რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ოთხშვილიანი ოჯახი ,,სასაზღვრო ზონაში'' - ზემო არცევი
ცეზარ ბურაევისა და ზალინა კაბულოვას ოჯახი სოფელ ზემო არცევის გარეუბანში ცხოვრობს. ეს სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს ცხინვალის რაიონში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით, ოჯახი ,,სასაზღვრო ზონაშია'' მოქცეული.

ბანერი სახლთან ძალიან ახლოს დგას. როგორც ზალინამ ცხინვალელ ჟურნალისტებს აუხსნა, ბანერსა და სახლს შორის ელექტროგადამცემი ხაზის სამი ბოძი დგას.

ოჯახი მრავალი წელია ოცნებობს, რომ სახლი ჰქონდეთ ცხინვალში ან ცხინვალის გარეუბანში, მთელი ოჯახის ბიუჯეტი შედგება 4,5 ათასი რუბლისაგან, პენსიის სახით და ბავშვებისთვის გამოყოფილი ათასი რუბლისაგან.

ჯამში ოჯახის შემოსავალი 5 500 რუბლია, რაც ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით 161.7 ლარს შეადგენს.

ზემო არცევი ემიჯნება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს.



ვაჟებიდან უფროსი ილია 12 წლისაა, ვლადიმერი და დავითი ათი და შვიდი წლისაა. მათი ერთადერთი და - ვიქტორია უფრო პატარა.

უმცროსი ვაჟები წარმატებით სწავლობენ, უყვართ ხატვა, ილია და ვლადიმერი მიდრეკილნი არიან სპორტისკენ. ისინი ცხინვალში სკოლა-ინტერნატში სწავლობენ და სოფელში მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოჰყავს მამას.

"ინტერნატში თავს კარგად ვგრძნობთ, მეგობრები გვყავს, კარგად გვაჭმევენ. უბრალოდ საღამოს სახლში წასვლა მინდა", - ამბობს უფროსი ვაჟი ილია.

მხოლოდ მაშინ, როცა ბნელდება, ბიჭები, განსაკუთრებით უმცროსი, "სახელმწიფო სახლში" თავს მარტოდ გრძნობენ და სოფლის განაპირას ქოხში ყოფნაზე, მზრუნველი მშობლებისა და პატარა დის ვიკას გვერდით ყოფნაზე ოცნებობენ.

ქოხი მინდორში

სახლიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არც სახლია და არც მეზობლები.



"აქ არავინ ცხოვრობს, სოფელი არცევი (ზემო) ოთხი კილომეტრითაა დაშორებული, ღამით ტურების ყმუილი ისმის, სადაც არ უნდა გაიხედო, საზღვარია, საქონელსაც ხელით ვატარებთ, რომ უნებლიეთ არ გადავიდეს. გადაკვეთო საზღვარი - ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს, პირუტყვს ვერ აუხსნი სასაზღვრო ზონის მნიშვნელობას", - ამბობს ზალინა. .

სახლის მეპატრონის არყოფნის შემთხვევაში, ძაღლი და კატა ზალინასა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის ვიქტორიას მთავარი მცველები არიან.

"სახლი მიწაზეა, აქ ყველგან სინესტე იგრძნობა. თბილ ამინდშიც კი უნდა ავანთოთ ღუმელი. წითელი ჯვრის მისიით მოწოდებული შეშა არ არის საკმარისი ზამთრისთვის, ბავშვებისთვისაც კი არსად არის მოსასვენებელი ადგილი". - ამბობს ზალინა.

ოჯახი წლებია ცხინვალის ხელისუფლებას აწუხებს, თუმცა გამოსავალი ჯერ არ მოუძებნიათ.



"ჩვენ არ ვითხოვთ სახლს ცხინვალის ცენტრში, გვინდა ოროთახიანი ბინა ქალაქში ან პატარა სახლი გარეუბანში, რომ შვილები სკოლიდან სახლში წავიყვანოთ. სკოლა-ინტერნატი გვეხმარება. ბავშვები უკვე მიჩვეულები არიან და მათ სრული მხარდაჭერა აქვთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოჯახის დედამ.

"ორშაბათს ჩემ ქმარს ბავშვები ცხინვალში მიჰყავს სკოლაში, პარასკევს ან შაბათს მოჰყავს. ბავშვებს სახლი ენატრებათ ხოლმე, პატარა ვიქტორიას სათამაშოც კი არ აქვს. გვსურს, ბაღშიც ჩაირიცხოს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არის, ბავშვებს ცურვისა თუ ჭიდაობის განყოფილებაში გაწევრიანებას სთავაზობენ, მაგრამ ვინ ატარებს?", - განმარტავს ზალინა.

მხოლოდ სამი წლის ლამაზმანი ვიქტორიას არ აინტერესებს საშინაო პრობლემები; ის უდარდელად ეთამაშება თავის ბოლო შენაძენს - ნაცრისფერ კნუტს.

ყველაფერი არასწორად წავიდა

2019 წელს ცეზარი ავად გახდა, კუჭის ოპერაციამ და შემდგომმა ქიმიოთერაპიის კურსებმა არ დაუბრუნა წინანდელი მდგომარეობა.

"მაშინ ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც ცოცხალი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა, ოპერაციის ხარჯები დააფინანსა. ოპერაცია საქართველოში ჩატარდა. პანდემიის დროს კი დედაჩემი გარდაიცვალა, სრულიად უპატრონოდ დავრჩით", - იხსენებს ზალინა.

45 წლის ცეზარი ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსების შემდეგ ვეღარ მუშაობს. მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, სოფელში ჟურნალისტების სტუმრობის დღესაც გამოკვლევებზე წავიდა.

"რამდენიმე დღეში მას ტომოგრაფია დასჭირდება, შაქრის დონე 20-ს აღწევს. თიაქარი აწუხებს და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, რომ აღარაფერი ვთქვათ მუშაობაზე. სულ ცოტა ხნის წინ 3,5 ათას რუბლის წამალი ვიყიდე, ფული ვისესხე. ", - ამბობს ზალინა.

ოთხნახევარი ათასი რუბლის პენსია, ათასი რუბლის ოდენობით დახმარება ბავშვებისთვის, საკვების პაკეტები წითელი ჯვრის მისიიდან და პატარა ფერმა - ეს არის მთელი სიმდიდრე, რომლის წყალობითაც ოჯახი ძლივს ართმევს თავს.

ბურაევების ექვსკაციან ოჯახში მხოლოდ დედას შეუძლია მუშაობა.



ქვეშის სკოლა, რომელიც ზემო არცეველ ბავშვებს ელოდება

2008 წლის აგვისტოს ომამდე, სოფელ ზემო არცევიდან ქვეშის საჯარო სკოლაში 35 ბავშვი სწავლობდა. 2021 წელს კი ქვეშის სკოლა ორმა მოსწავლემ დაამთავრა, რომლებიც ბოლო დრომდე ზემო არცევიდან დადიოდნენ.

ომის შემდეგ, სოფელი დიდმა ნაწილმა დატოვა და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დანარჩენი მოსახლეობა, ძირითადად, ეთნიკური ოსები კი, სოფელში დარჩნენ.

,,ვინც ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა, მათ საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ტერიტორიაზე მიიღეს, ზოგმა გორში, ზოგმა სხვაგან და ამიტომ მოსწავლეებიც წაიყვანეს. ზემო არცევში კი ვინც დარჩა, მათმა შვილებმა სწავლა ჩვენთან გააგრძელეს. ამჟამად, ვერ გეტყვით, არიან თუ არა სხვა ბავშვები ზემო არცევში, ამ ორი მოსწავლის გარდა, სხვა ასეთი მომართვა არ ყოფილა" – გვითხრა ჯერ კიდევ 2020 წელს ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ბიბილურმა.



ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი, ლელა ბიბილური ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ეს ორი სოფელი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ 1990-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგაც არ შეწყვეტილა ურთიერთობა.

,,2008 წლის აგვისტოს ომამდე ზემო არცევიდან ბავშვები ჩვეულებრივად დადიოდნენ სკოლაში. ძალიან ახლოსაა ეს სოფელი და არც არასდროს ყოფილა პრობლემა, ომის შემდეგ, ნამდვილად შეიცვალა სიტუაცია. დღეს უკვე არც ერთი ბავშვი დადის ზემო არცევიდან ჩვენს სოფელში", - გვითხრა ლელა ბიბილურმა.

ჯერ კიდევ 2020 წელს, როდესაც ქვეშის ახალი სკოლის შენობა აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა საზეიმოდ გახსნა, ლელა ბიბილურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სკოლაში ოკუპირებული სოფლიდანაც დადიოდნენ ბავშვები, კერძოდ ორი მოსწავლე და მათ მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის.

ჩვენ ამჯერად დავუკავშირდით ლელა ბიბილურს, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვებმა სკოლა უკვე დაამთავრეს, ხოლო დღეს სიტუაცია იმდენად რთულია, რომ მას შემდეგზემო არცევიდან ქვეშის სკოლაში სასიარულოდ აღარავის გამოუჩენია სურვილი .

,,ამ ბავშვებმა უკვე დაამთავრეს სკოლა. მათ შემდეგ, ჩვენს სკოლაში სასწავლებლად აღარავის მოუმართავს"- ამბობს ლელა ბიბილური.



ზემო არცევსა და ქვეშს ერთმანეთს სარწყავი არხი ყოფს. ტირიფონის არხი ამ მონაკვეთზე ე.წ. სასაზღვრო ზოლს წარმოადგენს. გადასასვლელი ბოგირი, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი იყო სოფლებს შორის, აღებულია. ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ბავშვებს შეუძლიათ ქვეშის საჯარო სკოლაში სწავლა, თუმცა ამის საშუალებას რუსეთის სამხედროები არ აძლევენ. ქვეშის სკოლაში კი ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ზალინა კაბულოვას შვილებმაც ისწავლონ, თუმცა, როგორც თავად ცხინვალელი ჟურნალისტები წერენ, გამყოფ ხაზთან სიახლოვის გამო, მათ დაკავებით ემუქრებიან ე.წ. მესაზღვრეები.

როდესაც ქვეშში ახალი სკოლა აშენდა, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდა:

,,მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები, რათა მოსახლეობას მისცენ თავისუფლად გადაადგილების და ნორმალური ცხოვრების საშუალება." - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა სოფელ ქვეშში.

სკოლა აშშ-ს მთავრობის დახმარებით, გარემონტდა. სწორედ, სკოლიდან მოუწოდა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ იზრუნონ ადამიანთა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

,,შეერთებული შტატები შეშფოთებულია სიტუაციის გაურესებით გამყოფ ხაზთან, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ახალი მავთულხლართების გავლებას, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, რომელსაც დიდი ხანია თბილისი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს აუარესებს ჰუმანიტარულ სიტუაციას ორივე მხარეს გამყოფი ხაზისა და უქმნის მოსახლეობას სიძნელეებს ყველა მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ გახსნას ეს გამშვები პუნქტები, მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფალი გადაადგილებისა, მისცეს საშუალება ადამიანებს, ვისაც აქვთ სამედიცინო საჭიროებები, რომ მიიღონ სამედიცინო დახმარებები და ზოგადად ხელი არ შეუშალონ ადამიანთა ნორმალურ ცხოვრებას" - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ახალი სკოლის აშენების შემდეგ, ქვეშის სკოლას ასევე ესტუმრა ელჩი კელი დეგნანიც.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და
მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
17:09 / 07.05.2024
"შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
16:59 / 07.05.2024
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და
სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
14:44 / 07.05.2024
მათი ცნობით, მშობიარე ქალი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე,
მათი ცნობით, მშობიარე ქალი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
13:27 / 07.05.2024
ხალხური ტრადიციით, შვიდმაისის წვიმა ანაყოფიერებდა ყველაფერს, რასაც
შეეხებოდა.
ხალხური ტრადიციით, შვიდმაისის წვიმა ანაყოფიერებდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა.
12:16 / 07.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.