვის ეს მარშუტი ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი იყო. თითქმის ნახევარი საუკუნის ომგამოვლილი მატარებელი განსაკუთრებით მაშინ ივსებოდა ხალხით, როდესაც გლეხობა ახლად მოყვანილი ხილისა და ბაღჩა-ბოსტნეულის თბილისის აგრარულ ბაზრებამდე მიტანას ჩქარობდა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შესაჩერებლად ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა და რკინიგზა გაჩერდა, გაჩერდა ნიქოზი-თბილისის მატარებელიც. პანდემიის გამო ისედაც ფინანსურად დაზარალებულ ადამიანებს რეისის გაუქმება მძიმე ტვირთად დააწვათ.

სოფელ ნიქოზის მკვიდრი ნელი ლომსაძე საკუთარ მეურნეობას მარტო უძღვება. 66 წლის ქალს მოსავალი თავად მოჰყავს, თავადვე აბინავებს და გაყიდვაზეც ზრუნავს, თუმცა რაც მატარებელი გაჩერდა, პროდუქტის თბილისში ჩამოტანას თითქმის ვეღარ ახერხებს.


„თბილისში ბაზარზე დიდი ხანია დავდივარ. 2008 წლის ომის შემდეგ მითუმეტეს. მანამდეც კი დავდიოდი, მაგრამ მაშინ საკუთარი მანქანით დავდიოდი. საერთოდ, სოფლის ტრანსპორტი ძირითადად მატარებელი იყო და ჩვენც ამით ვსარგებლობდით. რამდენიმე სოფელი - ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ხვითი, ქვემო ხვითი, მთლიანად ეს რაიონი, დაწყებული გორიდან ნიქოზამდე და ცხინვალამდე, ამ სოფლების მოსახლეობა ვსარგებლობდით ამ მატარებლით. კარგი შემოსავალი იყო, შეღავათი გვქონდა, ლარად მივდიოდით, ლარად მოვდიოდით. მართალია, ახლა „მარშრუტკა“ გვემსახურება, მაგრამ ის მაინც ძვირია ხალხისთვის . გლეხისთვის ძვირია, თორე ისე, თუკი მოსახლეობისთვის საჭიროა და მოითხოვს ადამიანი, სიძვირეს ვიღა უყურებს, უნდა წახვიდე. ახლა კი „მარშრუტკით“ დავდივართ, მაგრამ თუ მატარებელი იქნება და დაგვინიშნავენ, მეტი წილი ხალხი ისევ მატარებლით ივლის. გვინდა მატარებელი, მოსახლეობა მოითხოვს რომ დაინიშნოს ისევ, აუცილებელია გლეხისთვის“ - გვეუბნება ნელი ლომსაძე.

სამარშრუტო ტაქსი მატარებელზე ბევრად სწრაფად ჩადის დედაქალაქში, თუმცა მგზავრებს ბარგის თანხის გადახდა ცალკე უწევთ, რის გამოც, ხშირად, ბაზრამდე პროდუქტის მიტანა უფრო მეტი უჯდებათ, ვიდრე მიღებული შემოსავალია.

„მგზავრობა ხომ ლარი იყო და ბარგის საფასურსაც არ ვიხდიდით. მარშუტკაში ხუთი ლარი მგზავრობა ღირს, ლარი ბარგი. ათი ნაჭერი გაქვს, ათ ლარს გადაიხდი, ოცი გაქვს - ოცს. პლუს კიდე შენი მგზავრობა. ჯობია მატარებელი, ამას თქმა არ უნდა“ - ნელი იხსენებს, რომ კასპისა და გორის რაიონის მცხოვრებლებიც ამ მატარებლით სარგებლობდნენ, რადგან თბილისში დილის 9 საათზე ჩადიოდა, - „ყველა მომსახურეს ვინც კი მუშაობს თბილისში, ეს მატარებელი აწყობს. სად ლარი და სად ხუთი ლარი.


ყველანაირი ხილი, თუ რამე მოსავალი შემოდიოდა შემოდგომიდან დღემდე მატარებლით მიგვქონდა. ზოგი ყოველდღე დადიოდა და ზოგი ორ დღეში ერთხელ. მე რა მოსავალსაც მოვიგდებდი ხელში, ეგრევე მიმქონდა თბილისში და იქ ვყიდდი,“ - ამბობს ნელი და ბრაზობს, რომ ახლა მოსავლის ნაწილი სარდაფში უფუჭდება.

„ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო მამულია, სხვა არაფერი. მამულიდან ვსარგებლობ. ესეც რა, წყალი მხოლოდ დღეს მოვიდა. აქამდე სარწყავი წყალი არ იყო. არ ვიცი, რა გვეშველება ამ გლეხ ხალხს. ახლა ყინვები იყო, მთელი მამული გაყინულია. იმ დღეს ბაღებში რომ ჩავედი, ვიტირე. ქლიავი გაყინული, ვაშლი გაყინული, მსხალი გაყინული, რაც კი ხილი გვაქვს საერთოდ გაიყინა. ყურძენი, ვენახი აღარ არსებობს. არც დახმარებას გვაძლევენ, არც არავის აინტერესებს გლეხ ხალხს რა უჭირს, რა არ უჭირს. ამოსული ლობიო და კარტოფილი სულ მიწასთან გაასწორა და მთლად გააშავა“, - წუხს ნელი.

რაც გადაურჩა, იმის გაყიდვაც ბოლომდე ვერ შეძლო და ახლა გაფუჭებული ვაშლის გადაყრას აპირებს, - „ვირუსმა ხომ ბოლო მოგვიღო. თუ რამე მოსავალი მქონდა, სარდაფში დამილპა. ახლაც მაქვს დარჩენილი 25 ყუთი ვაშლი. ვერ ვყიდი, ვერ მიმაქვს ვერსად. უნდა დავჭრა და გადავყარო, ან ქათმებს ვაჭამო ან საქონელს. მაგარი ზარალი მივიღეთ და არავის აინტერესებს გლეხის წვალება, გლეხის ცხოვრება. სოციალურად დაუცველობაზე შევიტანე განცხადება, მოვიდნენ და მითხრეს, რომ ფართობი მეტი გაქვსო. ფართობი ვჭამო შვილო?!“

იგივე პრობლემებზე საუბრობს ნელის თანასოფლელი ტატო ბერუაშვილი, რომელიც ბოსტნეულისა და ხეხილოვანი კულტურების მოყვანის გარდა, თავს მესაქონლეობითაც ირჩენს. რძისა და რძის ნაწარმის გაყიდვა მისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

„მატარებელი გაჩერდა პანდემიასთან დაკავშირებით. მანამდე ვსარგებლობდით მოსახლეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები დაგვქონდა გასაყიდად თბილისში. ისედაც მგზავრობდნენ, ხალხი მიდიოდა და მოდიოდა მატარებლით. უფრო იაფი ჯდებოდა და კარგი იყო. ახლა ხუთი ლარი ჯდება თბილისში ჩასვლა, მანამდე კიდე ერთ ლარს ვიხდიდით. ჩვენი სოფლიდან წასული ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში და მათთვისაც მოსახერხებელი იყო“, - გვიყვება ტატო და უკვირს, რომ თუ მატარებელი კოვიდის გავრცელების შიშით გააჩერეს, მაშინ მგზავრებით გადაჭედილ სამარშუტო ტაქსებში როგორღა ხერხდება რეგულაციების ან დისტანციის დაცვა.

„მე სოფლის მეურნეობის პროდუქტი დამქონდა, ხილ-ბოსტანი, ძროხის ნაწარმი, წველა. სოფლის ძირითადი შემოსავლის წყაროც ეს არის, რადგან სამსახურები ჭირს. პანდემიამ ფინანსურად ძალიან გვაზარალა. ბაზარი გაძვირდა, შემოსავალი არსაიდანაა და თავი გაგვაქვს წვალებით“, - ამბობს ტატო ბერუაშვილი.

ტატოს მეზობელს მარეხი ნარიმაიძესაც არ გასჭირვებია საუბარი პრობლემაზე, რომელიც მთელ სოფელს აწუხებს. მარეხი ნიქოზის სადგურთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის რკინიგზით სარგებლობა განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო.


„მგზავრობაც იაფია და სოფელში საჭიროა ნამდვილად. მე მყავს მანქანა და ახლა უკვე იმით დავდივარ, მაგრამ ძვირი ჯდება. ვისაც არ ჰყავს მანქანა, ტრანსპორტით მიდის და, რა თქმა უნდა, მათაც ძვირი უჯდებათ. სოფელში სტუდენტებიც არიან, ისეთებიც, ვინ ქალაქში მუშაობს და ამ მატარებლით სარგებლობს. მათთვისაც დიდი შეღავათი იყო. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო მოსავალია და თუ არ გაყიდეს, რა შემოუვათ. მეც ძირითადად ვაშლი და სხვა ხილი დამქონდა გასაყიდად“, - გვეუბნება მარეხი.

ქვემო ნიქოზში მცხოვრები ლია სოფრომაძისათვის გაუგებარია, რატომ ვერ უნდა მოხერხდეს დისტანციის დაცვა ვაგონში, რომელიც დაახლოებით 50 ადამიანზეა გათვლილი.

„ახლა ტრანსპორტირებას ვერ ვახერხებთ და ძალიან გაგვიჭირდა ამ მხრივ. რა მოსავალიც მოდიოდა, ყველაფერი დაგვქონდა გასაყიდად. მე ბაქანთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემთვის უფრო მოსახერხებელი მატარებლით მგზავრობა იყო. თან მგზავრობაში ლარის გადახდა არავის გაუჭირდება, ახლა კიდე „მარშუტკებით“ და ავტობუსებით, თუნდაც საკუთარი მანქანით გაცილებით ძვირია“, - ამბობს ლია, თან იხსენებს, რომ ადგილობრივებმა ერთი წლის წინ ნიქოზი-თბილისის მატარებლის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართეს, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე ახალი სარკინიგზო რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან მაღალია კოვიდის გავრცელების რისკი, შესაბამისად ,,ნიქოზი-თბილისის" აღდგენა ახლო მომავალში არ იგეგმება.

"დღეისათვის მატარებლები მხოლოდ ხუთი მაგისტრალური მიმართულებით მოძრაობენ ესენია: თბილისი-ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი-თბილისი, თბილისი-ოზურგეთი-თბილისი, თბილისი-ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ქუთაისი-თბილისი. ამ რეისებზე ხდება შემდეგი რეგულაციების შესრულება: გამცილებლები მგზავრებს ვაგონისშესასვლელში უტარებენ თერმო სკრინინგს და მატარებელში შესვლის თანავე მათ უნდა გაიარონ დეზო ბარიერი და დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით." _ აღნიშნა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირინკა ხიზანიშვილმა და ასევე დაამატა, რომ მგზავრები ვაგონში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და ამასთან მგაზვრობის პერიოდში პირბადის მოხსნის უფლება არ ეძლევათ.

ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთი ჯერ კიდევ 1940 წელს გაკეთდა და ცხინვალი-გორის სარკინიგზო გზის ნაწილი იყო, თუმცა 90-იან წლებში დაწყებულმა კონფლიქტმა რკინიგზა სოფელ ნიქოზთან ჩაკეტა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღევანდელი მონაცემებით, 19 ათასი ჯავშნიდან 3000 მოქალაქემ ჯავშანი
გააუქმა და აცრაზე არ გამოცხადდა.
დღევანდელი მონაცემებით, 19 ათასი ჯავშნიდან 3000 მოქალაქემ ჯავშანი გააუქმა და აცრაზე არ გამოცხადდა.
13:24 / 03.08.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
10:45 / 03.08.2021
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს
და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან
22:01 / 02.08.2021
ევროკავშირის მხარდაჭერით, 3 აგვისტოდან, კომუნიკაციების კომისია
პროექტს
ევროკავშირის მხარდაჭერით, 3 აგვისტოდან, კომუნიკაციების კომისია პროექტს
12:16 / 02.08.2021
ვიდეორეპორტაჟი
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან
,,12 შვილიშვილი მყავს. როცა დაცხება, აქ არიან ხოლმე" - ამბობს 85 წლის ავთანდილ ასანიძე.
,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ
წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გობოზაანთუბანი – უშუქო სოფელი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
ომარ ხუბაევის “ნართები“
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.