გუშინ, 29 აგვისტოს, მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს, შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა. ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა. მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ეჯოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.
შოთიკო და გოდე ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან და ერთად მკურნალობენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
რა მოხდა იმ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „ქართლის ამბებს“ დეტალურად ბავშვების ახლობელი, მანო გიგოლაშვილი უყვება. ბავშვები მისი ძმის, გიგო გიგოლაშვილის ფერმაში იმყოფებოდნენ.
როგორც მანო გიგოლაშვილი ამბობს, შოთიკო მექვაბიშვილი და გოდერძი ელოშვილი იმ დღეს გიგო გიგოლაშვილს საქონლის ჩამოყვანაში ეხმარებოდნენ. ბავშვებს იქ ყოფნა განსაკუთრებით უხაროდათ, საქონლის მოვლასთან ერთად ცხენითაც ერთობოდნენ და დროს ხალისიანად ატარებდნენ.
,,წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო.
„ცა ძალიან განათდაო. გოდე იხსენებს, რომ თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო. დაუნახავს, რომ შოთიკო გულწასული იყო, მაისური მაღლა ჰქონდა აწეული. გოდე ყვიროდა - შოთიკო, შოთიკო! შემდეგ ყვირილით სოფლისკენ გაიქცა, რათა ვინმე ეპოვა დასახმარებლად.
,,გოდეს გზაში თანასოფლელი გიორგი ჭაღინაშვილი შეხვდა მანქანით. ამასობაში გიგოც გამოჩნდა, დაუნახავს უგონოდ მყოფი შოთიკო, ხელშიაყვანილი მოჰყავდა. სხეული ცივი ჰქონდაო ბავშვს. გულწასული შოთიკო ბიჭებმა მანქანით მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იყოჩაღეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს.'' - უყვება ,,ქართლის ამბებს'' მანო გიგოლაშვილი.
ელვისგან დაშავებული ბავშვი თავდაპირველად გორის ,,გორმედში'' მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მანო გიგოლაშვილი ამბობს, რომ იმ მძიმე წუთებში ოჯახმა განსაკუთრებით იგრძნო ღვთის წყალობა.
„მართლა სასწაულმა გადაგვირჩინა ბავშვები. უფლის გვერდში დგომა ვიგრძენით.'' - ამბობს მანო და მიმართავს მოზარდების მშობლებს, რომ უნდა იამაყონ ვაჟკაცი შვილებით.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები