17 სექტემბერს კასპის ცემენტის ქარხანას გაფართოების ნებართვა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს. შესაბამისი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.
სააგენტოს წერილში აღნიშნულია, რომ ფილტრებთან და გაფრქვევის წყაროების რაოდენობასთან დაკავშირებით ქარხანამ არაზუსტი ინფორმაცია წარადგინა, რის გასასწორებლადაც 2-თვიანი ვადა მისცეს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების თანახმად, საწარმო ამტკიცებს, რომ გაფრქვევის ყველა წყაროზე ფილტრები აყენია. თუმცა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ ეს არასწორი მონაცემებია.
„საწარმოს ტერიტორიაზე გაფრქვევის წყაროების რაოდენობა 69-ს აღემატება, რის გამოც ჩანაწერი ყველა წყაროს ფილტრით აღჭურვის შესახებ დაზუსტებას საჭიროებს", - წერია დოკუმენტში.
კასპის ცემენტის ქარხანამ 2023 წლიდან საწარმოს გაფართოება დაიწყო. დაამონტაჟა ახალი მბრუნავი ღუმელი და გაზარდა წარმოება. კვირაში რამდენჯერმე კასპელები ფოტოებით აფიქსირებენ, რომ მტვრის ნაწილაკები ჰაერში იფრქვევა.
ახალი მბრუნავი ღუმელით ქარხანამ წლიური წარმადობა 378 ათასი ტონით გაზარდა. რაც შეეხება გაფრქვევებს, ქარხანამ ეს იმით ახსნა, რომ ღუმელის გაჩერებისა და ამუშავების დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც არ უნდა ჩაითვალოს დარღვევად.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი გადაწყვეტილების მიღება 2 თვის შემდეგ, 17 ნოემბერს მოუწევს. მაშინ გახდება ცნობილი, რეალურად რამდენი გაფრქვევის წყარო აქვს კასპის ცემენტს.
ცნობისთვის, ქარხნის უახლოესი საცხოვრებელი სახლი საწარმოს საკადასტრო საზღვრიდან 8 მეტრში მდებარეობს, ხოლო მდინარე ლეხურა - 145 მეტრში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები