რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ერთიანობა მრავალფეროვნებაშია – საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს
წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება.

შეხვედრის ადგილი კვლავაც უცვლელია – თბილისი, „ექსპო ჯორჯია“, სადაც სტუმრებს წელსაც ექნებათ საშუალება, ევროპის ქვეყნებში ვირტუალურად იმოგზაურონ და უკეთ გაიგონ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ათწლეულებია ახორციელებს.

ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი თბილისში შაბათს, 11 მაისს გაიმართება. ამ დღეს, „ექსპო ჯორჯიას“ ხუთ პავილიონსა და ეზოში, ექვსი განსხვავებული სივრცე მოეწყობა. აქ მოსული ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ადამიანი აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესოს და აღმოაჩენს რაღაც ახალს ევროკავშირის შესახებ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროპის დღე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზეიმი: „ეს არის იმ ევროპული პროექტის უზარმაზარი წარმატების დადასტურება, რომელიც 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაიწყო და რომელმაც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ჩვენს საერთო წარსულ ვიხსენებთ და მოუთმენლად ველით იმ მომავალს, რომელიც გვინდა, რომ ერთად ავაშენოთ. წელს თბილისში გამართული დღესასწაული ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსთვის – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის – ევროკავშირში გაწევრიანების კარი, როგორც იქნა, ფართოდ გაიღო. ახლა კი ქართველები, საჭირო რეფორმების სწრაფად გატარებით, ამ კარში უნდა შევიდნენ“.

რაც შეეხება ღონისძიების დეტალებს – აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე „ევროპის გუნდის“ პავილიონი იქნება, სადაც მე-4 და მე-5 პავილიონებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები მოსულ სტუმრებს საკუთარი ქვეყნების კულტურას და ისტორიას გააცნობენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებს წარადგენენ, პრიზებს გასცემენ და კულტურულ წარმოდგენებსა და შემეცნებით საუბრებს მოაწყობენ.

წელსაც მასშტაბური იქნება მე-11 პავილიონი – ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ საქმიანობაზე მოუთხრობენ. აქ სტუმრებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტენდი დახვდებათ, უამრავი სახალისო თამაშით, აქტივობითა თუ ინფორმაციით. პროექტების წარმომადგენლებისგან შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, გარემოსდაცვა, კულტურა, ახალგაზრდები, ციფრული ტრანსფორმაცია, დემოკრატია და სხვა.

ეზოს სივრცეს კვლავაც აგრომარკეტი „უნიკალური ქართული გემო“ დაიკავებს – აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფერმერების მიერ წარმოებული კერძებისა და პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. მეორე მხრივ კი, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ნახონ, როგორ ავითარებენ წარმოებას ფერმერები საქართველოში და რა წვლილი მიუძღვის ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას.

ევროპის დღე არც მცირეწლოვან სტუმრებს დატოვებს იმედგაცრუებულს – გარდა არაერთი საინტერესო აქტივობისა, აქ თოჯინების სახალისო წარმოდგენაც დახვდებათ, სახელწოდებით „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“. სპეციალურად გაშლილ კარავში გამართული სპექტაკლი გულგრილს არც უფროსი ასაკის მაყურებელს დატოვებს.

წლევანდელ ღონისძიებას თან ახლავს სიახლეებიც – წელს პირველად, მე-3 პავილიონს ის მეწარმეები დაიკავებენ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს, საკუთარი ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს ან უკვე არსებული გააფართოვეს და ახლა ეკონომიკურ გაძლიერებაში სხვებსაც ეხმარებიან. ამ სივრცეში სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა იქნება შესაძლებელი.

გამორჩეული იქნება მე-6 პავილიონიც, სადაც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ევროკავშირის ღირებულებების, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად პანელის სტილის საუბრები გაიმართება, რომლის წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. საუბრების მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო ღრმად გააზრებას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში საზოგადოების ჩართულობას.

ევროპის დღის შესახებ:

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. მას შემდეგ, ევროკავშირი ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ:

ოცდაათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტული ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს წარმოდგენილი 9-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული იქნება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამჟამად, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, ყოველწლიურად, დაახლოებით, 85 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოიყოფა. 2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) – შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შემოღება მოჰყვა. ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.

ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ სუფთა გარემოს მისაღწევად და მდგრადი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება. 2017 წლის 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო
პრეცედენტია, რომელიც ახალისებს
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს
22:14 / 06.05.2024
ბეღელურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის ასაკში
გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
ბეღელურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის ასაკში გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
21:14 / 06.05.2024
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლის
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
20:51 / 06.05.2024
დაიღუპა 31 წლის ქალი. მისი მცირეწლოვანი შვილი კი გორის ჰოსპიტალში
გადაიყვანეს.
დაიღუპა 31 წლის ქალი. მისი მცირეწლოვანი შვილი კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
20:13 / 06.05.2024
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.