რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პანდემია გამყოფ ხაზთან - ავთანდილ ასანიძე ჭვრინისიდან
ეზო ყვავილებითაა მორთული. სახელდახელოდ გამზადებული ქოთნები გვირილებითაა სავსე. გარშემო უსარგებლო ნივთს ვერ ნახავთ. გვირილებია ჩარგული პლასტმასის ბოთლებშიც. ავთანდილ ასანიძის სკიდან გამოსულ მშრომელ ფუტკარს შორს წასვლა აღარ უწევს.

ვაზის დაბალ ხეივანზე წვრილი ძაფებით დაკიდული კომპიუტერის დისკებია. სხივებს განსაკუთრებით მზის ამოსვლისა და ჩასვლისას ირეკლავს.

,,12 შვილიშვილი მყავს. როცა დაცხება, აქ არიან ხოლმე" - ამბობს 85 წლის ავთანდილ ასანიძე. წელიწადზე მეტია სოფელში მისი შვილიშვილები უფრო დიდხანს დარჩნენ, რადგან პანდემიის პერიოდში, სოფელში მოუწიათ ყოფნა.

ეს არის სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. სახლები ფაქტობრივად მავთულხლართების გასწვრივ მდებარეობს. საპოლიციო საგუშაგო კი, სოფლის შესასვლელშია განთავსებული. ამის გამო, ჭვრინისში შესულ ჟურნალისტებს  პოლიცია ყოველთვის ახლავს თან.

„უცნაური კაცია მამაჩემი, წესით ჩვენ ლტოლვილები ვართ, მაგრამ ამას ვერ უხსენებ. იქიდან იძულებით რომ წამოვედით, დევნილის საბუთი არ გააკეთა, ასე თქვა „ქვეყანას უჭირს და კიდე მე დავაწვე ზურგზე სარჩენადო?“,- გვითხრა ავთანდილ ასანიძის ქალიშვილმა, როდესაც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ავედით.



85 წლის ავთანდილ ასანიძე ქარელის რაიონში სოფელ ჭვრინისში ცხოვრობს. 90-იანი წლების არეულობამ იძულებული გახადა ცხინვალი დაეტოვებინა და საცხოვრებლად ჭვრინისში გადმოსულიყო. 2008 წლის ომის შემდეგ კი ოკუპანტების ტყვეობაში 4-ჯერ იმყოფებოდა.

„ზნაურში ყველაზე გვიან დაიწყო არეულობა. ცხინვალში უკვე დაწყებული იყო კონფლიქტები, ხალხი ერთმანეთს ჭამდა. ზნაურზე ამბობდნენ, რომ ერთი ზნაური გადარჩა ამ არეულობებისგანო, მაგრამ სამწუხაროდ იქაც უცებ აირია ყველაფერი და იძულებული გავხდი, რომ წამოვსულიყავი. არ მეგონა თუ ასეთი რამე მოხდებოდა. წამოვედი და აქ მოვედი, სხვაგან სად წავიდოდი. სახლში ვერ დავბრუნდი, რადგან აღარ შერიგდნენ. იქით მყავს ნათესავები, მეზობლები. ურთიერთობა აღარ გვაქვს, ჩვენ ვერ მივდივართ და ისინი ვერ მოდიან. თუ ტელეფონით დარეკავენ, ვლაპარაკობთ. ისე ახლა მირეკავენ ხოლმე ზნაურიდან, ნაბაკევიდან. აი ვინც ქართველობა იყო ისინი. ზნაურში 32 წელი ვიმუშავე, ვვაჭრობდი და ქარხანაშიც ვიყავი, ახალციხეშიც ვმუშაობდი, ბრეთის საბჭოთა მეურნეობაშიც. შემდეგ ქვეყანაც დაიშალა და აქეთ წამოვედი. ამჟამად ჭვრინისში ვცხოვრობ, ცოტაოდენი სოფლის ნაკვეთები მაქვს, ვენახს ვუვლი და ძროხა მყავს, გამაქვს თავი“,-გვიყვება ავთანდილ ასანიძე

მოხუცი იხსენებს 2008 წლის ომს, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა სოფლებთან შედარებით მათი სოფელი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა.



„ პატარა ბიჭები დადიოდნენ აქედან ბალთა, ქალეთი, იქ მეტეხი, იქ ბატკინეთი, მაგრამ იმათმა იცოდნენ უკვე ვისთან უნდა მისულიყვნენ. ჩვენ არ გვეხებოდნენ. როდესაც ჩამოიარეს, მოსახლეობა სოფლის შემოსახვევში დავხვდით. ერთი მათგანი ვიცანი, ჩემი მეგობრის შვილი იყო. თავადვე დამიძახა „მიცანი?“ მე ვუთხარი, როგორ ვერ გიცანი, ჩემი მეგობრის შვილი ხარ-მეთქი. ასე გვითხრეს, რომ თქვენ არ შეგეხებით, რადგან არაფერი დაგიშავებიათო. ჩვენ არც საქურდად გავდიოდით გარეთ და არც ზედმეტად ვეხებოდით ოსებს, ამით გადავრჩით. პატიოსან ადამიანზე მაგარი არავინ არ არის. ასე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა ომმა. გამოიარეს რუსებმა და წავიდნენ“ - ამბობს ავთანდილ ასანიძე და აღნიშნავს, რომ მეზობელ სოფელ ატოცსა და კოდაში ადგილობრივებს სახლებიც დაუწვეს.

„სანამ ერთმანეთში კარგად ვიყავით, იქითა მხარეს საქონელი დაგვყავდა. ახლა ვერ გადაიყვან, წაგართმევენ. ჩვენი მიწებია, მაგრამ თუ ხელში ჩაუვარდი, ამას ვერ იტყვი. პირველად მაგას გეკითხებიან „ვისი ტერიტორიაა?“ უნდა უთხრა თქვენია, ვერ შეედავები. ეწყინებათ და არ გამოგიშვებენ. თან ფული უნდა გადაუხადო, რომ გამოგიშვან. მეც ხომ დამიჭირეს. საქონელს გადავყევი და ამიყვანეს. ახლა ტრაფარეტამდე რომ მივიდეთ, გვაქვს უფლება, ხმას არ გვცემენ, მაგრამ იმის იქით უკვე არა. ოთხჯერ დამიჭირეს. სხვა გზა რომ აღარ დაგვრჩა, ახლა აქეთა საძოვრებს ვკმარობთ, მაგრამ მანამდე არ ვკმარობდით. იქით იყო ბალახი და დაგვყავდა ძროხები. ახლა ნახირი ხან მშიერი მოდის, ხან მაძღარი.

ტყვეობიდან თავი ფულით დავიხსენი. იქ გამომძიებლები არიან, რომლებიც დაგკითხავენ. მერე ეტყვი, რომ ფული გაქვს და დროზე გაგიშვან. ერთხელ მეგობრის გასვენებაში მივდიოდი და მაშინ დამიჭირეს. ეგეც ვუთხარი, სადაც მივდიოდი. ტყუილს ვერ ეტყვი, მართალი უნდა უთხრა.ერთ-ერთი დაკავების დროს ჯავაშიც კი ამიყვანეს მოსამართლესთან“, - იხსენებს ავთანდილ ასანიძე.



ავთანდილს ყველაზე მეტად წნელისში დარჩენილი დები ენატრება. ამბობს, რომ 8 დის ძმა იყო და ახლა მხოლოდ 4 და დარჩა, მათთანაც მხოლოდ ტელეფონით ახერხებს საუბარს.

,,ჩემი დები იქით ცხოვრობენ. დედაჩემს 11 შვილი ყავდა. რაც ოს-ქართველობაში კონფლიქტი მოხდა, არ მინახავს. ისინი აქეთ ვერ მოდიან, ჩვენ - იქით. ტელეფონით ვსაუბრობთ მხოლოდ. მათი სოფელი აქდან მხოლოდ 5 კილომეტრი იქნება, მაგრამ ვერ ვნახულობ. ჩვენ შორის ძალიან გრძელი და სქელი ღობეა გავლებული“

აღნიშნავს, რომ ორჯერ გადატანილი ომისა და უკანონო ტყვეობის მიუხედავად, დღემდე შრომობს და ამაყობს, რომ ასაკის მიუხედავად ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევს.



„ყოველდღე ვშრომობ არ ვჩერდები. ერთი ხბო მყავს. დილით ნახირში ვუშვებ ხოლმე. წიწილებიც მყავს. ჯერ იმათ შევიყვან, საჭმელს დავუყრი, წყალს დავუსხავ. შემდეგ ვენახში წავალ, ბაღში წავალ, რასაც უჭირს, პირველი იქ მივდივარ. 25 დღეში ერთხელ საქონლის მწყემსვა მეც მიხდება. მიწასაც მე ვამუშავებ. თოხი მაქვს, ბარი მაქვს და ხელები. ძირითადად ხახვი და კარტოფილი მომყავს ჩემი შვილიშვილების სამყოფი. ყურძენი მაქვს და ღვინოსაც ვაყენებ. ორი შილი მყავს ქალ-ვაჟი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. სოფელში მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ზაფხულობით შვილები და შვილიშვილები მაკითხავენ. ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს, მარტო რატომ ვარ? აბა ჩემს გულში ჩაიხედეთ, რამდენი ბარტყი მიზისო. მეც ასე ვარ. ჯერჯერობით სიკვდილი არ მაკითხავს, მაგრამ თუ ძალიან ჩამაცივდა, წავალ მერე“, - ამბობს ავთანდილ ასანიძე, თან ხუმრობს, რომ მარტოობის დაძლევაში მეზობლები და ოჯახის ანგელოზები ეხმარებიან.

„პანდემიას ჩვენი ეშინია აქ, ასე ადვილად არ მოდის. ჩვენთან თითქმის არავის შეხვედრია. ერთ ცოლ-ქმარზე ამბობდნენ, ავად არიანო. ახლა კი კარგად არიან, გამოჯანმრთელდნენ. ჩაკეტილები როცა ვიყავით, ჭვრინისელ ბიჭს დავყავდით მარშუტკით გორში საყიდლებზე. მაინც არ გაგვიჭირდა. სხვათა შორის ჩემი დებიც გადაურჩნენ კორონავირუსს. ისე კი ყავთ ექიმები ზნაურში და თუ რამე დასჭირდებათ, აკითხავენ. ჩვენც გვაქვს ჭვრინისში სამედიცინო პუნქტი და მოდის ხოლმე ექიმი. თითქოს აცრაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ჩემთან არავინ მოსულა, რომ ავცრილიყავი. ომისა არ იყოს, მინდა რომ მალე დამთავრდეს პანდემია, დაისვენოს ქვეყანამ“,-აღნიშნავს ავთანდილ ასანიძე.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.