რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სოციალური საწარმო - გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში
გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში სოციალური საწარმო ფუნქციონირებს, რომლის შესახებ სტატია ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიის მიხედვით, ერთ-ერთი ბენეფიციარი კულას ქარხანაშიც კი დასაქმდა.

2013 წელს, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა სოციალური საწარმო გახსნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ტიხრული მინანქრის, ჭრა-კერვისა და კერამიკაზე მუშაობის შესწავლა შეუძლიათ.

"უნარები და შესაძლებლობები ყველასათვის განსხვავებული და განსაკუთრებულია, ცხადია, როგორც შშმ პირთათვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისათვის. ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანია, სპეც. პედაგოგების დახმარებით, შევადგინოთ განათლების ინდივიდუალური გეგმა ყველა ბავშვზე, რათა ახალგაზრდებს ისეთი უნარები გავუზიაროთ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები იყვნენ პორტაბელურები და ფლობდნენ საჭირო უნარებს, როცა ჩვენი სერვისიდან გავლენ. სოციალურ საწარმოში თავდაპირველად მხოლოდ ჭრა-კერვას ვასწავლიდით. 2008 წელს კი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თბილი პლედების შეკერვა და მათთვის გადაცემა დავიწყეთ. ამის შემდეგ ტიხრული მინანქარისა და კერამიკის საამქრო დავამატეთ. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოს არსებობა და მისი განვითარება. ბაზარზე ადგილის დამკვიდრება მარტივი არაა. ჩვენ ეს ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით რეგიონში არსებობის გამო. არ ვნებდებით, სულ ვმუშაობთ, სულ ვვითარდებით, მაგრამ ეს პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. სოციალური საწარმო ძირითადად ბიზნესებსა და ტურისტებზეა გათვლილი. მუდმივად გვაქვს მცდელობები, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დავაინტერესოთ ორგანიზაციები. ეს არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავზარდოთ სამოქალაქო ჩართულობა ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეებს შორის მყარი კონტაქტი და თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს", — ამბობენ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში.

ცენტრს მრავალი წარმატების ისტორია აქვს. სოციალური საწარმოს ერთ-ერთი ბენეფიციარი კულას ქარხანაში დასაქმდა. ცენტრის წარმომადგენლებისათვის მსგავსი წარმატებული ისტორიები ძალიან საამაყო და მამოტივირებელია.

ცენტრი მხოლოდ ბენეფიციარების დასაქმებასა და განათლებაზე კი არ ზრუნავს, არამედ მათი პირადი ურთიერთობების განვითარებაზეც, კომუნიკაციის ზრდაზე, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.

ტიხრული მინანქრის შესწავლის სპეციალისტი, ზვიად ზვიადაძე ამ ხელობას, თავის ცოდნასა და გამოცდილებას სოციალური საწარმოს ბენეფიციარებს უზიარებს, რათა მომავალში მათ დასაქმება შეძლონ. ზვიადი პარალელურად გორის მუნიციპალიტეტის სოციალური განყოფილების თანამშრომელია.

ორგანიზაციამ 2016 წელს, ASB-ს ხელშეწყობით, დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფიზიოთერაპევტების, სოცმუშაკების, ფსიქოლოგებისა და ნევროპათოლოგებისაგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდი შეიქმნა. გუნდი კარდაკარ დადიოდა გორის რაიონის 10 მაღალმთიან სოფელში და ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობდა. მათ თავდაპირველად ბენეფიციართა საჭიროებები შეისწავლეს. მოკვლევის შემდეგ კი, შეიმუშავეს გეგმა და 10 სოფელში კვირაში ორჯერ ჩადიოდნენ ბენეფიციარების დასახმარებლად.

"იყო შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარი მარტოხელა მწოლიარე ადამიანი გახლდათ და მას ესაჭიროებოდა ნაწოლების დამუშავება, რაც ამ ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებთან მიგვქონდა საკვები, პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები. თავდაპირველად, პროექტი 20 ბენეფიციარის მოცვას ისახავდა მიზნად, თუმცა საბოლოოდ მოვიცავით 30-ზე მეტი. პროექტის დახმარებით რამდენიმე ახალგაზრდას ჩვენს დღის ცენტრში დავაწყებინეთ სიარული და სოციალურ საწარმოში დავაწყებინეთ მუშაობა. პროექტი ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული გამოცდილება გახლდათ", — ამბობენ ცენტრში.

"დღის ცენტრში 25 ბავშვს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ფასდაუდებელია მუნიციპალიტეტის მუდმივი მხარდაჭერა. ისინი შექმნის დღიდან ჩვენს გვერდით არიან. ეს კარგი თანამშრომლობის კარგი მაგალითია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევისა და ჩართულობის შედეგად მოვიპოვეთ. ამას დაემატა ნდობა, რაც მრავალწლიანი გამოცდილებისა და შრომის შედეგად დავიმსახურეთ. ცენტრის აქტივობები ყოველთვის არის ცალსახა, ნათელი, საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტისათვის გამჭვირვალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამდე და სამთავრობო სექტორამდე მივიტანოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. სამოქალაქო აქტივიზმი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმისათვის, რომ შშმ პირმა იგრძნოს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად, არამედ ნებისმიერმა ჩვენგანმა. სამოქალაქო აქტივიზმი უმნიშვნელოვანესია, ის არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არასდროს არ უნდა გაჩერდეს. ის სულ უნდა ვითარდებოდეს, ხორციელდებოდეს და მუდმივად უნდა იყოს მხარდაჭერილი. რაც უფრო მეტი ადამიანი, ორგანიზაცია და მეტი საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს სამოქალაქო აქტივობის გაზრდაზე, მით უფრო დადებითად იმოქმედებს ეს ყველაფერი საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობაზე", — აღნიშნავენ ცენტრში.

კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის იდეა 1995 წელს გაჩნდა, როდესაც ორგანიზაციის დამფუძნებელი თინა ბრეგვაძე რეაბილიტაციის მიზნით ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. კარდაკარ სიარულის, მოტივაციის, უსაზღვრო ძალისხმევისა და სამოქალაქო ჩართულობის შედეგად, 6 წლის შემდეგ ქალაქ გორში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი დაარსდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში სულ რამდენიმე ასეთი ცენტრი იყო.

ორგანიზაციის დამფუძნებელთა უმრავლესობა შშმ პირია. რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევამ შეუწყო ხელი. მათი მიზანი შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაცია, მათი უფლებების დაცვა და დასაქმებაა.

პირველი აქტივობა სპორტული მარათონი გახლდათ, რომლის ფარგლებშიც ეტლით მოსარგებლე პირები ქალაქში ერთიანი ძალით გამოვიდნენ და მსვლელობა მოაწყვეს.

ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტი გახდა, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და დაასაქმა 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მუნიციპალიტეტის შენობასთან მოეწყო პანდუსი, წლების წინ დასაქმებული ადამიანები კვლავ იქ მუშაობენ და მათი რაოდენობაც მუდმივად იზრდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ
ადგენს პირის ვინაობას,
პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ ადგენს პირის ვინაობას,
20:50 / 29.11.2022
,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?
,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?" - გვითხრა ვალია თურმანოვმა,
19:35 / 29.11.2022
სასწავლო ტურის ფარგლებში პარტნიორი სასწავლებლების წარმომადგენლებმა
მოინახულეს:
სასწავლო ტურის ფარგლებში პარტნიორი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მოინახულეს:
15:27 / 29.11.2022
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?" - გვითხრა ვალია თურმანოვმა,
დასახლება, რომელიც 20-მდე სახლს თუ ითვლის, ერთ პატარა ფერდობზეა
ჩვენი მასპინძელი მერი თურმანოვია. ის სოფელში ერთი წლის წინ დაბრუნდა.
ზემფირა და ზინა დები არიან, იზო კი, - მათი დეიდაშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.