გორის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თეა თედელური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის წარმომადგენლის, ანი ბალიაშვილის, წინააღმდეგ სასამართლოში დავობს და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარს ითხოვს.
საქმე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში გამართულ ბრიფინგს უკავშირდება.
ბრიფინგზე ანი ბალიაშვილმა განაცხადა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თანამშრომლებს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზეწოლისკენ მოუწოდებდა და მათ ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას ავალდებულებდა.
ბალიაშვილის თქმით, მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ. ბრიფინგზე მან ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევაც გააჟღერა, რომელიც, მისი განცხადებით, სოფელ ატენში მოხდა.
დღეს ირკვევა, რომ ბრიფინგი გააპროტესტა მომსახურების სააგენტომ. სარჩელის მიხედვით, თეა თედელური მიიჩნევს, რომ ბალიაშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულმა განცხადებებმა მას მორალური ზიანი მიაყენა და სწორედ ამის ანაზღაურებას ითხოვს.
ბალიაშვილი აცხადებს, რომ ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას კონკრეტული წყაროები აწვდიდნენ. მისი თქმით, წყაროების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მათი ვინაობის გასაჯაროებას არ აპირებს.
„ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონკრეტული მაგალითები, თუმცა ისე არაფერს ვუფრთხილდებით, როგორც ჩვენს წყაროებს“, - აცხადებს ბალიაშვილი.
სასამართლო სხდომა გადაიდო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელი დააზუსტა. საქმის განხილვა გაგრძელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები