გორში 76 წლის გიული ალაძე აცხადებს, რომ საკუთარ სახლში, სადაც, მისი თქმით, ოჯახთან ერთად დაახლოებით 40 წელი ცხოვრობდა, დაბრუნების საშუალება არ მისცეს. ქალმა, ადვოკატთან ერთად, გორის პოლიციაში განცხადება შეიტანა და სამართალდამცველებს დახმარებას სთხოვს.
გიული ალაძე ონკოპაციენტია და ბოლო პერიოდში თურქეთში მკურნალობდა. როგორც მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მაგული გოგოლაძემ „ქართლის ამბებს“ განუცხადა, ქალი საქართველოში გუშინ დაბრუნდა, თუმცა სახლში შესვლისას შვილიშვილმა და რძალმა კარი არ გაუღეს.
„ონკოპაციენტია, თურქეთში იყო წასული სამკურნალოდ. გუშინ ჩამოვიდა და შვილიშვილმა და რძალმა არ შეუშვეს სახლში. შეგვაქვს განცხადება პოლიციაში, რომ დაიცვან ამ ქალბატონის უფლებები“, - აცხადებს ადვოკატი მაგული გოგოლაძე.
გიული ალაძის თქმით, საცხოვრებელი სახლი გორის გასასვლელში, სოფელ ორთაშენთან, ე.წ. რკინიგზის ბარაკებში მდებარეობს. მისი განმარტებით, სახლი ოჯახს დაახლოებით 40 წლის წინ რკინიგზამ გადასცა და მასში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
„ჩემი გოგოს შვილმა და რძალმა არ შემიშვეს სახლში. აქეთ მიჩივლეს და შემაკავებელ ორდერს ითხოვენ, არ მოგვეკაროსო“, - ამბობს გიული ალაძე.
მისივე თქმით, მისი ქალიშვილი დაოჯახების შემდეგ გორის კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა, თუმცა იპოთეკური ვალდებულებების გამო ბინის გაყიდვა მოუწიათ და ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იყიდეს სახლი.
„მე იქ ცხოვრება არ მინდა. მე ჩემ სახლში მინდა. 40 წლის წინ მოგვცა რკინიგზამ. მანდ ვცხოვრობდი ჩემ მეუღლესთან ერთად და შვილებთან ერთად. მანდ დავმარხე ჩემი მეუღლეც. ახლა დავდივარ დასაძინებლად ხან ჩემს დასთან, ხან სად, ხან - სად. რატომ უნდა ვიწანწალო აქეთ-იქით“, — აცხადებს ქალი.
ამ ეტაპზე გიული ალაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი პოლიციას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალის უფლებების დასაცავად შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები