რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თვითნასწავლი მხატვარი ნიკა სარაული მეჯვრისხევიდან (ფოტო/ვიდეო)


პანდემიაში, შეზღუდვების დროს, ფანქრებიც კი არ ჰქონდა, რომ საყვარელი საქმე ეკეთებინა. სახატავ მასალას ვერ შოულობდა, გორიდანაც ვერავის მიჰქონდა, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობდა. 16 წლის ნიკა სარაულს ძალიან უნდოდა, ეს თავისუფალი დრო ხატვისათვისაც დაეთმო.


,,სკოლა რომ დაიკეტა, ძალიან ძნელი იყო სახლში გამოკეტვა. ვერც სკოლაში მიდიხარ, მეგობრებთანაც ვერ გადიხარ. მიწევდა სახლში ყოფნა და საშინაო საქმეების კეთება. კომპიუტერი მომცეს სკოლაში, ამიტომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება არ მიჭირდა, არც ჩემს თანატოლებს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სიხარული იყო სკოლის გახსნა’’ - გვიყვება ნიკა.

ნიკა სარაული მეჯვრისხევის სკოლაში სწავლობს, თვითნასწავლი მხატვარი ამჟამად, მე-11 კლასელია. სკოლა 2021 წლის 1 მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დასრულების შემდეგ გაიხსნა.

ახლა ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო. როდესაც მასზე რეპორტაჟის გასაკეთებლად მივედით, ნიკამ პირველი ეს გვკითხა, - „რას იზამს მთავრობა, ჩაგვკეტავს ისევ სახლში?“

სახლში ყოფნისას ნიკას უამრავი საქმე აქვს, პირველ რიგში, გაკვეთილები უნდა მოამზადოს. მან საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრა და უკვე ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.



ფოტოზე: ნიკა სარაულის სახლი სოფელ მეჯვრისხევში

სწავლის გარდა, ნაკვეთში მუშაობს, შინაურ ცხოველებს და ფრინველებს უვლის. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება, თუკი რჩება, მას ხატვისთვის იყენებს.

,,ზოგადად, ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ გარკვეული პერიოდი გაჩერებული ვიყავი. 3 წლის წინ სკოლაში რაღაც დავხატე და ძალიან მომეწონა. სკოლიდან რომ დავბრუნდი, კომპიუტერიდან გადმოვწერე ფოტო და ის დავხატე. მას შემდეგ ძირითადად პორტრეტებს ვხატავ.’’ - ამბობს ნიკა.

პორტრეტების ხატვისას მნიშნელოვან ყურადღებას ადამიანის ემოციებს აქცევს.

,,ადამიანის ხატვა ძალიან მიყვარს, - ადამიანის სახის. ძალიან საინტერესოა. ძირითადად, მიყვარს თვალების ხატვა. იქნება ეს ცხვირი, ტუჩები თუ თმა. ჩემთვის ეს არის ერთგვარი გამოწვევა. ეს სიამოვნებას მანიჭებს’’ - გვიყვება ნიკა.

ხატვა მისთვის არავის უსწავლებია. ძირითადად გრაფიკა უყვარს, თუმცა ბოლო პერიოდში, ხატვა ფერადი ფანქრებითა და საღებავებითაც დაიწყო.

,,გააჩნია ინტერესს. შეიძლება სევდიანი ადამიანის დახატვა მოგინდეს, რადგან მის თვალებში რაღაცის სევდა იკითხება. შეიძლება მოგინდეს მხიარული ადამიანის დახატვა, რაღაც მხიარულება რომ გამოსახო, ან ჩაფიქრებული იყოს ან ჩაფიქრებულის გამოსახვა მოგინდეს. ძირითადად მაინც ემოციებია ჩემთვის მთავარი და ემოციების დაჭერა მიყვარს ხატვის დროს. ზუსტად, ეს არის საინტერესო პორტრეტის ხატვაში’’, - გვიხსნის თვითნასწავლი მხატვარი.



ფოტოზე: ნიკა სარაულის ნახატები

პანდემიაში, შეზღუდვების დროს, ბევრი ადამიანისთვის სწორედ ხატვა იქცა თერაპიად. რა გავლენა იქონია მხატვრებზე და მათ ნამუშევრებზე კარანტინმა? ამის თაობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს, ზაფხულში, ამერიკულმა გამოცემამ, ვაშინგტონ პოსტმა კვლევა ჩაატარა. რედაქციამ ხელოვანებს პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრის წარდგენა სთხოვა.

,,ვაშინგტონ პოსტმა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 650-მდე ნამუშევარი მიიღო. ზოგიერთი მხატვარი ასახავდა იზოლაციასა და მარტოობას, ზოგი პანდემიამდელ და უკვე სანატრელ სოციალურ სცენებს ხატავდა. ზოგი სიცოცხლეს გამოხატავდა ფერადად, ზოგი კი - ბნელ ფერებში.

ჩვენს გმირს პანდემიის პერიოდში, ძირითადად, სახლში უწევს ყოფნა. უვლის მტრედებს, გაზაფხულის დადგომისთანავე ბუნებაზე დაკვირვებისთვის უფრო მეტი დრო რჩება. ამაში ბიოლოგიის სიყვარული ეხმარება.

,,ძალიან მიყვარს ბიოლოგია. ეს ისეთი საგანია, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელია. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ბუნებისგან. ფუტკარსაც ვუვლი, მტრედებსაც. ბევრ დროს ვუთმობ ნაკვეთის საქმეებს.’’- ამბობს ნიკა.

მეჯვრისხევი, სადაც ნიკა ცხოვრობს, ერთ-ერთი დიდი სოფელია გორის მუნიციპალიტეტში. აქ ორი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ნიკა იხსენებს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების პრობლემა არ ჰქონდა, რადგან პროვაიდერი კომპანიები სოფელს მაღალი ხარისხის ინტერნეტს აწვდიან.



ფოტოზე: ნიკა სარაულის მტრედების პატარა ფერმა

,,მიუხედავად ამისა, რომ ინტერნეტის პრობლემა არ მაქვს, ონლაინ გაკვეთილები ძალიან მოსაწყენია. მე მაინც მირჩევნია, რომ ამ დროს ძირითადი დრო დავუთმო მცენარეებს, ფრინველებს, ცხოველებს, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან’’ - ამბობს ნიკა.

ნიკას მომავლის მიზნებიც აქვს. მას სურს, რომ კონსტრუქტორ-ინჟინერი გამოვიდეს:

,,არა, ბიოლოგიურზე ნამდვილად არ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. მიყვარს ფიზიკაც და ქიმიაც, ასევე, მათემატიკაც. მე ვაპირებ საინჟინრო მიმართულებით სწავლის გაგრძელებას. ეს მაინტერესებს ძალიან და სწორედ ამ კუთხით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.“ - გვითხრა ნიკამ.

ნიკას ერთ-ერთი ბოლო და საყვარელი ნახატი დათა პაპას პორტრეტია. დათა ვანიშვილი, რომელმაც მავთულხლართების ტყვეობაში 12 წელი გაატარა, რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.

,,დათა პაპას თვალებში იკითხება სევდა, რადგან ის უბრალოდ გამოკეტილია ერთ ადგილზე და საქართველოს ბოლომდე ვერ სწვდება. მაგრამ იმედს მაინც იტოვებს, იმედი იკითხება მის თვალებში.’’ - გვიხსნის ნიკა ნახატის ჩვენებისას.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.